workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2

ჟოაუ კანსელუ

directions_run მცველი პორტუგალია დროშაპორტუგალია cake 32 წლის
68 თამაში
6 გოლი
9 ასისტი
15 გოლი+ასისტი
* სტატისტიკის ბოლო განახლება: 01.09.26

ჟოაუ კანსელუ არის პორტუგალიელი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც ფლანგის მცველის პოზიციაზე თამაშობს “ბარსელონასა” და პორტუგალიის ნაკრებში. ის თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე უნივერსალურ და ტექნიკურ მცველად ითვლება, რომელსაც ორივე ფლანგზე და ნახევარდაცვაშიც კი შეუძლია მაღალ დონეზე თამაში.

ადრეული წლები და იბერიული კარიერა

ჟოაუ 1994 წლის 27 მაისს პორტუგალიის ქალაქ ბარეირუში დაიბადა. მისი საფეხბურთო გზა “ბენფიკას” აკადემიაში დაიწყო, სადაც პროფესიონალური დებიუტიც შედგა. 2014 წელს ის ესპანურ “ვალენსიაში” გადავიდა. ლა ლიგაში გატარებულმა წლებმა კანსელუს დიდი გამოცდილება შესძინა და მისი ტრანსფორმაცია ტიპური გარემარბიდან შემტევ ფლანგის მცველად სწორედ აქ დაიწყო.

ევროპული გრანდები

იტალიურ “ინტერში” წარმატებული იჯარის შემდეგ, კანსელუ “იუვენტუსმა” შეიძინა, სადაც მან იტალიის ჩემპიონატი მოიგო. 2019 წელს ის ინგლისურმა “მანჩესტერ სიტიმ” დაიმატა. პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით პორტუგალიელი მსოფლიოს საუკეთესო ფლანგის მცველად ჩამოყალიბდა და ინგლისის პრემიერ ლიგის არაერთგზის გამარჯვებული გახდა. მოგვიანებით მან იჯარის წესით მიუნხენის “ბაიერნშიც” ითამაშა და ბუნდესლიგის ტიტულსაც დაეუფლა.

კარიერა “ბარსელონაში”

2023 წლის ზაფხულში ჟოაუ კანსელუ კატალონიურ “ბარსელონას” ერთწლიანი იჯარის წესით შეუერთდა. მისი გადმოსვლა გუნდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან კლუბს წლების განმავლობაში ჰქონდა პრობლემები მარჯვენა მცველის პოზიციაზე. კანსელუმ კატალონიელთა რიგებში კარგი სეზონი ჩაატარა და არაერთი დასამახსოვრებელი მატჩი ითამაშა, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზეც.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად საუბარი იყო იჯარის გახანგრძლივებაზე ან სრულფასოვან ტრანსფერზე, ეს არ მოხდა. 2024 წლის აგვისტოში კანსელუმ “მანჩესტერ სიტი” საბოლოოდ დატოვა და კარიერის გასაგრძელებლად საუდის არაბეთის კლუბ “ალ-ჰილალში” სრულფასოვანი ტრანსფერით გადავიდა, საიდანაც 2025/26 წლების სეზონის მეორე ნახევარში “ბარსელონას” კვლავ იჯარის წესით შემოუერთდა. 2026 წლის ზაფხულში კი გამოცდილმა პორტუგალიელმა არაბულ კლუბთან ხელშეკრულება გაწყვიტა და “ბარსასთან” უკვე სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა.

სათამაშო სტილი

კანსელუს სათამაშო სტილი ინოვაციურია და ბევრად სცდება ტრადიციული მცველის ფუნქციებს:

  • ცენტრში შეწევა – ფლანგიდან ხშირად ინაცვლებს საყრდენ ზონაში და გუნდს მოედნის ცენტრში რიცხობრივ უპირატესობას უქმნის;
  • დრიბლინგი და ტექნიკა – ფლობს ბრწყინვალე ტექნიკას და თავისუფლად შეუძლია ერთ-ერთზე მეტოქის მოტყუება;
  • შემოქმედებითობა – გამოირჩევა გამჭოლი პასებით და ხშირად ასრულებს გამთამაშებლის როლს დაცვის ხაზიდან;
  • უნივერსალურობა – თანაბრად კარგად თამაშობს დაცვის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა ფლანგზე.

სანაკრებო კარიერა

პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში კანსელუს დებიუტი 2016 წელს შედგა. 2019 წელს მან ნაკრებთან ერთად უეფას ერთა ლიგის პირველი გათამაშება მოიგო. ის მუდმივად წარმოადგენს თავის ქვეყანას ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, სადაც პორტუგალიელთა შეტევების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი და დაცვის ხაზის ლიდერია.