საქართველოს ნაკრების ყოფილმა და ამჟამად სანტანდერის “რასინგის” მთავარმა მწვრთნელმა, ჰექტორ რაულ კუპერმა აქო და ადიდა კატალონიის “ბარსელონა” და მისი მთავარი მწვრთნელი, ხოსეპ გვარდიოლა. როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-7 ტურის შეხვედრაში, კუპერის გუნდი სწორედ “ბარსას” დაუპირისპირდება და შეეცდება ამ სეზონში გასვლაზე პირველად გამარჯვებას.
-რა ხდება სანტანდერში?
-ყველაფერი ცუდად მიდის. ჩვენ ძალიან მცირე ბიუჯეტი გვაქვს და ამის გამო გვიჭირს. უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ რაც გვაქვს ამაზე მეტს ვერ მივიღებთ. აუცილებელია გამოვასწოროთ თამაში, რათა მივაღწიოთ სამომავლო მიზნებს.
-შეძლებს კი “რასინგი” ამ შაბათს კარგი შედეგის მიღწევას?
-ეს ძალიან ძნელი იქნება. ჩვენ უნდა მოვინდომოთ, რათა გამოგვივიდეს კარგი თამაში. ვხვდებით, რა გუნდთან გვაქვს საქმე და, რომ გაგვიჭირდება. ამის მიუხედავად მთლიანად დაცვაში ჩაჯდომას არ ვაპირებთ და აუცილებლად შევუტევთ კიდეც. დასაკმაყოფილებელი შედეგის მიღწევა პრაქტიკულად წარმოუდგენელია, თუმცა ვეცდებით მეტოქეს ჩვენი თამაში შემოვახვიოთ თავს.
-რას ფიქრობთ ამ “ბარსაზე”?
-ჩემი პასუხი გასაკვირი ნამდვილად არ იქნება. რაც ფეხბურთში ვმოღვაწეობ, ასეთი არაფერი მინახავს. ისინი სასწაულს აკეთებენ. ახლანდელი “ბარსელონა” მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო კლუბია. ხმამაღლა შემიძლია ვთქვა, რომ კატალონიელები ყველაზე ერთი თავით მაღლა დგანან და მათთან ჯერჯერობით ვერავინ მივა. იქ ყველა ფეხბურთელი ბრწყინვალეა; ყველას ყველგან შეუძლია თამაში. მაგალითად, შეიძლება თავდამსხმელი მოედნის ცენტრში იდგეს, ხოლო დამცველი ძალიან სახიფათო იყოს შეტევაში. აბა ეს თუ ასე არაა მაშინ გამაგებინეთ, ბუსკეთსი ჩამშლელი ნახევარმცველია თუ ცენტრალური მცველი? მესი ვინგერია, ფორვარდი, თუ შემტევი ნახევარმცველი? მაშერანოზე უკვე აღარაფერს ვამბობ. ყოველთვის ვიძახდი სრულყოფილება არ არსებობს მეთქი, მაგრამ ეს “ბლაუგრანა” სრულყოფილებასთან ძალიან ახლოსაა.



