დღეს “ბარსელონა” გამართავს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას “ბატეს” წინააღმდეგ. კატალონიელებმა იციან, რომ მათ პირველი ადგილი უკვე განაღდებული აქვთ და ასევე იციან, რომ ჩასატარებელი აქვთ მძიმე მატჩი შაბათს ესპანეთის პრიმერა დივიზიონში მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ. სწორედ ამ მიზეზების გამო, კატალონიელები მოედანზე ახალგაზრდებით აღწურვილები გავლენ. ხოსეპ გვარდიოლამ გადაწყვიტა შანსი მისცეს კანტერანოებს და ეუსებიოს ნებართვით, გადმოიყვანოს ფეხბურთელები “ბარსას” სარეზერვო გუნდიდან. პეპი თვლის, რომ ისინი თავს არ დაზოგავენ და ყველანაირად ეცდებიან კარგი თამაში აჩვენონ.
“ასეთი მომენტები მწვრთნელისათვის ყოველთვის კარგია. მთავარია ახალგაზრდებს არ შეეშინდეთ და ბოლომდე ეცადონ მაქსიმალურის საჩვენებლად. მათ როგორი შეცდომაც არ უნდა დაუშვან, ჩემს თვალში მაინც არ შეიცვლებიან, რადგან სათითაოდ ვიცი ვინ რა არის.”
გვარდიოლას სწამს, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯებიან, იმიტომ, რომ ეს მათი შანსია, რათა დაამტკიცონ რაოდენ ტალანტიურები არიან.
“ეს მათი შანსია დაამტკიცონ რა შეუძლიათ. გულშემატკივრები ბევრ ახალ სახეს იხილავენ, ანუ იქნება დებიუტები. კანტერანოებმა უნდა დაამტკიცონ რაოდენ ტალანტიურები არიან. ყოველთვის აუცილებელია იცოდე, რომ პირველ გუნდში გადმოსასვლელად, ნელ–ნელა, ნაბიჯ–ნაბიჯ უნდა იბრძოლო და გამოდის, რომ ეს მათი ერთ–ერთი პირველი ნაბიჯია.”
პეპმა ასევე ისაუბრა უშუალოდ მოწინააღმდეგეზეც. ესპანელი მწვრთნელის თქმით, “ბატე” პირველ შეხვედრაში დაცვით სტილში თამაშობდა, მაგრამ ახლა უფრო შეუტევენ, რადგან იციან, რომ ახალგაზრდებს ეთამაშებიან.
“პირველ მატჩში ისინი დაცვაში იჯდნენ და კონტრშეტევებზე გვეთამაშებოდნენ. ვგონებ, ახლა “ბატეს” ფეხბურთელები უფრო გაიხსნებიან და ხშირად შეგვიტევენ, იმიტომ, რომ ახალგაზრდების წინააღმდეგ ითამაშებენ.”
რა თქმა უნდა პრესკონფერენციამ “ელ კლასიკოსთან” დაკავშირებული შეკითხვის გარეშე არ ჩაიარა. გვარდიოლამ თქვა, რომ თუ მისი გუნდი ამ თამაშს წააგებს, ამით არაფერი გადაწყდება, რადგან წინ კიდევ ბევრი მატჩია გასამართი.
“ბერნაბეუზე” არანაირი სიურპრიზები არ იქნება. ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ და მხოლოდ ერთი–ორი საიდუმლო თუ გვაქვს. თუ სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ ამით არაფერი გადაწყდება. “ლა ლიგაში” კიდევ ბევრი მატჩია გასამართი და რა თქმა უნდა ბევრი რამ შეიცვლება. ამის მიუხედავად, შაბათს ვეცდებით ვითამაშოთ ჩვენს სტილში და გამოვიყენოთ ყველა მომენტი. ასევე უნდა ვეცადოთ და არ მივცეთ მეტოქეს ხშირი შეტევების განხორციელების საშუალება. ჩემი მიზანია “ბარსელონამ” ითამაშოს მაქსიმალურად საუკეთესო დონეზე.”
