დიახ მეგობრებო ისევ ”ბარსელონაზე” ვწერ, ისევ ლურჯ-ბროწეულისფერ ფეერიაზე. კატალონიელთა მატჩების განხილვაში ისევ შეხვდებით ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა: დიდებული კონტროლი ბურთისა, შესანიშნავი ურთიერთგაგება, ბრწყინვალე კომბინაციები და და სხვა სინონიმები სიტყვისა ”ტიკი-ტაკა”.
და კომენტარებიც ასეთი სტატიისა კვლავ უცვლელია. აი ”რეალის” გულშემატკივარი წერს თეატრზე, მსაჯებზე, ბუსკეცზე…”ბარსელონას” გულშემატკივრების პასუხებიც უცვლელია. აზრი კი, ყველა მათგანის ერთია: ”ჩვენ საუკეთესოები ვართ, შენ კი ისღა დაგრჩენია გშურდეს ჩვენი”.
რთულია არ დაეთანხმო კულეებს. არა შურზე რა თქმა უნდა, არამედ საუკეთესოობაზე. ამაზე მეტყველებს არა მხოლოდ მოპოვებული ტიტულები, არამედ ის, რომ სიტყვა ”ბარსელონა” აღმატებითი ხარისხის აღმნიშვნელ ტერმინად იქცა. ”ჩვენ ”ბარსელონა” კი არ ვართ, რომ….”-ასეთი ფრაზა ალბათ ყველა თქვენგან მოუსმენია, რომელიმე სხვა, სუსტი გუნდის მწვრთნელისგან..ასე იწყება საუბარი კვალიფიციურ ფეხბურთელთა ნაკლებობაზე და საკუთარ გუნდში ადგილობრივი მოთამაშეების არ ყოფნაზე.
ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგა ორმა მილანურმა კლუბმა და ”მანჩესტერ იუნაიტედმა” მოიგო, თუმცა მაგალითად დარჩა ”ბარსა”. ჩემს მეხსიერებას შემორჩა ”რეალის” დიდების წლები. პირველ ”გალაქტიკოსსაც” ჰქონდა ე.წ lovehate tragedy – ის უყვარდათ და ვერ იტანდნენ, თუმცა არა ასე ძლიერად. შეიძლება იმიტომ რომ მაშინ ნაკლებად შეიძლებოდა მსოფლიოსთვის შენი შეხედულებები გაგეცნო, ან იმიტომ რომ ”გალაქტიკოსი” არ იყო ასეთი მიუწვდომელი სხვა გუნდებისთვის.
ნეიტრალურ გულშემატკივარს მოსწონდა 2008 წლის ”ბარსა”, მაგრამ ის 2004 წლის გუნდით ის აღტაცებული იყო. რამდენიმე წლის წინ ”ბარსელონა” კლუივერტით და სავიოლათი პუბლიკის დიდ მოწონებას იმსახურებდა. ქარიზმატული გუნდი, საინტერესო, თუმცა არაპროგნოზირებადი…იმ გუნდს შეეძლო ნებისმიერისთვის მოეგო, თუმცა შემდეგ ნებისმიერთან წაეგო. ისინი შესანიშნავად თამაშობდნენ თავდასხმაში და საშინლად დაცვაში. შედეგიც არ მოდიოდა.
დღვანდელი ”ბარსელონას” აქვს პრეტენზია იყოს უშეცდომო გუნდი. გაუთავებელი პასები მოედნის ცენტრში, დაზღვევაა საკუთარი კარის დასაცავად. ესაა პრაგმატიზმი, შენიღბული რომანტიზმის ნიღბით. ესაა ფილოსფია, რომელიც წლების განმავლობაში მზადდებოდა ახალგაზრდულ აკადემიაში და ”ბარსას” ყოველი თამაში თითქოს გამოცდაა ამ აზროვნებისა.
ყველაზე სახიფათო მომენტები მატჩისას, რომელიმე ფეხბურთელის შეცდომის შედეგად იქმნება, განსაკუთრებით ისეთ თამაშებში, რომელიც ორმხრივ იერიშებში მიმდინარეობს. ”ბარსელონა” ცდილბს მინიმუმადე შეამციროს ეს შეცდომები და აწესებს კონტროლს მოედანზე. გულშემატკივრებს ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, ისინი კმაყოფილნი არიან შედეგითაც და მოქმედებითაც. მოწიააღმდეგე გუნდს კი ”მშიშარა ტაქტიკით” თამაშში ვერ დაადანაშაულებ, არავის სურს საკუთარი ნებით წააგოს 0-5 და სასაცილო ბავშვის მდგომარეობაში აღმოჩნდეს.
”ბარსამ” რომ ისე ჩაატაროს ყველა მატჩი, როგორც გუშინ, გარწმუნებთ მის მიმართ არსებული ზიზღი ძალიან შემცირდებოდა. კატალონიელებმა მოიპოვეს უფლება არა მარტო ტიტულებზე, არამედ უფლება სილამაზეზეც.
ასე რომ, როდესაც გვარდიოლა დაცვის ცენტრში აყენებს არა პიკეს და პუიოლს, არამედ მასკერანოს, როდესაც იგი საყრდენად ათამაშებს კეიტას, ”ბარსას” ფანები კი არ უნდა გაბრაზდნენ, არამედ მადლობა უნდა გადაუხადონ პეპს. იცით რატომ? იმიტომ რომ პეპი თამაშში ინტრიგას აბრუნებს, იგი თავის ტაქტიკას ცვლის და მომავალ უფრო არაპროგნოზირებადს ხდის. და ჩვენ ც ვამბობთ: ” შეხედეთ, შეხედეთ რა თამაშია, საკუთარ მოედანზე მილანს შანსი გაუჩნდა!” ამ დროს კი დავიდ ვილა გოლს ვერ იტანს, მასკერანო საკუთარ საჯარიმოში პოზიციას კარგავს, ჩავი ზუსტ პასს ვერ აკეთებს. ჰოდა ალბათ ჯობია გახდე კარგი და არა საუკეთესო, მაშინ ამდენი ადამიანი აღარ იქნება, რომელსაც ეზიზღები. თუმცა ამას ჩვენ კი არა აქ, არამედ შორს, შორეულ კატალონიაში წყვეტენ.
