ვიქტორ ვალდეს არიბასი
ვიქტორ ვალდესი (ლ’ოსპიტალეტ დე ლობრეგატი, ბარსელონა, 1982) "ბარსელონას" პირველი მეკარე 12 წლის განმავლობაში იყო.
ის საიმედო კარის დარაჯი იყო, რომელიც ხელითაც და ფეხითაც კარგად თამაშობდა. წლების განმავლობაში ის გუნდში უკონკურენტო იყო.
კატალონიელი ბრწყინვალედ კითხულობდა მეტოქის თამაშს და განსაკუთრებით კარგი იყო ერთი-ერთზე თამაშის დროს. ბევრ თამაშში მან გუნდი გატანილი გოლისგან არაერთხელ იხსნა. ის "ბარსელონას" მსგავსი გრანდისთვის იდეალური მეკარე იყო.
ვალდესს ყველაფერი ჰქონდა: საიმედოობა, ფიზიკური მონაცემები, ცივსისხლიანობა, ინტუიცია, ავტორიტეტი და ხედვა.
ვიქტორ ვალდესი "ბარსა ბ"-დან პირველ გუნდში 2002 წლის აგვისტოში დაწინაურდა. პირველ სეზონში ის არგენტინელი მეკარის, რობერტო ბონანოს რეზერვისტი იყო.
მომდევნო სეზონში ვალდესი სასტარტო შემადგენლობის უცლელ წევრად იქცა და ასე გრძელდებოდა 2014 წლის 26 მარტამდე, სანამ სერიოზული ტრავმა არ მიიღო და "ბარსაში" თავისი ბოლო სეზონი ნაადრევად არ დაასრულა.
ვალდესის სტატისტიკა ბევრ რამეზე მეტყველებს: კატალონიური კლუბის მეკარეებს შორის მას ყველაზე მეტი თამაში აქვს ჩატარებული. 539 ოფიციალურ შეხვედრაში მან მხოლოდ 442 გოლი გაუშვა. ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარედ (სამორას ჯილდო) ვიქტორ ვალდესი 5-ჯერ დასახელდა (2004/05, 2008/09, 2009/10, 2010/11, 2011/12). ამაზე უკეთესი შედეგი მხოლოდ "ბარსას" კიდევ ერთ ლეგენდას, ანტონი რამალიეტსს აქვს.
2011/12 წლების სეზონში ვიქტორ ვალდესმა კლუბის რეკორდი დაამყარა - მან კარი მშრალად ზედიზე 896 წუთის განმავლობაში შეინახა.
კარიერა
- სეზონები კლუბში: 2002-2014
- თამაში: 602
ტიტულები
- მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2): 2009/10, 2011/12
- ჩემპიონთა ლიგა (3): 2005/06, 2008/09, 2010/11
- ევროპის სუპერ თასი (2): 2009/10, 2011/12
- ესპანეთის ჩემპიონატი (6): 2004/05, 2005/06, 2008/09, 2010/11, 2012/13
- ესპანეთის თასი (2): 2008/09, 2011/12
- ესპანეთის სუპერ თასი (6): 2005/06, 2006/07, 2009/10, 2010/11, 2011/12, 2013/14
- კატალონიის თასი (5): 2003/04, 2004/05, 2006/07, 2012/13, 2013/14