ხიხონის “სპორტინგის” მთავარი მწვრთნელი ხავიერ კლემენტე ფიქრობს, რომ მისი გუნდისთვის დავალების შესრულება არ იქნება ადვილი მიუხედავად იმისა, რომ კატალონიის “ბარსელონას” რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი დააკლდება. კლემენტეს თქმით, “ბლაუგრანას” სათადარიგოთა სკამი სავსეა ვარსკვლავებით და ფეხბურთელთა ჩანაცვლება მათთვის ძალიან მარტივი იქნება, რაც დიდ პრობლემებს შეუქმნის “სპორტინგს”.
“რა თქმა უნდა ძალიან კარგია “ბარსელონას” დანაკლისი რომ აქვს, თუმცა თითქმის დარწმუნებული ვარ ეს არაფერში დაგვეხმარება. “ლურჯ–ბროწეულისფერთა” სათადარიგო სკამს ნამდვილად არ აკლია მაღალი დონის ვარსკვლავები. უბრალოდ ვიმედოვნებ, რომ ისინი დაღლილები იქნებიან და ვერ ითამაშებენ ისეთ ფეხბურთს, როგორსაც აქამდე მათგან ვხედავთ. ისე კი, ჩვენი ფილოსოფია არ შეიცვლება და ისე ვითამაშებთ, როგორც წინა მატჩებში. საერთოდ, ერთი რამ ყველამ იცის–კატალონიელები მეტოქეს მხოლოდ 12 წუთს აძლევენ ბურთის გასაკონტროლებლად, დანარჩენი დრო კი თავად არიან მბრძანებლები.” –ციტირებს კლემენტეს სიტყვებს ესპანური პრესა.
როგორც მოგეხსენებათ, “ბარსელონასა” და “სპორტინგის” დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. მატჩში ვერ მიიღებს მონაწილეობას ლიონელ მესი, რომელსაც 5 ყვითელი ბარათი მოუგროვდა და დისკვალიფიცირებულია.



