ესპანელმა ნახევარმცველმა სესკ ფაბრეგასმა, რომელიც ამ ზაფხულს ლონდონის “არსენალიდან” კატალონიის “ბარსელონაში” გადავიდა, აღიარა, რომ ყოველთვის ოცნებობდა “ლურჯ–ბროწეულისფერების” პირველ გუნდში თამაშზე. ფეხბურთელის თქმით, ეს მისი საწადელი იყო და თავდაუზოგავი შრომის შემდეგ მიაღწია კიდეც.
“ჩემი ერთადერთი ოცნება “ბარსელონას” პირველ გუნდში თამაში იყო. როდესაც ჯერ კიდევ საფეხბურთო აკადემიაში ვიყავი, ხოსეპ გვარდიოლამ ჩემს მაისურზე დაწერა: “შენ როდესღაც ოთხ ნომრიან ლურჯ–ბროწეულისფერ ფორმას მოირგებ”. ეს ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო და ამის შემდეგ უფრო ბევრს ვშრომობდი, რათა მიმეღწია საწადელისთვის. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ოცნება ავიხდინე და ვიცავ ამ გუნდის ღირსებას.” –ციტირებს ფაბრეგასის უეფას ოფიციალური საიტი.
როგორც ზევით ავღნიშნეთ, სესკი ამა წლის ზაფხულში გადავიდა “ბარსაში” და ბრწყინვალედაც მოერგო კლუბს. ბევრი მითქმა–მოთქმის მიუხედავად, ესპანელი მაინც შესანიშნავად ჩაჯდა გვარდიოლას ფორმაციის გუნდში და უკვე არაერთხელ დაიდო ლომის წილი ამა თუ იმ დაპირისპირებაში.
