workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბუსკეტსი: “იაია ტურესგან ბევრი რამ ვისწავლე”

ბუსკეტსი: “იაია ტურესგან ბევრი რამ ვისწავლე”

ეს არის “ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ახალგაზრდა ფეხბურთელის სერხიო ბუსკეტსის ექსკლუზიური ინტერვიუ კატალონიურ გამოცემა El Mundo Deportivo-სთან.

ხშირად იხსენებ იმას, რომ ესპანეთის მესამე დივიზიონიდან მხოლოდ 2 წელი დაგჭირდა იმისათვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გეთამაშა?

ძალიან ხშირად, მაგრამ ეს ნორმალურია. მსგავს რამეს ძალიან იშვიათად არწევს ვინმე. 21 წლის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში უკვე ძალიან საამაყოა. ახლა იმის დროა, ყველას დავანახო ჩემი შესაძლებლობები და ვნახოთ თუ შეგვიძლია ამ ტურნირზე გამარჯვება.

რა გრძნობაა, როდესაც 23 ფეხბურთელს შორის ყველაზე ახალგაზრდა ხარ,  ეროვნულ ნაკრებში?

ვიცი, რომ ყველაზე ახალგაზრდა ვარ, თუმცა გუნდში არიან 1988 წელს დაბადებული ფეხბურთელები. ძალიან საამაყო და სასიამოვნოა, როდესაც ახალგაზრდულ ასაკში მოხვდები ისეთ ფეხბურთელებს შორის, როგორებიც ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში ირიცხებიან. ეს ჩემთვის ოცნება იყო 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე და ეს ოცნება მსოფლიო ჩემპიონატზე ამიხდა.

სად უყურე ევროპის ჩემპიონატის ფინალს?

მაგ დღეს მეგობრის ქორწილში ვიყავი, ჩვენ ერთად ვთამაშობდით ახალგაზრდულ გუნდში, ახლა ის “ნუმანსიას” ღირსებას იცავს. რამდენიმე გუნდელი ვიყავით დაპატიჟებული და იქ ვუყურეთ ფინალურ მატჩს.

პედრო, რომელიც შენთან ერთად ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა, კვლავ შენ მხარდამხარ იბრძვის…

პედრო ერთი წლით დიდია ჩემზე. ჩვენ ერთად ვთამაშობდით იმ გუნდში, რომელმაც სეგუნდა B მოიგო, ახლა კი მსოფლიო ჩემპიონატზე ვიასპარეზებთ. მის შემთხვევაშიც ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, ისევე როგორც ჩემ შემთხვევაში. დრო მიფრინავს და თუ არ გამოიყენე ხელსაყრელი მომენტი, დაიკარგები.

ხედავ სასტარტოში საკუთარ თავს?

ჩვენ ყველა ვთამაშობთ იმისათვის, რომ საკუთარ ნაკრებს დავეხმაროთ, ხოლო საბოლოო სიტყვა რა თქმა უნდა გუნდის მწვრთნელს ეკუთვნის.

თორმეტი ჩატარებული მატჩიდან თორმეტივეს მოგების შემდეგ არ შეიძლება მწვრთნელს რამეში ეჭვი ეპარებოდეს…

“ბარსელონაში” და ეროვნულ ნაკრებში ამდენი მოგებები ძალიან მახარებს, მსურს “ბარსელონას” მსგავსად, ნაკრებშიც გავაგრძელო ტიტულების მოგება.

ვიქტორ ვალდესი “ბარსელონას” ძირითადი მეკარეა, თუმცა ის ეროვნულ ნაკრებში პირვლად მოხვდა, რამე დარიგება ხომ არ მიგიცია?

მისი ასაკის მიუხედავად მე მეტი მატჩი მაქვს ჩატარებული ესპანეთის ნაკრებში ვიდრე ვიქტორს, მაგრამ ის ნაკრებშიც იგივე პიროვნება და ფეხბურთელია როგორც “ბარსაში” და მის გამოცდილებას უდიდეს პატივს ვცემ.

როგორი იყო შენი შეხვედრა ვილიასთან, უკვე შენ თანაგუნდელთან კლუბში?

ვილია ძალიან დაგვეხმარება შემდეგ სეზონში. მას უამრავი გოლი გააქვს ყოველ წელს. ის იდეალური ვარიანტია “ბარსასთვის”, რადგან მან ძალიან კარგად იცის რა უნდა გააკეთოს ცენტრალური ფორვარდის ამპლუაში.

როგორც ჩანს იაია ტურე კლუბიდან წასვლას აპირებს, რომელიც 2 წლის მანძილზე შენი თანაგუნდელი იყო.

მე ამის შესახებ დეტალები არ ვიცი. თუმცა ერთის თქმა შემიძლია, ტურე დიდებული ფეხბურთელია, მე მისგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

ვილიასა და ცესკის შესაძლო ტრანსფერს “რეალმა” დაუპირისპირა მოურინიო…

ჟოზე მოურინიოს “რეალში” გადასვლა დამატებითი მოტივაცია იქნება ჩვენი კლუბისათვის. მოურინიოს მოწინააღმდეგეზე ზემოქმედების განსაკუთრებული ხერხები აქვს, ის არაორდინალური მწვრთნელია, თუმცა ჩვენ მის პროვოკაციებს არ ავყვებით და ჩვენ საქმეზე ვიქნებით კონცანტრირებული.

დიდი განსხვავებაა გვარდიოლასა და ეროვნული ნაკრების მწვრთნელს შორის?

ისინი მეტ-ნაკლებად გვანან ერთმანეთს, “ბარსელონა” და ესპანეთის ნაკრები მსგავს ფეხბურთს თამაშობს, თუმცა არის მცირე დეტალები რითაც განსხვავდებიან.

ორი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ჩავიმ და პუიოლმა რამე დარიგება ხომ არ მოგცეს?

მათ მითხრეს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ყველა ტურნირისაგან რადიკალურად განსხვავდება და ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენაა მსოფლიოში.

შენი პირველი მოგონება მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით…

მახსოვს 1998 წლის საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატი და ამ ქვეყნის საოცრად მოთამაშე ეროვნული ნაკრები.

შეძლებს ესპანეთის ნაკრები საფრენგეთის შედეგის გამეორებას და ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფით დამთავრებას?

მე ვფიქორბ, რომ ორი სხვადასხვა საფეხბურთო ერა ერთმანეთს არ უნდა შევადაროთ. მგონია, რომ ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება, ჩემმა თანაგუნდელებმა მოიგეს ევროპის ჩემპიონატი და მათი გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება.

რას იტყვით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაზე?

სამხრეთ აფრიკა განსხვავებული ქვეყანაა, იქ ახლა ზამთრის სეზონია და საკმაოდ ცივი ამინდები იქნება, თუმცა ამ ყველაფერმა თამაშზე არ უნდა იმოქმედოს, ჩვენ უინდა ვითამაშოთ და უნდა მოვიგოთ.

totalbarca.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward