მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

   

   დიახ, ხდება…ასეთი რამ ყველას შეიძლება დაემართოს. გვარდიოლაც არ იქნება მართალი, ეს ყველაფერი რომ გუნდს დააბრალოს, არც ჩვენ ვიქნებით მართალი…ეს უბრალოდ ასე ხდება ხანდახან. ნუ გავიწყდებათ, რამდენიმე დღის წინ გუნდმა მილანში ითამაშა რთული მატჩი, რთული არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც. თითქოს სწორედ ეს ფიზიკა და ფსიქოლოგია აკლდა “ბარსელონას” წუხელ. 

    ვიღაც ლურჯ–ბროწეულისფერებს მეტოქის შეუფასებლობაში დაადანაშაულებს და შეიძლება მართალიც არის, თუმცა ცხოვრება ასეთია: შეიძლება უსეინ ბოლტმა ოლიმპიადაზე გაიმარჯვოს, რამდენიმე დღეში კი კორნუოლის საგრაფოს პირველობაზე წააგოს არა იმიტომ რომ ვინმე მასზე სწრაფად დარბის, არამედ იმიტომ რომ არ აქვს საჭირო ემოციური მუხტი, რომელიც არც ისე სწრაფად აღდგა მოგებული ოლიმპიადის შემდეგ. თავისი ემოციური მუხტი სწრაფად აღიდგინა დიეგო მარადონამ, თუმცა კოკაინის დახმარებით…. 

   აშკარა იყო გუნდს “ხეტაფესთან” გამარჯვება სურდა , თუმცა ძალების დაზოგვით. მათზე არც იმ ფაქტმა იმოქმედა, რომ თამაშის წინ მადრიდის “რეალი” 6 ქულით გავიდა წინ. თითქოს ფეხბურთელებს ეს 3 ქულა უკვე მოპოვებული ეგონათ და მხოლოდ იმასღა ელოდნენ, როდის დაფიქსირდებოდა ოფიციალურად ეს შედეგი ტაბლოზე. “ხეტაფემ” კი ამით ისარგებლა. 

   საეთოდ მასპინძლები კარგ სიტუაციაში იყვნენ მატჩის დაწყების წინ. ასეთ მდგომარეობაში არის ხოლმე პრიმერას გუნდების 90%, როდესაც მათ წინააღმდეგ სათამაშოდ გამოდის “ბარსელონა”. მათგან არ ელიან არანაირ სასწაულს და ერთადერთი რაც მათ რჩებათ, არის ის, რომ ითამაშონ მაქსიმალურად ლაღად, საკუთარი სიამოვნებისთვის, რადგამ მათზე არაა დამოკიდებული როგორ დასრულდება მატჩი. ეს მხოლოდ იმაზე დამოკიდებული, როგორ განწყობაზე იქნებიან ლურჯ–ბროწეულისფერები. ასე რომ, თუ თუ თქვენი გუნდი არაა: “ატლეტიკი”, “ვალენსია”, “სევილია” და რაღა თქმა უნდა “რეალი”, მატჩის შედეგი მხოლოდ კატალონიელთა მდგომარეობასა და მოწყალებაზეა დამოკიდებული. 

    “ხეტაფე” გუში დაცვაში იყო, იშვიათად გადადიოდა შეტევაზე და თითქოს ხიფათიც არ უნდა შექმნილიყო. პრესინგი, რომელსაც მადრიდელები მიმართავდნენ კარგად გამოიყურებოდა, თუმცა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო. კატალონიელები შეტევას იწყებდნენ პირველ სიჩქარეზე, იშვიათად ერთვებოდნენ მეორეზე და მესამე გამამწვავებელი პასიც არ კეთდებოდა. რაც უფრო ნელა აწვდიდნენ ერთმანეთს ბურთს “ბარსას” ფეხბურთელები, მით უფრო სწრაფად ახერხებდნენ მადრიდელები მეტოქის დაფარვას. ყველაფერი მარტივად ხდებოდა.

   და როდესაც “ხეტაფე” მიხვდა, რომ მეტოქე სისწრაფის მომატებას არ აპირებდა, გუნდი წავიდა შეტევაზე და მოიპოვა კუთხური. ახალგაზრდა სარაბიამ ჩააწოდა საჯაიმოში და ვალერამაც მოხერხებულად დაახვედრა თავი ბურთს. ახლა იტყვით რომ ეს არალოგიკურია! თუმცა ხომ გითხარით უკვე,  shit happens….ადრე თუ გვიან, მაინც მოვიდოდა პირველი მარცხი.

  არ მინდა მსაჯობის თემა წინ წამოვწიო, პრიმერაში ყველამ ყველაფერი იცის ამის შესახებ. იყო თუ არა პენალტი ბუსკეცის ეპიზოდში? მგონია, რომ იყო, თუმცა სერხიომ თავისი ძველი მოქმედებებით ის დაიმსახურა, რომ მსაჯმა იგი სიმულაციისთვის გააფრთხილა. ახლა მის წინააღმდეგ ჯარიმა იშვიათად ინიშნება, მაშინაც კი როდესაც დარღვევა აშკარაა და ამაში ვერავის დაადანაშაულებ, გარდა თვითონ ბუსკეცისა. იყო თუ არა თამაშგარე კეიტაზე? რაღა მნიშვნელობა აქვს ამას? 93–ე წუთზე ძელიც მხოლოდ მატჩის დასრულების ნიშანი იყო.                                                                                                                                                                                                                                                            აი “რეალი” კი გასაოცარ ფორმაშია, აბსოლუტურად გასაოცარში. ესაა ეიფორია, რომლის შეჩერება ჯერ ვერავინ შეძლო. “ლევანტესთან” მატჩმა მხოლოდ გააძლიერა ისინი და ახლა ყოველ თამაშში ისინი უფრო მაღალი ხარისხის ფეხბურთს აჩვენებენ. არღვევენ მეტოქეს პირველივე ტაიმში და მისგან ქვას ქვაზე არ ტოვებენ. გაგიჟება შეიძლება…  თუ სადმე შეიძება ეს ეიფორია შეჩერდეს, ეს მხოლოდ “ბერნაბეუა”, 10 დეკემბერს. არც ამაზე ადრე, არც ამაზე გვიან…ვნახოთ როგორი შოკოლადის კანფეტი შეგვხვდება ამჯერად….

– Life′s  a box of chocolates, Forrest. You never know what you′re gonna  get…

 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში