ლონდონის “არსენალს” ცუდი დრო უდგას. გუნდი დატოვეს ერთ–ერთმა მთავარმა ლიდერებმა: სესკ ფაბრეგასმა, სამირ ნასრიმ და გაელ კლიშიმ. “მეთოფეები” ახლა პრემიერ ლიგაში მე–15 ადგილს იკავებენ. მათ უკვე 6 წელია ტიტული არ მოუგიათ და ექსპერტების აზრით არსენ ვენგერის წასვლა გარდაუვალია. ფრანგი მწვრთნელი ყველაფერს აკეთებს, რათა კლუბი კვლავ ფეხზე დადგეს, თუმცა ჯერჯერობით სასიკეთო არაფერი ჩანს. ინგლისური გამოცემა Daily Mirror იტყობინება, რომ ვენგერის მთავარ შემცვლელად კატალონიის “ბარსელონას” დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლა მოიაზრება.
არსენი “არსენალს” უკვე 15 წელია სათავეში უდგას და ამ ხნის მანძილზე გულშემატკივარს ბევრი სიხარული განუცდია. მაგრამ ამის მიუხედავად თუ წარუმატებელი სერია გაგრძელდა (განსაკუთრებით აღსანიშნავია 8:2 მარცხი “მანჩესტერთან” და 2:1 წაგება “ტოტენჰემთან”) აუცილებელი გახდება ფრანგის გუნდიდან გაშვება. გვარდიოლას გარდა მის შემცვლელად მოიაზრებიან საფრანგეთის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი ლორან ბლანი და “არსენალის” ლეგენდა დენის ბერგკამპი, რომელიც ახლა ჰოლანდიურ “აიაქსში” ასრულებს სხვადასხვა მოვალეობებს.


