workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიეგო მარადონა მსოფლიოს ჩემპიონატებზე

დიეგო მარადონა მსოფლიოს ჩემპიონატებზე

წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატი დიეგო მარადონას ცხოვრებაში მეხუთეა. ის ყოველთვის ახერხებდა საკუთარი კვალის დატოვებას ამ ტურნირებზე. “ღმერთის ხელი”, Goal Of The Century (საუკუნის გოლი), გენიალური პასები, დიდი გამარჯვებები და… სკანდალები. წარმოგიდგენთ დიეგო მარადონას მუნდიალების ვიდეო ისტორიას.

პირველი გოლი. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. არგენტინა 4:1 უნგრეთი. ჯგუფური ეტაპი

მსოფლიოს ჩემპიონატზე თავის სადებიუტო მატჩში ბელგიის წინააღმდეგ (0:1), დიეგომ ვერაფერი ღირებული ვერ შექმნა. მან ყველაფერი უნგრეთთან მატჩში გამოასწორა. მისი პირველი გოლი შეიძლება ითქვას, რომ “უბრალო” გამოვიდა. შემდეგ მატჩში არგენტინამ სალვადორი დაამარცხა და ჯგუფში მეორე ადგილზე გადაინაცვლა. მორიგი მატჩი მათ ბრაზილიელებთან ჰქონდათ.

[media=http://www.youtube.com/watch?v=cFTD2hehUFo]

პირველი გაძევება. 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. არგენტინა – ბრაზილია 1:3.

იტალიასთან მარცხის შემდეგ (1:2) “ალბისელესტესთვის” მატჩი ბრაზილიელებთან გადამწყვეტი იყო. მათ მხოლოდ გამარჯვება აძლევდათ ტურნირზე დარჩენის შანსს. არგენტინელები 0:3 მარცხდებოდნენ, როდესაც დიეგო გაშლილი ფეხით ერთ-ერთ მეტოქეს განზრახ შეეჯახა – ღირსეული წითელი ბარათი და… ნახვამდის მუნდიალო!

[media=http://www.youtube.com/watch?v=vefHf4Z2lnY]

“ღმერთის ხელი”. 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. არგენტინა – ინგლისი 2:1. მეოთხედფინალი

სამხრეთ კორეასთან და ბულგარეთთან გამარჯვების, ასევე იტალიელებთან ფრის შემდეგ არგენტინელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს. 1/8 ფინალში მათი მეტოქე ურუგვაის ნაკრები იყო. მატჩი ძალიან რთული გამოდგა, მაგრამ პედრო პასკულის ერთადერთი გოლის შემდეგ არგენტინელებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა მოახერხეს.  ასეთი იყო გზა დიეგო მარადონას კარიერის უმნიშვნელოვანეს მატჩამდე. ნახევარფინალში ერთმანეთს არგენტინისა და ინგლისის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდნენ.

ზედმეტი ლაპარაკი არაა საჭირო. ყველამ ყველაფერი იცის. მეორე ტაიმში დიეგომ 3 წუთის ინტერვალში ჯერ ყველაზე სკანდალური გოლი გაიტანა, შემდეგ კი “საუკუნის გოლი” შეაგდო.

[media=http://www.youtube.com/watch?v=u0zjx4MAHzk]

“საუკუნის გოლი”. 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. არგენტინა – ინგლისი 2:1. მეოთხედფინალი

[media=http://www.youtube.com/watch?v=D-9I5DD6p4k]

დუბლი. 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. არგენტინა – ბელგია 2:0. ნახევარფინალი

ინგლისელებთან ორ გოლს ბელგიელებთან ორი გოლი მოყვა. ერთ-ერთი გოლი დიეგომ კვლავ შესანიშნავი რეიდით გაიტანა.

[media=http://www.youtube.com/watch?v=WYKjrjfk6cM]

“ოქროს პასი” ფინალში. 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. არგენტინა – გერმანია 3:2. ფინალი

ფინალურ მატჩში დიეგო მარადონას პერსონალურ მეურვედ გერმანელებმა ლოთარ მათეუსი მიუჩინეს. ბეკენბაუერი ფიქრობდა, რომ მისი განეიტრალების შემთხვევაში გერმანელები სხვა არგენტინელებს კლასის ხარჯზე აჯობებდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს!  მატჩის 86-ე წუთზე დიეგო მარადონას ბრწყინვალე პასით ბორუჩაგამ გაიტანა. არგენტინა ისტორიაში მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

[media=http://www.youtube.com/watch?v=mHVxU4x-GJc]

“ღმერთის ხელი-2”. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. არგენტინა – სსსრ 2:0. ჯგუფური ეტაპი

ხელის ეპიზოდი 5:32 წუთზე.

სსსრ-ს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ფავორიტის სტატუსით გაემგზავრა, მაგრამ მათ პირველივე მატჩში ფიასკო ელოდათ, 0:2 მარცხი რუმინეთთან. მოქმედ ჩემპიონებთან მატჩი ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი იყო (არგენტინელებმა ასევე დათმეს პირველი შეხვედრა კამერუნელებთან). პირველ წუთებში სსსრ-ის ნაკრები უტევდა და რამდენჯერმე შეაწუხეს არგენტინელი გოეკოჩეა. ერთ-ერთ ეპიზოდში, როდესაც არგენტინის კართან კუთხური დაინიშნა, მარადონამ ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი ხელით გამოიტანა. მალე არგენტინელებმა ორი გოლი გაიტანეს და ადვილად ჩაამთავრეს მატჩი. ბოლო მატჩში რუმინელებთან ფრის წყალობით, “ალბისელესტემ” ჯგუფიდან გასვლა გაინაღდა.

[media=http://www.youtube.com/watch?v=LXkN6nufwsg]

პასი კანიჯას. 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. არგენტინა – ბრაზილია 1:0. 1/8 ფინალი

სამხრეთ-ამერიკული “კლასიკოს” ბედი კლაუდიო კანიჯას გოლმა გადაწყვიტა. აღსანიშნავია მარადონას გენიელური პასი. ამ მატჩში დიეგოს ბრაზილიელთა თითქმის ნახევარი შემადგენლობა მეურვეობდა, მაგრამ მან თავის საქმე მაინც გააკეთა

[media=http://www.youtube.com/watch?v=lpXdThzeO-U]

გაფუჭებული პენალტი. 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. არგენტინა – იუგოსლავია 0:0 (3:2-პენალტებში). მეოთხედფინალი

თითქმის ყველა ლეგენდარული ფეხბურთელი კარიერაში ერთხელ მაინც მნიშვნელოვან პენალტს აფუჭებს. მარადონას ჯერი იუგოსლავიელებთან დაუდგა. საბედნიეროდ, არგენტინელთა მეკარე გოიკოჩეამ იყოჩაღა და არ დაუშვა, რომ დიეგოს კარიერაში შავი ლაქა გაჩენილიყო.

[media=http://www.youtube.com/watch?v=IrA0vGuDXac]

იტალიის დამარცხება ნეაპოლში. 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. არგენტინა – იტალია 1:1 (4:3-პენალტებში). ნახევარფინალი

ეს მატჩი ნეაპოლში (!) გაიმართა. ადგილობრივი მოსახლეობის გულები ორად გაიყო. ერთი მხარე მშობლიურ ნაკრებს გულშემატკივრობდა, მეორე კი – თავის კუმირს. გამარჯვებული ძირითად დროში არ გამოვლინდა და პენალტების სერია დაინიშნა. იტალიელთაგან დონადონიმ და სერენამ ვერ გაიტანეს, არგენტინელებს კი 100%-იანი შედეგი ჰქონდათ. გადამწყვეტი გოლი, რა თქმა უნდა, დიეგომ გაიტანა.

[media=http://www.youtube.com/watch?v=gqzivcz6xuA]

უკანასკნელი გოლი. 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. არგენტინა – საბერძნეთი 4:0. ჯგუფური ეტაპი

ამერიკაში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის წინ ფეხბურთის “ჩინოვნიკებმა” ყველაფერი გააკეთეს, რათა მარადონა მუნდიალზე “გაეთრიათ”. დიდი ფეხბურთელების გარეშე მუნდიალი სრულფასოვანი ვერ იქნებოდა. კულუარებში მას ეუბნებოდნენ, რომ თვალები დაეხუჭა იმაზე, თუ როგორ მოახერხებდა კოკაინის დეპრესიის დაძლევას და ფორმის აკრეფას. მუნდიალის სტარტს დიეგო ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა, გაიტანა რა ბრწყინვალე გოლი საბერძნეთის კარში. მალე ცნობილი გახდა, რომ ეს გოლი უკანასკნელი იყო დიეგოსთვის, მსოფლიო ჩემპიონატებზე.

[media=http://www.youtube.com/watch?v=jUBXHXY_-9k]

უკანასკნელი მატჩი. 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი . არგენტინა – ნიგერია 2:1. ჯგუფური ეტაპი

ნიგერიასთან მატჩში N;10 ბრწყინვალე თამაშს განაგრძობდა. სწორედ მისი პასით გაიტანა გოლი კლაუდიო კანიჯამ.

[media=http://www.youtube.com/watch?v=l_L7MSivMOY]

დისკვალიფიკაცია. 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი. ჯგუფური ეტაპი

ნიგერიასთან მატჩიდან რამდენიმე დღეში გაცხადდა, რომ “ალბისელესტეს” კაპიტანს სისხლში დოპინგი აღმოაჩნდა. ფიფამ მას მაშინვე დისკვალიფიკაცია მისცა.

“დღეს მე ფეხები მომაჭრეს”, განაცხადა დიეგომ დისკვალიფიკაციის მიღების შემდეგ.

[media=http://www.youtube.com/watch?v=qiXkN3wiNTY]

მარადონა – მწვრთნელი. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატი

2008 წლის 4 ნოემბერს სრულად გამოჯანმრთელებული დიეგო მარადონა არგენტინის ფეხბურთის ფედრაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნა. დიეგო დიდ ფეხბურთს დაუბრუნდა !

2010 წლის 12 ივნისს დიეგომ მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი მატჩი ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატზე – არგენტინელებმა ნიგერია ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. მისი მუნდიალზე გამოჩენის პირველი დღიდან დაახლოებით 28 წელი გავიდა.

თარგმანი: ირაკლი ჯაფარიძე (Blaugrana_Ika)

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში