ბარსელონა ½ ფინალშია! რა ბუნებრივად ჟღერს ეს ფრაზა ბოლო წლებიდან გამომდინარე და რა გამაღიზიანებლად ამავე დროს! რატომ უნდა იყოს ვინმესთვის გამაღიზიანებელი ბარსას ½ ფინალში გასვლა? რთული სათქმელია… შეიძლება იმიტომ, რომ ბოლო წლებში აშკარად მსოფლიოს საუკეთესო კლუბია და კარგს ყოველთვის ემტერებიან. შეიძლება იმიტომაც რომ ფაქტობრივად აღარ დარჩა გუნდი, რომელიც კატალონიელებმა არ “გაამწარეს”. შეიძლება იმიტომაც რომ “საზოგადოებას” წელს ახალი ჩემპიონის ნახვა უნდა და ძველი მობეზრდა… მიზეზი შეიძლება უამრავი იყოს. ფაქტი ერთია: პროტესტის გრძნობა და უსამართლობასთან ბრძოლის დონ კიხოტისეული შემართება მაშნ არავის გამოუჩენია, როდესაც სან სიროს “მინდორზე” მსაჯმა ბარსას სასარგებლოდ პენალტები არ დადო, მაგრამ გუშინ ბევრი რამ შეიცვალა. ეს ყველაფერი ჰოლანდიელი რეფერის საკამათო (და არა უსამართლო) გადაწყვეტილებამ გამოიწვია. რთული სათქმელია, მსაჯმა ძალიან გულდასმით უყურა მილანურ შეხვედრას და იქ დატრიალებული უსამართლობის გამოსწორება ნოუ კამპზე სცადა, თუ რაიმე სხვა მიზნით ხელმძღვანელობდა, მაგრამ აშკარად ისეთი პენალტი დადო, რომლის არდადებაც თავისუფლად შეიძლებოდა.
თუმცა, როგორც დღეს ბევრი ამბობდა, ამ მომენტმა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გამოიწვია ამხელა მითქმა-მოთქმა (ზოგის მოლოდ – მოთქმა), რომ მსგავს პენალტებს მსაჯები იშვიათად დებენ და არა იმიტომ, რომ ეს პენალტი არ არის…
შედარებითი მიუკერძოებლობის გამოჩენა იყო იტალიური კარიერე დელო სპორტისგანაც, როდესაც ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ თუნდაც მოხლოდ კარში დარტყმების რიცხვობრივი შედარება აღარ ტოვებს იმის საფუძველს, რომ ვინმემ საკამათო თერთმეტმეტრიანის გამო “მოთქვას”.
ამავე გამოცემამ ჩაატარა გამოკითხვა, რომლის კითხვაც მარტივად იყო ჩამოყალიბებული: “როგორ ფიქრობთ, გააღწევდა თუ არა მილანი ნახევარ-ფინალში, მეორე პენალტის არდანიშვნის შემთხვევაში?” ამ შეკითხვას რესპოდენტთა 67%-მა უარყოფითი პასუხი გასცა (!!!).
საგულისმოა იტალიელთა ერთ-ერთი ლიდერის, მასიმო ამბროზინის სიტყვებიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ მატჩში მილანი სწორად მოქმედებდა, მაგრამ ბარსელონა უბრალოდ უკეთესი იყო.
თვით მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელმაც კი საჭიროდ ჩათვალა ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება. დიახ, გვარდიოლამ რომელიც, როგორც ცნობილია, სწორედ იმითაც გამოირჩევა, რომ მსაჯების გადაწყვეტილებებს იშვიათად განიხილავს. გვარდიოლას აზრით, ეს ეპიზოდი, არ უნდა გახდეს სპეკულაციების საგანი, რადგანაც მილანურ მატჩში კატალონიელებს 2 აშკარა პენალტი არ დაუნიშნეს, მაგრამ მაშინ ამაზე წუწუნი არავის დაუწყია.
და ბოლოს, ცოტა უხერხულად ჩანს მსაჯის გადაწვეტილებების გაპროტესტება იმ გუნდის მხრიდან, რომელიც რამდენიმე წლის წინ კალჩოპოლის დროს ქვედა რანგის დივიზიონში გაგდებას, მავანთა აზრით, მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ თუნდაც იმავე იუვენტუსზე გაცილებით გავლენიანი მფლობელი ჰყავდა “მრავლისმკადრებელი” დონ სილვიო ბერლუსკონის სახით.
ერთი სიტყვით, ბარსელონა შემდგომ ეტაპზეა. მართალია, პრაგმატული ფეხბურთის თაყვანისმცემელთა აზრით, მთავარი ტაბლოა, მაგრამ ბარსელონას ღირსეულ ½ ფინალისტობაზე არა მხოლოდ ტაბლო, არამედ ის თამაშის ხარისხიც მიანიშნებს, რომელიც გუნდს საშუალებას აძლევს ლაღი ფეხბურთი ითამაშოს. სწორედ ისეთი ფეხბურთი, როგორსაც მისგან ფეხბურთის ჭეშმარიტი გულშემატკივრები ითხოვენ და როდესაც ბარსა თავის თამაშს თამაშობს, არაკეთილმოსურნენი ან მითქმა-მოთქმას იწყებენ და ან მხოლოდ -“მოთქმას”.
თორნიკე რაზმაძე



