“ბარსელონასთან” მატჩში რობერტო დი მატეო იმედებს “ჩელსის” ფეხბურთელების ბრწყინვალე თამაშზე ამყარებს, მაშინ, როცა გუარდიოლა თავის “სიყვარულის ისტორიას” იხსენებს.
“უეფას” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალური მატჩის წინ, “ჩელსის” თავკაცმა, რობერტო დი მატეომ განაცხადა, რომ თავის გუნდს წარმატების მიღწევა მხოლოდ იდეალური თამაშის წყალობით შეუძლია. ყველაფერია შესაძლებელი, რადგან იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით ლონდონელებმა მხოლოდ ერთი მარცხი იწვნიეს 12 მატჩში. მეტოქის ძალაზე ისაუბრა “ბარსელონას” მწვრთნელმაც და ამავდროულად გაიხსენა 2009 წელს “სტემფორდ ბრიჯზე” მოპოვებული გამარჯვება.
“ჩელსი”
მთავარი მწვრთნელი – რობერტო დი მატეო:
“სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ ჩვენ ორი იდეალური მატჩის ჩატარება გვმართებს, თუმცა ის ფაქტი, რომ ბოლო თვენახევრის განმავლობაში დამაჯერებლად ვთამაშობთ, ძალებს გვმატებს. გუნდში მორალური სულისკვეთება ძალიან მაღალია და ვფიქრობ, ამ მატჩს საუკეთესო განწყობით ვხვდებით, ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ (ავტ. შენიშვნა: იგულისხმება მატჩი “ტოტენჰემთან”). ჩვენ შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ძლიერი გუნდი გვყავს და თითოეული მათგანი უდიდესი მოტვაციით არის დამუხტული.”
“ალბათ “ბარსელონა” არ არის ჩვენთან შეხვედრით გახარებული და ამას ადასტურებს ძველი ანგარიშები. შესაძლოა, მათ ჩვენს სტილთან გამკლავება უჭირთ. ვფიქრობ, ორივე გუნდი აფასებს ერთმანეთს, თუმცა ყველას ესმის, რომ ოთხშაბათს გველის ჯახი, სადაც ჩვენ შეგვიძლია, შევუქმნათ პრობლემები მეტოქეს.”
“იმისათვის, რომ შევაჩეროთ მესი, მთელმა გუნდმა უდიდესი ძალისხმევა უნდა გაიღოს, მაგრამ თუ ჩვენ მხოლოდ ერთი ფეხბურთელის დაცვაზე გადავიტანთ მთელ ყურადღებას, შესაძლოა, დარჩენილმა ცხრამ დიდი ზიანი მოგვაყენოს. აქედან გამომდინარე შევეცდებით, რომ მინიმუმამდე დავიყვანოთ ჩვენს კართან საფრთხეები არამხოლოდ მესის მხრიდან. თამაში “ბარსელონას” წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მთავარი გამოცდაა ნებისმიერი მწვრთნელისთვის.”
ბოლო მატჩი
კვირა: “ტოტენჰემი”-“ჩელსი” 1:5 (ბეილი 56, დროგბა 43, მატა 49, რამირესი 77, ლემპარდი 81, მალუდა 90+4)
შემადგენლობა: ჩეხი, ბოსინგვა, ლუისი (კეჰილი -59), ტერი, კოული, ობი მიკელი, ლემპარდი, რამირესი (მალუდა -82), მატა, კალუ, დროგბა (ტორესი -84).
“ტოტენჰემის” განადგურების შედეგად “ჩელსი” გავიდა ინგლისის თასის ფინალში, სადაც 5 მაისს “ლივერპულს” დაუპირისპირდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში “ჩელსიმ” აღნიშნული ტურნირი სამჯერ მოიგო. ინგლისის თასის ბოლო 32 მატჩიდან “ჩელსიმ” მხოლოდ 2-ჯერ წააგო, აქედან ერთხელ პენალტების სერიაში.
გუნდის სიახლეები
რობერტო დი მატეომ დაადასტურა, რომ “ბარსასთან” ვერ ითამაშებს დავიდ ლუისი, რადგან ფეხბურთელს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. ლუისის გარდა ლაზარეთში იმყოფებიან რაიან ბერტრანდი და ორიოლ რომეუ. სამაგიეროდ, მიუხედავად მცირე ტრავმისა, გუნდთან ერთად ვარჯიშობს ჯონ ტერი.
“ბარსელონა”
მთავარი მწვრთნელი – ხოსეპ გუარდიოლა
“2009 წელთან შედარებით “ჩელსიში” ბევრი რამ შეიცვალა. გუნდთან სხვადასხვა სპეციალისტმა იმუშავა, მაგრამ ფეხბურთელების ბირთვი იგივე დარჩა. ვფიქრობ, მათ შეინარჩუნეს ისეთივე სულისკვეთება, ჟინი და საფეხბურთო ღირებულებები. აღფრთოვანებული ვარ ფეხბურთელების ამ ჯგუფით, რადგან ისინი არაერთხელ გასულან ლიგის ნახევარფინალებსა და ფინალში, ამასთან წარმატებით თამაშობენ ჩემპიონატში.”
“მახსოვს, 2009 წლის დუელი ძალიან რთული გამოდგა. პირველი მატჩი ძნელი იყო, რადგან “ჩელსიმ” დაცვა შესძლო. საპასუხო შეხვედრაში ლონდონელები კონტრ-შეტევებზე თამაშობდნენ, რამაც ასევე დიდი პრობლემები შეგვიქმნა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჩვენ ფეხბურთელი გაგვიძევეს და 30 წუთი უმცირესობაში გავატარეთ. ეს იყო გუნდში ჩემი მუშაობის პირველი წელი, ჩვენ ვტკბებოდით ჩვენი “სიყვარულის ისტორიით”, რაც ხშირად ხდება პირველ ეტაპებზე. ჩვენ გავიტანეთ გოლი, დანარჩენი კი უკვე ისტორიაა.”
“მთლიანად ხვალიდნელ მატჩზე ვფიქრობთ. მხოლოდ ამის შემდეგ გადავერთვებით “ელ კლასიკოზე”. სასწაულია, რომ შანსი გვაქვს ისეთი მატჩები გავმართოთ, როგორც ხვალინდელი (დღევანდელი) და შაბათის შეხვედრებია. მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ჩემი ფეხბურთელები იყვნენ შესაბამისად ორგანიზებულები და მომზადებულები, რათა გახდნენ ნაწილი იმ ზეიმისა, რასაც მსგავსი მატჩები ჰქმნიან.”
“”ჩელსი” ძალიან ძლიერი გუნდია, მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატში არც ისე სტაბილურად თამაშობენ. ჩემპიონთა ლიგაში მათ თავი კარგად გამოავლინეს, ამიტომ ხვალ (დღეს) გამარჯვება ძალიან ძნელი იქნება. ამასთან, “ჩელსი” ძალიან წარმატებულად თამაშობს ჩემპიონთა ლიგის მატჩებს საკუთარ მოედანზე, სადაც მათ ხუთიდან ხუთივე შეხვედრის მოგება მოახერხეს.”
ბოლო მატჩი:
შაბათი: “ლევანტე”-“ბარსელონა” 1:2 (ბარკერო 23 (პენალტი), მესი 64, 72 (პენალტი))
შემადგენლობა: ვალდესი, მასკერანო, ადრიანო, ტიაგო, ბუსკეტსი, ჩავი (კუენკა 46), ფაბრეგასი, ალექსისი (ალვეში 76), მესი, პედრო (ინიესტა 54).
ლიონელ მესი გამოირჩევა ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ათ შეხვედრაში. გამარჯვებამ “ბარსელონას” 4 ქულიანი სხვაობა შეუნარჩუნა “რეალთან”. ანდრეს ინიესტამ “ბლაუგრანას” რიგებში თავისი რიგით მე-400 მატჩი ჩაატარა.
გუნდის სიახლეები
კუნთის ტრავმები მოირჩინეს ჟერარდ პიკემ და დანიელ ალვეშმა და ისინი მოედანზე გასასვლელად მზად არიან. ანალოგიური დაზიანების გამო ლონდონში გუნდს არ გაჰყვა სეიდუ კეიტა. იბრაჰიმ აფელაი მძიმე ტრავმისგან განიკურნა, ხოლო დავიდ ვილია კვლავ ლაზარეთში იმყოფება, მას შემდეგ, რაც დეკემბერში მარცხენა ფეხი მოიტეხა. ანდეუ ფონტასი გუნდს სეზონის ბოლომდე ვერ დაეხმარება. ერიკ აბიდალმა ღვიძლი გადაინერგა და მკურნალობის პერიოდს გადის.
ფაქტი მატჩზე
ბოლოს “ბარსელონამ” ლონდონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ. კატალონიელების საერთო მაჩვენებელი ინგლისურ კლუბებთან დაპირისპირებისა ასეთია: 24 მოგება, 18 ფრე და 16 მარცხი. ინგლისურ კლუბებთან გასვლაზე თამაშის სტატისტიკა “ბარსელონას” არცთუ სახარბიელო აქვს: 6 მოგება, 8 ფრე და 13 მარცხი.