გუშინ, “ჩელსისთან” მატჩის 18-ე წუთზე, ბურთის მოსაგერიებლად კარიდან გამოსული ვიქტორ ვალდესი ისე შეეჯახა ჟერარდ პიკეს, რომ ამ უკანასკნელმა გონება დაკარგა. პიკეს მოედანზე დახმარება გაუწიეს კლუბის ექიმებმა, თუმცა თამაშის გაგრძელებიდან ორ წუთში მან შეცვლა ითხოვა. “ბარსას” “3”-ანი დანი ალვეშმა ჩაანაცვლა.
გასახდელ ოთახში ყოფნისას ექიმებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ჟერარდი სასწრაფოდ გადაეყვანათ საავადმყოფოში. პიკემ იმდენად ძლიერი დარტყმა მიიღო, რომ მას საერთოდ არ ახსოვდა, რომ თამაშში მონაწილეობა მიიღო. საავადმყოფოში გადაყვანისთანავე ფეხბურთელს გამოკვლევები ჩაუტარდა და დადგინდა, რომ მას სერიოზული ტრავმა არ მიუღია. “ბარსელონასა” და “ჩელსის” შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟერარდს მატჩის ანგარიში ოჯახის წევრებმა შეატყობინეს. ფეხბურთელი საშინლად იმედგაცრუებული დარჩა.
დღეს პიკე საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა იგი სახლის რეჟიმში ერთ კვირას გაატარებს.
