მადრიდის “ატლეტიკოს” დამარცხების შემდეგ ხერარდ პიკე “ბარსა ტვ”–ს გადაცემა “El Marcador”–ში მიიწვიეს სტუმრად. მან განაცხადა, რომ “ლა ლიგის წაგება მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ქულების დაკარგვა, თუმცა ცუდ ფორმაში ყოფნის უფლება არ გვაქვს” – პიკემ ასევე დაამატა, რომ ლა ლიგის დასრულებამდე დიდი დროა.
კატალონიელმა ცენტრალურმა მცველმა, რომელმაც “ატლეტიკოსთან” მე–200 შეხვედრა ჩაატარა “ბარსას” რიგებში ასევე აღნიშნა: “ჩვენ ბრწყინვალე სეზონი გვაქვს და შედეგები ამას გვაჩვენებს. ჩვენი ფორმა ყოველი შეხვედრის შემდეგ უმჯობესდება და მოხარული ვარ თამაშის გამო. დიდი პატივია ჩემი თანაგუნდელების ყურება მოედნიდან“.
ადრიანომ შეცვალა მატჩი
პიკეს აზრით შეხვედრა ადრიანომ შეცვალა, რომელმაც არაჩვეულებრივი გოლი გაიტანა. “გოლმა ძალიან ბევრი რამ მოგვცა, რადგან მანამდე მეტოქე ძალიან კარგად იცავდა თავს. ამის შემდეგ უკვე ანგარიშში წინ გასვლაზე დავიწყეთ ფიქრი“. მან ასევე აღნიშნა, რომ ისეთი ფეხბურთელის დაცვა, როგორიც რადამელ ფალკაოა ადვილი არ არის: “ის ძალიან კარგად თამაშობს სივრცეში. მას შეუძლია გატანა. ის ძალიან ძლიერია და შესანიშნავი სეზონი აქვს. თუკი მას მეთვალყურეობ უნდა იფიქრო, რომ სწრაფი ქმედებები შეუძლია. მეორე ტაიმში ის თამაშიდან გამოვთიშეთ“.
ფორმას აუმჯობესებს ყოველდღიურად
სეზონის სტარტზე მიღებული ტრავმის შემდეგ ხერარდ პიკე დიდ დროს ატარებს მოედანზე. “ფიზიკურად თავს დიდებულად ვგრძნობ. ტრავმის შემდეგ ფორმაში ვარ. თავს კარგად ვგრძნობ“. პიკემ ასევე დიდი მადლობა გადაუხადა პეპ გვარდიოლას, რომელმაც დიდი ნდობა გამოუცხადა მას 2008 წელს. “როდესაც დავბრუნდი პეპმა მოედანზე უამრავი დრო მომცა. გასული სეზონი ჩემთვის საუკეთესო არ იყო, თუმცა დროსთან ერთად მე უფრო გამოცდილი ვხვდები და ვუმატებ ფიზიკურად“.
