კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა ჩავი ერნანდესმა, რომელიც ამჟამად ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების ღირსების დასაცავად ემზადება, ისაუბრა მადრიდის “რეალზე” და “ბლანკოსის” მიერ მოგებულ პრიმერა დივიზიონზე. იგი ასევე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ხოსეპ გვარდიოლას გუნდიდან წასვლას და ტიტო ვილანოვას მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნას.
“ჩვენ მივულოცეთ “რეალის” ფეხბურთელებს, როდესაც მათ ესპანეთის პრიმერა დივიზიონი მოგეს. ბოლოს და ბოლოს ეს უბრალოდ სპორტია და მეტი არაფერი. მადრიდელებს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა სამწუხაროდ ვერ ვამჩნევ, რომ ისინიც ჩვენსავით ფიქრობენ და იქცევიან.”
“მე ძალიან გაკვირვებული ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ გვარდიოლა გუნდიდან მიდიოდა, თუმცა როცა მან მისი ეს გადაწყვეტილება აგვიხსნა, ყველაფერი გასაგები იყო. კიდევ უფრო გაკვირვებული დავრჩი, როდესაც ტიტო ვილანოვა “ბარსას” ახალ მწვრთნელად გამოცხადდა. ამის მიუხედავად, ეს გადაწყვეტილება ამ დროისათვის მაინც გასამართლებელია, რადგან გუნდმა მოგებებისთვის უნდა იბრძოლოს და არ უნდა შეცვალოს თამაშის სტილი. ტიტო უკვე დიდი ხანია ჩვენს გვერდითაა და ზედმიწევნით კარგად იცის როგორ ვთამაშობთ.” –განაცხადა ჩავიმ.


