კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი, ლიონელ მესი, ძალიან სერიოზულადაა განწყობილი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის განმეორებითი შეხვედრის წინ, სადაც მისი გუნდის მეტოქე იტალიური “მილანი” იქნება. შეგახსენებთ, რომ პირველი დაპირისპირება “სან სიროზე” შედგა და ფრედ, 0:0 დასრულდა.
“”ბარსელონამ” ამ შეხვედრაში აუცილებლად უნდა მოიგოს, თუმცა ეს გაგვიჭირდება, რადგან ჩვენი მეტოქე შესანიშნავი გუნდია, რომელიც დაცვაში განსაკუთრებით კარგად ირჯება. ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მატჩის შემდეგ, სადაც “ატლეტიკს” ვეპაექრეთ, როგორც კი მსაჯის საფინალო სასტვენის ხმა გაისმა, ჩვენ უკვე მთლიანად კონცენტრირებულნი ვიყავით “მილანთან” სამომავლო დაპირისპირებაზე. ყველაზე მთავარი კი მაინც ისაა, რომ “ბარსა” აგრძელებს გამარჯვებების მოპოვებას.” –განაცხადა არგენტინელმა გენიამ.



