როგორც ცნობილია, ბრაზილიელი ფეხბურთელის, მაზინიოს შვილმა, ტიაგო ალკანტარამ, რომელიც ამჟამად “ბარსელონას” ერთ-ერთ უნიჭიერეს ფეხბურთელად ითვლება, თავისი მომავალი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს დაუკავშირა. ჯერი მის უმცროს ძმაზე, რაფაელზეა, რომელიც არჩევანის წინაშეა. მას შეუძია უარი თქვას ესპანეთის ნაკრებში ასპარეზობაზე და მისი სამშობლოს, ბრაზილიის ნაკრებში გაწევრიანდეს. თუმცა ეს ნაკლებ სავარაუდოა. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია აქტიურად ცდილობს რაფაელის დარწმუნებას იმაში, რომ ესპანეთის ეროვნული ნაკრები მისთვის უკეთესია და როგორც ჩანს, მიზანი ნახევრად მიღწეულია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რაფაელი კატალონიური “ბარსელონას” რიგებში ირიცხება, ხოლო ბრაზილია მისთვის უცხო ქვეყანაა.
ესპანეთის 19 წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხულიან ლოპეტეგუმ უკვე გამოიძახა რაფინია საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მატჩში. ფეხბურთელმა მოწვევა მიიღო, ივარჯიშა და მონაწილეობაც კი მიიღო მატჩში, რომელშიც კაპიტნის სამკლაურით თამაშობდა და გოლის გატანაც მოახერხა. პირველი ნაბიჯი ესპანეთის ეროვნული ნაკრებისკენ უკვე გადადგმულია. ახლა მხოლოდ დროის საკითხია, როდის გამოიძახებს ესპანეთის მთავარი გუნდის მწვრთნელი რაფინიას ნაკრებში. თუმცა მაინც არსებობს შანსი,იმისა, რომ ამ უაღრესად ნიჭიერმა ფეხბურთელმა ბრაზილიის ნაკრებში ითამაშოს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში კი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაფინიამ ყვითელის მაგივრად, წითელი მაისური მოირგოს. ესპანეთში ასევე სჯერათ, რომ ფეხბურთელზე დიდ გავლენას იქონიებს მისი უფროსი ძმის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრია.