3.5 წელიწადში ”ბარსას” მწვრთნელის ამპლუაში პეპ გვარდიოლამ გუნდი მე-12 ფინალში გაიყვანა. 2011/12 სეზონში თასის ფინალი მე-4 საჩემპიონო მატჩი იქნება. გუნდმა უკვე ითამაშა ესპანეთის და ევროპის სუპერთასები, ასევე მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.
სამეფო თასის 1/2 ფინალის დასრულებული დაპირისპირების ჩათვლით პეპ გვარდიოლას გუნდმა ორმატჩიანი 26 დუელიდან გამარჯვება 24-ში მოიპოვა.
”ვალენსიას” დამარცხების შემდეგ პეპ გვარდიოლას გუნდმა მე-12 ფინალის საგზური მოიპოვა. თასის ფინალი 2009 წლის განმეორება იქნება. მაშინ პეპ გვარდიოლამ პირველი ფინალი ითამაშა და გუნდთან ერთად პირველი ტიტული მოიპოვა. უკვე გამართულ 11 ფინალში მას შესაშური სტატისტიკა აქვს: 10 გამარჯვება და 1 მარცხი.
ეს პეპ გვარდიოლასთვის მეოთხე სეზონში მესამე სამეფო თასის ფინალი იქნება. ”ბარსა” თითქმის ყველა ტურნირის ფინალს თამაშობს. პეპ გვარდიოლას ერაში გუნდმა ითამაშა 3 ესპანეთის სუპერთასი, 2 ჩემპიონთა ლიგის ფინალი, 2 ევროპის სუპერთასი და 2 საკლუბო ჩემპიონატის ფინალი.
24 გამარჯვება ორმატჩიან დუელში
ამ 12 ფინალში გასასვლელად ”ბარსა” სხვადასხვა მეტოქეებს ამარცხებდა. 26 ორმატჩიანი დეულიდან 24 კატალონიელებმა მოიგეს. მხოლოდ ”სევილიამ” და ”ინტერმა” შეძლეს ”ბარსას” ორმატჩიან დუელში დამარცხება. ანდალუსიელებმა ეს 2009/10 სეზონში, სამეფო თასის 1/8 ფინალში მოახერხეს. ”ინტერმა” იმავე სეზონში ”ბარსა” ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში დაამარცხა.

