workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მალუკუს კუნძულებიდან როტერდამამდე

მალუკუს კუნძულებიდან როტერდამამდე

ყველაფერი შორეულ 70-იან წლებში დაიწყო, როდესაც ინდონეზიის არქიპელაგში მდებარე მალუკუს კუნძულების სანაპირო ხაზს ჰოლანდიური გემი მიადგა. თითქოს აქ უცნაური და საინტერესო არაფერია, რადგან ინდონეზიის არქიპელაგში 17 508 კუნძულია და ნიდერლანდების ყოფილ კოლონიაში მრავალი ჰოლანდიური გემი ჩადიოდა მთელი XX საუკუნის განმავლობაში. მაგრამ, სწორედ აი აქ იწყება ყველაზე საინტერესო ამბავი, რომელიც “ბარსელონას” ისტორიას ეხება. ინდონეზიაში ჩასულ ერთ-ერთ ჰოლანდელ მეზღვაურს ძალიან მოეწონა აბორიგენი გოგონა და ის თავისთან,  როტერდამში წაიყვანა; მოგვიანებით, ეს ინდონეზიელი აბორიგენი მისი მეუღლე გახდა, ხოლო 1975 წლის 5 თებერვალს მათ ბიჭი შეეძინათ, რომელსაც ჯოვანი დაარქვეს. ჯოვანი ვან ბრონხორსტი ფეხბურთზე 6 წლის ასაკში მივიდა და მას მერე ერთგულად ემსახურა ამ უდიდეს სპორტს. მან თავისი საფეხბურთო კარიერა თავისი უბნის ერთ-ერთ  გუნდში დაიწყო და ის მალე შეამჩნიეს ჰოლანდიური “ვალვაიკის” მესვეურებმა, სწორედ აქ ჩამოყალიბდა ბრონხორსტი პროფესიონალ ფეხბურთელად. “ვალვაიკში” ბრონხორსტი მხოლოდ 1993-1994 წლების სეზონში ასპარეზობდა, აქედან მას კვლავ საკუთარ ქალაქში, როტერდამში დაბრუნება მოუწია და 1994 წლიდან 1998 წლამდე “ფეინოორდში” თამაშობდა.  ამ ოთხი სეზონის განმავლობაში მან “ფეინოორდის” მაისურით 103 მატჩი ჩაატარა და 22 გოლის გატანა მოახერხა.

1998 წელს ჯოვანი შოტლანდიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში “რეინჯერსში” გადავიდა, ამ კლუბში ასპარეზობის ბოლო 2001 წლის სეზონში კი შოთა არველაძის მხარდამხარ იბრძოდა. “რეინჯერსში” მან 81 მატჩი ჩაატარა და 13 გოლის გატანა მოახერხა. შემდეგ იყო ლონდონის “არსენალი” და ორი პრემიერლიგური სეზონი. პრემიერლიგის შემდეგ…

“ბარსელონა” და მეტსახელი “გიო”

ჯოვანი ვან ბრონხორსტმა თავისი საფეხბურთო კარიერის პირველი 10 წელი მეტსახელის გარეშე გაატარა. მას მეტსახელი “გიო” და ყველაზე მეტი პოპულარობა “ბარსელონამ” მოუტანა. ჯოვანიმ კი თავის მხრივ, ძალ-ღონე არ დაიშურა, რომ ღირსეულად ეტარებინა მსოფლიოს ერთ ერთი საუკეთესო კლუბის მაისური. “გიო” კი მას მერე შეერქვა, რაც მაისურზე მისი გვარი Giovani შემოკლებით დააწერეს, – Gio

2003 წლიდან 2007 წლამდე  მან 119 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 7 გოლი გაიტანა. “გიომ” “ბარსელონაში” შეძლო უმაღლესი მწვერვალებისათვის მიეღწია და 2006 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში თავისი ყოფილი კლუბი, “არსენალი” დაამარცხა.

ტიტულები

ჯოვანი ვან ბრონხორსტს საკლუბო კარიერის განმავლობაში 15 ტიტული აქვს მოგებული მათ შორის:

ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის თასი, შოტლანდიის პრემიერ ლიგა, შოტლანდიის თასი, ესპანეთის ლა ლიგა, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერთასი და ჩემპიონტა ლიგა.

 

ის აგრეთვე მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორია. ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 106 მატჩი და გატანილი აქვს 6 გოლი.

ღირსეული დასასრული

ჯოვანი ვან ბრონხორსტმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გასვლისა და დრამატულ მატჩში ესპანეთის ნაკრებთან  დამარცხების შემდეგ გადაწყვიტა დაესრულებინა თავისი 17 წლიანი საფეხბურთო კარიერა.

ბრონხორსტს თავისი ერთგულება პროფესიისა და  ქვეყნის მიმართ კარიერის დასრულების შემდეგ დაუფასდა, რამდენიმე დღის წინ ნიდერლანდების დედოფალმა მას ქვეყნის უმაღლესი ჯილდო ნარინჯისფერი ღირსების ორდენი გადასცა და ასე დასრულდა გზა მალუკუს კუნძულებიდან როტერდამამდე, ყოფილი ფეხბურთელის მომავალს კი დრო გვიჩვენებს.

fcbarcelona.cat

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში