“ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი ტატა მარტინო ფეხბურთის ევროპელი გულშემატკივრებისთვის არცთუ კარგადაა ნაცნობი. არგენტინელის მიღწევები 50 წლის სპეციალისტს დადებითად ახასიათებს, მაგრამ ტიტულების გარდა, ყურადღებას იქცევს მარტინოს დამოკიდებულება ფეხბურთისადმი.
გთავაზობთ ამონარიდებს ხერარდო მარტინოს პრესკონფერენციებიდან, რომლებიდანაც ირკვევა, რომ არგენტინელისთვის პრიორიტეტული შემტევი ფეხბურთია, ხოლო სპორტის ნომერ პირველ სახეობაში ის პირველ ადგილზე ფეხბურთელს აყენებს.
“საკუთარი თავის რწმენის მოსაპოვებლად გამარჯვება აუცილებელია, მაგრამ საჭიროა თანმიმდევრულობა. არ შეიძლება, ერთი თამაში ერთ სტილში ითამაშო და მე-2 – განსხვავებული სტილით.” – 2012 წლის 26 მაისი.
“ჩვენი მიზანია ბურთის ფლობა, შეტევა, ფეხბურთელთა მეტოქის ნახევარზე მობილიზება, რისკზე წასვლა. ბურთი არ უნდა გაჩერდეს. როდესაც წინ წასვლაა საჭირო, მცველებმა ეს უნდა გააკეთონ, როცა ფლანგების გამოყენებაა საჭირო – უნდა გამოვიყენოთ. ბურთი არ უნდა იყოს ჰაერში, თუ ამის საჭიროება არაა…” – 2012 წლის 26 მაისი.
“ფეხბურთელი ყველაზე მნიშვნელოვანია. მწვრთნელი შეიძლება იყოს კარგი ან ცუდი. ჩვენ ფეხბურთელებზე ვართ დამოკიდებულნი. მწვრთნელი ვერასდროს დადგება ფეხბურთელზე მაღლა. ხალხმა მწვრთნელს ზედმეტად დიდი როლი მიანიჭა.” – 2012 წლის 15 აპრილი.
“ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის დროს, ჩვენ გვჭირდება მათი ინდივიდუალური თვისებების დამუშავება.” – 2012 წლის 15 აპრილი.
“ფეხბურთელობის დროს, უპირატესობას ოსტატობას ვანიჭებდი. კარგად ვთამაშობდი, მაგრამ ცოტას დავრბოდი. ბიელსამ მასწავლა, რომ ფეხბურთის სათამაშოდ სხვა რამის კეთებაც საჭიროა.” – 2012 წლის 15 აპრილი.
“მწვრთნელის გადმოსახედიდან, შემიძლია გითხრათ, რომ არგენტინული ფეხბურთი ყველაზე რთული და კონკურენტუნარიანია მთელს მსოფლიოში. მაყურებლის გადმოსახედიდან, ვიტყვი, რომ არგენტინის ჩემპიონატის მატჩს შემიძლია მაქსიმუმ 10 წუთი ვუყურო.” – 2012 წლის 24 იანვარი.