ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალურ შეხვედრაში “ბარსელონამ” “მილანი” დაამარცხა, ანგარიშით 3:1. ლეო მესიმ დუბლი გაიფორმა და მიმდინარე გათამაშებაში უკვე 14 გოლი გაიტანა, რითაც ევროპის უმაღლესი საკლუბო ტურნირის რეკორდი დაამყარა. “ბარსამ” სერიოზულად აჯობა “მილანს” მოედანზე, შეასრულა რა 17 დარტყმა აბიატის კარის მიმართულებით და ამასთან მეტოქეს მხოლოდ ორჯერ მისცა თავისი კარის მიმართულებით დარტყმის საშუალება, მაგრამ ეს არავის აინტერესებს: თამაშის შემდეგ ყველა საუბრობს იმაზე, უნდა დაენიშნა, თუ არა ბიორნ კეიპერსს მეორე პენალტი იტალიელთა კარში.
ყველაფერი ასე მოხდა: კუთხურის ჩაწოდების მომენტში ალესანდრო ნესტა სერხიო ბუსკეტსის მაისურს ჩაეჭიდა, “ბარსელონას” ნახევარმცველი კარისკენ გაიქცა, “მილანელი” მცველი კი მას ჩაბმული მატარებელივით მისდევდა, შემდეგ ისინი კარლეს პუიოლს შეეჯახნენ და საბოლოოდ მთელი ეს კონსტრუქცია ბალახზე დაწვა. ჰოლანდიელმა არბიტრმა 11 მეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა. ასეთია ზოგადი სურათი – ეს, პრინციპში, საკმარისია იმისთვის, რომ გადაჭრით ითქვას, რომ იმ ეპიზოდში პენალტის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილება იყო: არის თამაშის წესის დარღვევა საჯარიმოში – არის პენალტი.
შესვენებაზე ყველამ ჰენინგ ოვრებოს გახსენება დაიწყო. “სტემფორდ ბრიჯზე” ნორვეგიელი არბიტრის საშინელმა მუშაობამ მსაჯებთან დამოკიდებულებაში ახალი ტენდენცია ჩამოაყალიბა: ახლა ნებისმიერი სადავო, ან არაცხადი ეპიზოდი, რომელიც “ბარსას” სასარგებლოდ იქნება გადაწყვეტილი, იწვევს საუბარს იმაზე, რომ ყველანი “ბარსელონას” მოგებაზე არიან ორიენტირებულები. ასეთია საფეხბურთო მასონობა: “ბლაუგრანას” ყველგან ჰყავს “თავისიანები”, ვინც მათ ეხმარებიან კლუბურ ტურნირებზე წარმატების მიღწევაში, ხოლო ესპანეთის ნაკრებს, რომელიც მეტწილად კატალონიელი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული – საერთაშორისო სანაკრებო ტურნირებში.
გამოვყოფ მნიშვნელოვან პუნქტებს იმ ადამიანთა არგუმენტებიდან, ვინც მიიჩნევს, რომ გუშინ კეიპერსს არ უნდა დაენიშნა პენალტი: ა) ეს იყო პირველ ტაიმში უკვე მეორე 11 მეტრიანი “მილანის” კარში; ბ) მეოთხედ-ფინალებში ასეთი პენალტების დადება არ შეიძლება; გ) “ბარსელონა” ისედაც ძლიერია, ამიტომ მან სხვების დახმარების გარეშეც უნდა გაიმარჯვოს.
მომისმინეთ, ეს ყველაფერი სასაცილოა. თუ 45 წუთის განმავლობაში “მილანმა” საკუთარ საჯარიმოში ორჯერ დაარღვია თამაშის წესი, ორჯერ უნდა დაინიშნოს პენალტი მის კარში. არავის “მოუკლავს” “მილანი” კატალონიური გუნდის ფეხბურთელების გარდა, რომლებიც გაცილებით ძლიერად გამოიყურებოდნენ. თუ “როსონერი” ვერ ასწრებს მეტოქეს, თუ ლუკა ანტონინი ხტება ბურთისკენ, რომელიც მისგან დაახლოებით სამი მეტრითაა დაშორებული და თან ამასთან ხედავს, რომ ლეო მესიმ შესაძლოა მას გადაუსწროს, თუ ნესტას ესმის, რომ ის საჯარიმოში იმყოფება, მაგრამ ამის მიუხედავად მეტოქეს მაინც ებღაუჭბა მაისურში (ბევრი ფიქრობს, რომ იტალიის ჩემპიონატში ასეთ პენალტს არ დადებდნენ) – ეს არ არის დანაშაული ბიორნ კეიპერსისა, რომელმაც, სხვათაშორის, მეორე ტაიმში ანალოგიური თამაშის გამო ყვითელი ბარათი უჩვენა ისააკ კუენკას ფილიპ მექსესთან პაექრობისას.
“ასეთი პენალტის დანიშვნა არ შეიძლება” – ასევე არასწორი ფრაზაა: პენალტი ან არის, ან არ არის. ჰოვარდ ვებმა – არბიტრმა, რომელმაც ევროპის კონტინენტზე საუკეთესო მსაჯის წოდება მოიპოვა – ანალოგიური პენალტი დანიშნა ავსტრია-პოლონეთის მატჩის მიწურულს, ევრო 2008-ზე, როცა მარიუშ ლევანდოვსკიმ საკუთარ საჯარიმოში რამდენიმე წამით მაისურით დაიჭირა სებასტიან პრედლია. ლევანდოვსკისა და ნესტას ქმედებები ვარდება “წესების დარღვევის” კატეგორიაში, ხოლო წესების დარღვევის გამო გუნდი უნდა დაისაჯოს.
კუთხურის ჩაწოდებისას ჭიდაობა და მაისურზე მოქაჩვა საჯარიმოში მუდმივად ხდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს არ არის წესების დარღვევა. სიტუაცია დაახლოებით იგივეა, რაც კორუფცია – რუსეთში უმეტესობა პრინციპში შეეჩვია კორუფციას, მაგრამ “პრივიჩკა” არ ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის ასე უნდა ვიმოქმედოთ. ყოველდღიურ ცხოვრებაში რომ განვავრცოთ ნესტა-ბუსკეტსის სიტუაცია, მივიღებთ, რომ წვრილმანი ხულიგნობისთვის ხალხი საერთოდ არ უნდა დაისაჯოს.
საჯარიმოში წესების დარღვევა უმნიშვნელო იყო, თუ სერიოზული, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა – მთავარია, რომ იყო! წარმოუდგენელია, რომ ისეთ გამოცდილ ფეხბურთელს, როგორიც ნესტაა, არ ესმოდეს მნიშვნელობა იმ რისკისა, რომელზეც ის მიდის – დაიჭირო მეტოქე მაისურით. შესაძლოა, იტალიაში ასეთ ეპიზოდზე პენალტს არ ნიშნავენ, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს იტალიელი მსაჯების პრობლემაა და არა “მილანის” გასასამართლებელი საბუთი. არ შეიძლება, საჯარიმოში წესების დარღვევას დავარქვათ “ბარსელონას” დახმარება, თორემ გამოდის, რომ მსაჯს ვაიძულებთ, რომ მან თვალები დახუჭოს წესების დარღვევაზე – ეს ხომ არასწორია? ასეთია კანონი.
ბიორნ კეიპერსი მართალი იყო “ნესტა-ბუსკეტსის” ეპიზოდში და ამაში არავითარი სამსაჯო დრამა არ არის. “ბარსელონა” გავიდა ნახევარ-ფინალში არა იმიტომ, რომ დაეხმარნენ, არამედ იმიტომ, რომ მან აჯობა “მილანს”.
სტატია ნათარგმნია Eurosport-დან



