მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ამართლებს მიზანი საშუალებას?

ამართლებს მიზანი საშუალებას?

 

დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 2011-2012 წლების ეზონის პირველი 1/4 ფინალური შეხვედრები. მათ შორის ყველაზე დიდ ინტერეს, რა თქმა უნდა, “მილანისა” და “ბარსელონას” დაპირისპირება იწვევდა. ორმატჩიანი დუელის პირველი შეხვედრა მოდის დედაქალაქში გაიმართა.

 

ამ მატჩს ფეხბურთის თითოეული გულშემატკივარი განსაკუთრებული მოლოდინით ელოდა. შეიძლება იმიტომაც, რომ ყველა სხვა წყვილში გამარჯვებულის ვინაობა, ფაქტობრივად, კენჭისყრის დღესვე გაირკვა. შეხვედრას ნამდვილად ახლდა დაძაბულობა, მაგრამ იტალიელთა მოულოდნელი საქციელის გამო, დაძაბულობას თვალსასეირო სანახაობა ვერ დაემატა. საქმე ის გახლავთ, რომ მილანში კატალონიელთა ნებისმიერი ხერხით შეჩერება მოინდომეს და არც არასაფეხბურთო მეთოდების გამოყენებაზე თქვეს უარი. ხშირად გაიგებთ: იტალიური გუნდებისგან არაფერი უნდა გაგიკვირდეს, რადგანაც სასურველ ანგარიშზე ფეხბურთის “მკვლელობა”  მათი მოგონილიაო. 

 

ალბათ ყველა მიხვდება, რომ საუბარი მოედნის ხარისხს ეხება, რომელიც არა თუ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური მატჩის, არამედ სერია ც-ს მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებდა. მოედნის ხარისხის შესახებ მატჩისშემდგომი კომენტარი მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელმაც გააკეთა და უკმაყოფილება გამოთქვა საფარის ვერმომზადების გამო. რთული სათქმელია, სჯერა თუ არა გვარდიოლას რომ ეს “ვერმომზადებული” საფარი იყო და არა პირიქით: მილანელთა მიზნების შესაბამისად მომზადებული, მაგრამ ფაქტი ერთია: ეს ფაქტი ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, გარდა “როსონერის” ფეხბურთელებისა, რომელთაც ასევე უჭირდათ მინდორზე გადაადგილება, მაგრამ ამისთვის მზად იყვნენ და თამაში არა კომბინაციებზე, არამედ ბურთის უბრალოდ წინ გადაკიდებაზე ჰქონდათ აგებული, სადაც მათ შვედ ლიდერს უნდა ევაჟკაცა და ამას თუ საბოსტნე პირობებში თამაშისთვის მოუმზადებელი კატალონიელი მცველების შეცდომაც დაემატებოდა, შეიძლებოდა საწადელისთვისაც მიეღწიათ. ამ მიზანს კინაღამ თამაშის დებიუტშივე მიაღწიეს და რომ არა “სატანისტური” უგერგილობა, ანგარიშსაც გახსნიდნენ.

 

სამაგიეროდ მათი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა მოედანზე კომბინაციური ფეხბურთის სათამაშოდ გამოსული. ერთ-ერთი ასეთი კომბინაცია, სავარაუდოდ, გოლსაც მოიტანდა, რომ არა მატჩის მთავარი არბიტრი, რომელიც თავის ყურადღებიანობას ძირითადად ტაიმების მიწურულს სასტვენთან ერთად ბურთის ოსტატურ მოხელთებაში ავლენდა და მსგავსი მომენტები ყურადღების მიღმა დარჩა.

 

მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე ნათელი გახდა, რომ “ბარსამ” სტრატეგია შეცვალა. გვარდიოლამ გადაწყვიტა, რომ არ აჰყოლოდა ვიზავის და ზედმეტად არ გაერისკა საკუთარი ფეხბურთელების ჯანმრთელობა და ორმატჩიანი დუელის ბედი. “ბარსელონა” დაცხრა…

 

როგორც იტალიელთა ერთ-ერთი წინაპარი, ნიკოლო მაკიაველი ამბობდა: მიზანი ამართლებს საშუალებას. რთული საქთქმელია მასიმილიანო ალეგრი მის იდეებს იცნობს ასე კარგად თუ მისი მიმდევარი ერთ-ერთი პორტუგალიელი ბატონის, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ალეგრის რაიმე ახალი არასაფეხბურთო საშუალების მოფიქრება მოუწევს “ბარსელონას” შესაჩერებლად, ამჯერად უკვე ბილიარდის მაგიდასავით გაპრიალებულ “ნოუ კამპზე,” სადაც ფეხბურთს ეთაყვანებიან და არა კლავენ… 

 

 

თორნიკე რაზმაძე

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში