პეპ გუარდიოლამ პრეს-კონფერენცია გამართა “გრანადასთან” მატჩის წინ და შეაფასა ჩემპიონატში არსებული სიტუაცია.
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის “რეალმა” ბოლო შეხვედრაში ფრე გააგორა “მალაგასთან”, გუარდიოლა კვლავ სკეპტიკურად უყურებს ეროვნული პირველობის მოგებას.
“არ ვიცვლი აზრს, რომელიც ორი დღის წინ უკვე გამოვთქვი. ეს იქნება ძალიან რთული დავალება, მითუმეტეს, რომ დედაქალაქური გუნდის ფეხბურთელებმა ძალიან ცოტა მატჩი წააგეს.”
ეს უზარმაზარი სამუშაოა
გუარდიოლა აცხადებს, რომ თავისი შეგირდები ყველა მატჩში იბრძოლებენ, თუმცა ის კარგად აანალიზებს იმ სირთულეებს, რომლებთანაც შესაძლოა, მათ მოუხდეთ დაპირისპირება.
“დარჩენილი თერთმეტივე მატჩის მოგება უზარმაზარი სამუშაო იქნება, არაბუნებრივად რთული დავალება. ყველას, ვისთანაც ჩვენ თამაში მოგვიწევს, გააჩნია თავისი მიზნები მიმდინარე სეზონში.”
გულშემატკივრებს კვლავ სჯერათ, რომ “ბარსელონას” ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეუძლია. ეს ფაქტი ახარებს კატალონიელთა მწვრთნელს. “მიხარია, რომ გულშემატკივრები იმედს არ კარგავენ. ამ შემთხვევაში ჩემი აზრი არ არის მნიშვნელოვანი. ფანატებმა უნდა იგრძნონ კავშირი ფეხბურთელებთან. მათ შერცხვებოდათ, რომ ეფიქრათ ისე, როგორც მე ვფიქრობ.”
მოახლოებულ მატჩზე კონცენტრაცია
გუარდიოლამ იცის, რომ ახლა მთავარია ფიქრი საკუთარ გუნდზე და არა “რეალის” თამაშზე.
“უნდა გავაკეთოთ ის, რაც არის ჩვენი ვალდებულება – ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ. კარგია, რომ სხვაობა 8 ქულამდე შემცირდა, მაგრამ ახლა მთავარია “გრანადასთან” თამაში. უნდა მოვიგოთ ყველა მატჩი და შემდეგ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ე.წ. “ქამბექზე” ფიქრი შესაძლებელი იქნება მაშინ, როცა ლიდერთან ჩამორჩენა იქნება 4, ან 5 ქულა და არა 8.”
ქება პედროს
პეპ გუარდიოლამ შეაქო თავისი თავდამსხელის თამაში “სევილიასთან” მატჩში.
“მადლობას ვუხდი პედროს იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მან თამაშში ჩადო. იგი სამ ადამიანს დასდევდა. სხვები მეტნაკლებად დამოკიდებულები იყვნენ მასზე. მას ძალიან დიდი ხანია არ უთამაშია საიმისოდ, რომ ახლა თავისი საუკეთესო ფორმა გვაჩვენოს.”


