…დრო გაუჩერებლად მიდიოდა. ერთ დღეს მეორე მოჰყვებოდა, მეორეს–მესამე და ასე შემდეგ. წლებიც ისე უცბად გადიოდა, რომ ადამიანი პრაქტიკულად ვერაფერს ასწრებდა. მხოლოდ ნამდვილად მონდომებულებს და ნიჭიერებს შეეძლოთ რაიმე სახეიროს გაკეთება და მიღწევა. ასეთები მსოფლიოში არც ისე ბევრნი იყვნენ. ამიტომ ხალხის უმეტესობა, ცბიერებით და ეშმაკობით ცდილობდა ფულის ან რაიმე სხვა მნიშვნელოვანის მოპოვებას. ეს იყო ყველაზე ცუდი გზა, რადგან ბოლოს ეს ადამიანები ღმერთისაგან მწარედ ისჯებოდნენ და სულ სისხლის ცრემლებს ღვრიდნენ და ნანობდნენ წარსულში ჩადენილი ცოდვების გამო…
არგენტინის ქალაქ როზარიოში, ერთ ლამაზ ოჯახს რიგით მესამე ვაჟი შეეძინა, რომელსაც დაბადებიდანვე ეტყობოდა, რომ სიკეთის და სიყვარულის განსახიერება იყო. ბიჭს ლიონელი დაარქვეს და მოფერებით ლეოს ეძახდნენ. დრო მიდიოდა და მასაც ასაკი ემატებოდა, მაგრამ სიმაღლეში კი მაინც და მაინც არ იზრდებოდა. მიუხედავად ამ გასაჭირისა, ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში, იგი იბრძოდა და ხვდებოდა, რომ მონდომებით და თავდაუზოგავი შრომით ყველას და ყველაფერს დაამარცხებდა. ყმაწვილს ფეხბურთელობა სურდა, მაგრამ როდესაც ამას მის გარშემო მყოფი ხალხი იგებდა, სიცილის მეტს არაფერს აკეთებდნენ, რადგან მისი სიმაღლის შემხედვარე, ძნელი წარმოსადგენი იყო, როგორც პროფესიონალი სპორთსმენი.
ლიონელი ლოცვაში იღვიძებდა და ლოცვაში იძინებდა. ოთახი წმინდანების ხატებით და ჯვრებით ჰქონდა სავსე. მშობლები მისი პრობლემის გამო თავს ძალიან ცუდად გრძნობდნენ. მკურნალობის ხარჯების დაფარვის საშუალება კი მათ არ ჰქონდათ. დანარჩენი შვილებისგან განსხვავებით, ისინი ლეოს უდიდეს ყურადღებას უთმობდნენ და სულ ეფერებოდნენ, ანუგეშებდნენ. და–ძმაც მხარში ედგა თავის თავში დარწმუნებულ პატარა ბიჭს. მთელი ოჯახი სასწაულის მოლოდინში იყო. სასწაულისა, რომელიც სრულიად შეცვლიდა მათ ცხოვრებას და ლიონელს მისცემდა იმას, რაც აკლდა სრულყოფილებისთვის. და ამ სასწაულის დროც მოვიდა…
ლეო, სიდაბლის მიუხედავად, შესანიშნავად ათამაშებდა ბურთს და ყველას აოცებდა თავისი თამაშით. ერთ დღესაც, სტადიონიდან დაბრუნებულს, ძლიერ ეძინებოდა, რადგან მოთენთილი იყო. დაღლა იმისგან იყო გამოწვეული, რომ როდესაც იგი მოედანზე გადიოდა, იქ მთელ გულს და სულს, ჯიგარს და ჟინს დებდა, რათა წარმატებისთვის მიეღწია. სახლში არავინ იყო და ლიონელს, იქვე შემოსასვლელში მდგარ დივანზე ჩაეძინა. სწორედ ამ დროს მოხდა საოცრება: მას ანგელოზი გამოეცხადა.
–გამარჯობა ლეო. –მიესალმა ანგელოზი.
პატარა ბიჭმა ხმა ვერ ამოიღო და შეშინებულმა თავზე საბანი გადაიფარა.
–ნუ გეშინია. აქ შენს დასახმარებლად მოვედი. შენი დაბადების პირველი დღიდანვე გიყურებ და ძალიან მომწონხარ. მომწონს შენი იმ საქმისადმი სიყვარული, რომელსაც აკეთებ. საერთოდ, მე დიდ პატივს ვცემ ადამიანებს, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე შრომისუნარიანები და რაც ყველაზე მთავარია, კეთილები არიან. შენში ეს ყველაფერი დავინახე და მინდა დაგეხმარო. ამიტომ მე მოგცემ იმას, რაც ასე ძალიან გჭირდება. ხვალ შენი მომავალი გადაწყდება. მოვლენ და წაგიყვანენ იქ, სადაც განიკურნები ამ დაავადებისგან, სიმაღლეში გაიზრდები და გახდები მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. მაგრამ, ერთი რამ უნდა დამპირდე: ყურადღება არ მიაქციო ხალხს, ვინც ამ ხნის მანძილზე დაგცინოდა სიდაბლის გამო და როცა გაიზრდები, მათი ეს ბოროტება დავიწყებული გქონდეს. შენ დიდი ძალაუფლება გექნება და არ მსურს ვინმეს ზიანი მიაყენო. ვფიქრობ, ამაზე საუბარი არც მჭირდება, რადგან უკვე აქედანვე ისეთი კეთილი ხარ, რომ არ მგონია ცუდის გაკეთება შეგეძლოს. ამიტომ დაეხმარე გაჭირვებულებს და მხარში ამოუდექი, რათა მათაც აასრულებინო ოცნება და გაახარო. კარგად იყავი ლეო. –ანგელოზმა გაუღიმა და გაქრა.
ლიონელი ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო რა მოხდა და შიშისაგან კანკალებდა. როდესაც მშობლები სახლში დაბრუნდნენ, მან ყველაფერი უამბო და რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ოჯახის წევრებმა ეს ნაამბობი დაიჯერეს. მათ ხვალინდელი დღის იმედი მიეცათ და იმ ღამით ტკბილად დაიძინეს.
გათენდა და როზარიოში ჩამოვიდნენ ადამიანები, რომლებმაც ესპანეთიდან, კერძოდ კი ბარსელონადან 10 000 კილომეტრზე მეტი გადმოიფრინეს, რათა ენახათ ლიონელი. მესის ოჯახი მიხვდა, რომ ეს ანგელოზის მიერ გამოგზავნილი ხალხი იყო. როგორც გაირკვა, ისინი კლუბ “ბარსელონას” წარმომადგენლები იყვნენ და ყველაფერს გაიღებდნენ, სიმაღლეში გაზრდისთვის საჭირო მკურნალობის ხარჯებსაც დაფარავდნენ, ოღონდ უნიჭიერესი ბავშვი თავის საფეხბურთო სკოლაში გადაეყვანათ. მშობლებიც დათანხმდნენ ამ შემოთავაზებას და კატალონიაში გადაბარგდნენ.
გავიდა ხანი და მართლაც, ლიონელი ჩამოყალიბდა პროფესიონალ ფეხბურთელად და გახდა მსოფლიოში საუკეთესო. იგი აოცებდა ხალხს თავისი თამაშით. მას ნამდვილად დიდი ძალაუფლება ჰქონდა და არც ფული აკლდა. ამის მიუხედავად, არასოდეს უცხოვრია ზედმეტად განსხვავებულად. ყოველთვის ცდილობდა ისეთივე ჩვეულებრივი ყოფილიყო, როგორიც სხვა მოქალაქეები იყვნენ. ლეოს პირობა არასოდეს დავიწყებია. მას ანგელოზის ნათქვამი სიტყვები სულ გულში ჰქონდა და ყველანაირად ეხმარებოდა გაჭირვებულ ბავშვებს. ეს არ ხდებოდა ვალდებულების მოხდის მიზნით. ის ნამდვილად ზრუნავდა და გული შესტკიოდა პატარა ყმაწვილებზე, რომლებსაც არ შეეძლოთ ამა თუ იმ მიზეზის გამო საკუთარი ოცნებების ახდენა.
დრო მიდიოდა გაუჩერებლად. ლეომ საფეხბურთო კარიერა დაასრულა, მაგრამ ქველმოქმედებას კი აგრძელებდა. ერთ საღამოს, როდესაც მან შვილის შვილი და მოსახელე დააძინა და შუქის ჩაქრობას და ოთახიდან გამოსვლას აპირებდა, წინ კვლავ ანგელოზი წარმოუდგა. მოხუცებულმა იცნო თავისი ოცნების ამსრულებელი და ამჯერად მოახერხა ხმის ამოღება.
–გამარჯობა ლეო, გახსოვარ? –მიუგო ანგელოზმა.
–მახსოვხარ, აბა არ მახსოვხარ? თქვენს თავს რა დამავიწყებს. თქვენ ამისრულეთ ოცნება და დამიბრუნეთ ცხოვრების ხალისი. როგორც იქნა მომეცა მადლობის გადახდის საშუალება…
–მადლობა მე უნდა გითხრა. შენ ნამდვილად გაამართლე ჩემი იმედები და პირობასაც ასრულებ. ძალიან მზრუნველი და თბილი ადამიანი ხარ. იცი შენმა გაწეულმა დახმარებამ რამდენი პატარა ბავშვის ცხოვრება შეცვალა? ამისათვის უდიდეს პატივს გცემ. ნამდვილი მაგალითი ხარ ყველა დედამიწაზე მცხოვრებისათვის. შენ დაიმსახურე მათი სიყვარული. –ეს თქვა ანგელოზმა, პასუხს აღარ დაელოდა და გაქრა.
აი ასეთი იყო ერთ დროს პატარა ბიჭად წოდებულის, შემდეგ კი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის, ლიონელ მესის ცხოვრება. იგი დაამახსოვრდა ხალხს, როგორც უდიდესი მოთამაშე და უდიდესი პიროვნება. მან ბევრის ცხოვრება შეცვალა, ბევრს დაეხმარა ოცნების ასრულებაში…
დრო კი კვლავ გაუჩერებლად მიდიოდა. ერთ დღეს მეორე მოჰყვებოდა, მეორეს–მესამე და ასე შემდეგ…
