…რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ყველას, ყოველთვის ემახსოვრება ლურჯ–ბროწეულისფერი მაისურით მოთამაშე შავკანიანი ბიჭი, რომელსაც ზურგზე ნომრად რიცხვი 9 ეწერა. იგი ხომ ბრწყინვალე იყო. მას საოცარი სისწრაფე და ტექნიკა ჰქონდა. თავისუფლად შეეძლო გადამწყვეტ მომენტებში თამაშის საკუთარ თავზე აღება და მეტოქის დამწუხრება. მისი სახელი სამუელ ეტო’ოა. საკმარია გავიხსენოთ კამერუნელი ფეხბურთელის გოლები “ელ კლასიკოში” ან 2006 და 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალებში ლონდონის “არსენალის” და “მანჩესტერის” წინააღმდეგ და მივხვდებით, თუ რა დონის იყო იგი. მან “ბარსელონასთან” ერთად ახალი ისტორია შექმნა… ისტორია, რომელიც ახლაც იწერება.
სამუელისთვის კატალონიაში გატარებული წლები საუკეთესო იყო მის კარიერაში. წარმატებული გამოსვლის მიუხედავად, მას მაინც ჰქონდა ხელმძღვანელობასთან პრობლემები და წავიდა… წავიდა თავაწეული და ამავდროულად დამწუხრებულიც. ეტო’ომ “ბარსასთვის” ბევრი გააკეთა და ამიტომ იყო ამაყი, ხოლო მწუხარების მიზეზი კი ის იყო, რომ კიდევ სურდა “ლურჯ–ბროწეულისფერობა”.
ახლა იგი მახაჩკალას “ანჟის” ღირსებას იცავს. დიახ, სწორედ იმ გუნდში თამაშობს, რომელიც ფულითაა “გატენილი” და სწორედ “ხელის ჭუჭყით” სურს სუპერვარსკვლავების გადაბირება. სამუელმა მიიღო გადაწყვეტილება და ყველაფერს ფული ამჯობინა. მართალია კვლავ იტანს გოლებს, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით რატომ ჩერდება ეტო’ო რუსეთში. სწორედ ამიტომ, მას ხშირად ქეჯნის სინდისი და საღამოობით ხშირად ეცხადება მოჩვენება…
–ვინ ხარ?
–შენი მოსახელე ვარ; შენი “მეორე მე”.
–რა გინდა, რისთვის მოხვედი? არ დამანებებ თავს ბოლოს და ბოლოს?
–მოვედი, რათა განგკითხო და დაგეხმარო სულის გაწმენდაში. რატომ დამმარხე? რა გსურდა? საით მიექანებოდი? რას მოელოდი იმაზე მეტს რაც ვიყავი?
–და ვინ იყავი შენ?
–მოხათრე, კეთილი, ალალი და მშრომელი. ყველაფერს ვაკეთებდი, რათა ჩემს გუნდს წარმატებისთვის მიეღწია. მთავარია კაცურკაცობა ვიცოდი. სხვა რა მინდოდა?
–იტყუები! ფეხბურთელის კვალობაზე ღარიბი და ბეჩავი იყავი! ისე გიყენებდნენ, როგორც უნდოდათ.
–არა, არა. ძალიან მდიდარი ვიყავი. რაც მქონდა, ჩემი შრომით მქონდა მოპოვებული. კაცებში კაცი ვიყავი და ყველას ვუყვარდი და პატივს მცემდა. სინდისი მქონდა სუფთა, სინდისი.
–და ახლა ვინ ხარ ერთი ეს მითხარი?
–ამას ყოფნა ქვია? შენ მე დამასამარე. ჩემი სხეული ეშმაკს ჩააბარე და მხოლოდ ფულს ხედავ. მხოლოდ ფული ანიჭებს შენს ცხოვრებას ინტერესს და ამის გარდა არაფერზე ფიქრობ. ყველამ დაინახა რაც ხარ და საითკენაც მიისწრაფი.
–ტყულია, ტყუილი!
–სიმართლეა! შენ სიზარმაცე და უშრომველობა გაიძმობილე. მთავარია ფულს გიხდიან და შენც ამის მეტი არაფერი გაღელვებს. დაისჯები, სასტიკად დაისჯები! განდევნე ეშმაკი შენი სულიდან და ყველაფერს მწვანე, დოლარის ფერში ნუ ხედავ!
ამის შემდეგ გაქრება ხოლმე მოჩვენება და უახლოესი რამდენიმე დღის მანძილზე ეტო’ო ფიქრობს ამ ყველაფერზე და ხვდება თავის დანაშაულს. ჩვენთვის კი–”ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მან აქ თამაშისას თავი არ დაზოგა და ყველაფერი გააკეთა. იგი მოვიდა, სასწაულები ჩაიდინა და წავიდა…
