“ოსასუნასთან”, ესპანეთის ჩემპიონატში გამართულ მატჩში, ლიონელ მესიმ 2 ახალი რეკორდი დაამყარა. მან ლა ლიგის ზედიზედ მე-11 შეხვედრაში გაიტანა და გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში 200 გოლის გატანა მოახერხა. გავიდა 3 დღე და არგენტინელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რეკორდის დამხობის შანსი აქვს – თუ დღეს მესიმ 2-ჯერ გაიტანა, ის ლეგენდარულ თანამემამულეს, ალფრედო დი სტეფანოს გადაასწრებს და “ელ კლასიკოს” ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდება.
ალფრედო დი სტეფანომ, 31 “ელ კლასიკოში” მიიღო მონაწილეობა და “ბარსას” კარი აღება 18-ჯერ მოახერხა. ეს ოფიციალურ თამაშებში. არგენტინელს კიდევ ერთი გოლი ამხანაგურ შეხვედრაში აქვს გატანილი. რაც შეეხება მესის – თანამედროვეობის საუკეთესო ფეხბურთელის “კლასიკური” მონაგარი 22 თამაშში 17 გოლია. ანუ, თუ დღეს მესიმ შესუსტებული დაცვით მოთამაშე “რეალის” კარი 2-ჯერ აიღო, ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლებით, იგი დი სტეფანოს გადაასწრებს და გუნდების დაპირისპირების ისტორიაში საუკეთესო მეგოლე გახდება.