ტიაგო და რაფაელ ალკანტარა ესტუმრნენ “ელ მარკადორის” სტუდიას. ისინი ძალიან გახარებულები იყვნენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრის შემდეგ. როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა მოთამაშეებით დაკომპლექტებულმა “ბარსელონამ” ბრწყინვალე თამაში აჩვენა და საკუთარ მოედანზე “ბატე” დაამარცხა. ძმების თქმით, მათი ოცნება იყო “კამპ ნოუზე” ერთად გამოსვლა.
რაფინიას, რომელსაც ახლა შეუძლია თქვას, რომ უკვე 18 წლის ასაკში ჰქონდა დებიუტი ჩემპიონთა ლიგაში “ბარსას” მაისურით, ძალიან ბედნიერია, რაც მის მიერ გაკეთებულ კომენტარზეც კარგად ჩანს.
“გქონდეს დებიუტი ამ გუნდის მაისურით ჩემპიონთა ლიგაში შენს ძმასთან ერთად, ეს ბრწყინვალე გრძნობაა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ჩვენ ერთად ვითამაშებდით “კამპ ნოუზე”. ოცნება აგვიხდა და ორივე ძალზედ ბედნიერები ვართ.”
“ფეხბურთი ჩვენს ცხოვრებაში ყოველთვის მთავარი იყო. როდესაც პატარები ვიყავით, ის კარში ჩადგებოდა და მე ვურტყამდი ხოლმე. შემდეგ შევეცვლებოდით და მე ვიყავი გოლკიპერი, ხოლო ის დამრტყმელი. იმას, რომ “კამპ ნოუზე” როდესმე ერთად ვითამაშებდით, ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდით. ძალიან კარგია ოცნება რომ ახდა და გახარებულები ვართ.” –თქვა ტიაგომ.
ძმებმა მადლობა გადაუხადეს კლუბს იმის გამო, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს ასეთ ყურადღებას აქცევს. მათ ასევე აღნიშნეს ხოსეპ გვარდიოლას მათდამი ნდობა და პატივისცემა.
“ჩვენ გვყავს მწვრთნელი, რომელიც 18–20 წლის ფეხბურთელებს აძლევს შანსს თავი გამოიჩინონ დიდ სცენაზე. გვარდიოლას სჯერა ახალგაზრდების და ენდობა მათ. ძალიან კარგია ასეთ ადამიანთან მუშაობა.” –თქვა ტიაგომ.
ასევე ამ თემასთან დაკავშირებით რაფინიამაც გააკეთა კომენტარი: “ის გვაძლევს შანსს და თავი აუცილებლად უნდა გამოვიჩინოთ. მან გადაწყვიტა ვეთამაშებინეთ “ბატესთან” და იმედები არ გავუცრუეთ. მომავალშიც იგივეს ვეცდებით.”
ალკანტარები მზად არიან განაგრძონ შრომა და კიდევ ბევრჯერ დაიცვან ერთად გუნდის ღირსება. “ვიმედოვნებთ ეს ბოლო არ არის. ჩვენ გავაგრძელებთ ოცნებას და მძიმე შრომას, რათა კიდევ დავიმსახუროთ ერთად “კამპ ნოუზე” თამაში.” –დაასრულა რაფინიამ.
