ბარსელონა-ატლეტიკო | მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-ატლეტიკო | მატჩისწინა მიმოხილვა

სეზონის ბოლომდე დარჩენილ მეტოქეებს შორის დღეს ყველაზე რთული გვყავს. მადრიდის “ატლეტიკო” შესანიშნავ ფორმაშია და ლა ლიგაში მე-2 ადგილსაც უმიზნებს, რაც ამ გუნდს ესპანეთის სუპერ თასზე მოხვედრის საშუალებას მისცემს. რეალური შანსების შესანარჩუნებლად დღეს დიეგო სიმეონეს გუნდს მოგება ჭირდება.

სათამაშო ფორმა

სეზონის მეორე ნახევარში ევროპულ ჩემპიონატებში ყველაზე კარგ ფორმაში მყოფი გუნდი “ატლეტიკოა”. დიეგო სიმეონეს გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ შესაძლო 45 ქულიდან 36 აიღო, რაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში საუკეთესო შედეგია. მადრიდელებს ლა ლიგაში 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, ბოლო 6 შეხვედრა კი მათი გამარჯვებით დასრულდა. ესპანეთის ჩემპიონატში “როხიბლანკომ” ბოლოს სწორედ “ბარსელონასთან” წააგო.

შიდა ჩემპიონატში მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ აღებულ ქულებში “ატლეტიკოს” “ბარსელონა” მოსდევს. კატალონიელებმა მუნდიალის შემდეგ შესაძლო 45 ქულიდან 35 აიღეს, თუმცა ბოლო დროს ჩავის გუნდს ძალიან გაუჭირდა.

“ბლაუგრანამ” ლა ლიგის ბოლო 2 შეხვედრა 0-0 ითამაშა, მანამდე კი “რეალ მადრიდთან” ესპანეთის თასზე 0-4 განადგურდა. ზედიზედ 3 მატჩია, “ბარსა” გოლის გატანას ვერ ახერხებს. თუმცა ამას ლოგიკური ახსნაც აქვს.

დანაკლისი

წინა აბზაცში ნახსენები ლოგიკური ახსნა პედრისა და ფრენკი დე იონგის დანაკლისია. ხსენებულ 3 შეხვედრაში ამ ნახევარმცველებს არ უთამაშიათ და აშკარად გამოჩნდა, რომ მათ გარეშე გუნდს შეტევაში ფანტაზია აკლია. კარგი ამბავი ისაა, რომ ესპანელი და ნიდერლანდელი შუახაზელები დაგვიბრუნდნენ და დღეს მათ სავარაუდოდ სასტარტო შემადგენლობაში ვიხილავთ.

კვლავ ლაზარეთში რჩებიან უსმან დემბელე და ანდრეას კრისტენსენი, რომლებსაც სერჟი რობერტოც შეუერთდა.

“ატლეტიკოს” ჯოფრი კონდოგბია, მემფის დეპაი, მარკოს ლიორენტე და რეინალდო არ ეყოლება.

ურთიერთშეხვედრები

“ატლეტიკოზე” მეტჯერ “ბარსა” მხოლოდ “რეალ მადრიდს” შეხვედრია.

ამ გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 241 დაპირისპირებას ითვლის, საიდანაც “ბლაუგრანამ” 107 მოიგო, 56 ფრედ დაასრულა და 78 წააგო. კატალონიელებმა მადრიდელებთან გამართულ მატჩებში გაიტანეს 451 და გაუშვეს 355 გოლი.

“ბარსელონას” ბოლო 2 თამაში მოგებული აქვს, მათ შორის ერთი მიმდინარე სეზონში, მადრიდში, როდესაც კატალონიელებმა დემბელეს გოლით იმარჯვეს. ამ ორ შეხვედრამდე კი “ბარსას” “ატლეტიკოსთან” ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა.

საკუთარ კედლებში “ატლეტიკოსთან” გამართულ 121 მატჩში “ბარსას” 67 მოგება, 32 ფრე და 22 წაგება დაუგროვდა. 

არბიტრი

შეხვედრას ხოსე მარია სანჩეს მარტინესი განსჯის.

სანჩეს მარტინესი 39 წლისაა. მან მსაჯობა 2010 წელს დაიწყო. 2011 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2015 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.

კარიერის განმავლობაში მარტინესი თამაშში საშუალოდ 27.6 ჯარიმასა და 0.29 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.6 ყვითელ და 0.30 წითელ ბარათს უჩვენებს. სანჩეს მარტინესის მიერ განსჯილი თამაშების 43%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 33%-ში – სტუმრები.

ხოსე მარია სანჩეს მარტინესის სტატისტიკა “ბარსელონასა” და “ატლეტიკოს” თამაშებში:

ბარსელონა ატლეტიკო
თამაში 28 19
მოგება 21 10
ფრე 2 7
წაგება 5 2
მოგების % 75% 53%
სასარგებლოდ დანიშნული პენალტი 7 1
საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი 6 1
სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი 6 4
საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი 1 1

გამორჩეული ფეხბურთელი

“კამპ ნოუზე” სტუმრის სტატუსით ბრუნდება ანტუან გრიზმანი, რომელიც მიმდინარე სეზონში ძალიან კარგ ფორმაშია. “ბარსას” ყოფილი შემტევი “ატლეტიკოში” საუკეთესოა როგორც გატანილ გოლებში (11), ასევე საგოლე გადაცემებში (8). “ალმერიასთან” გამართული წინა ტურის შეხვედრა მადრიდელებმა სწორედ მისი დუბლით მოიგეს.

ანტუანს “კამპ ნოუზე” სტუმრის სტატუსით არასდროს მოუგია. გამართულ 13 შეხვედრაში მას 2 ფრე და 11 წაგება აქვს. გრიზმანს თავი არც გატანილი გოლით გამოუჩენია.

სულ “ბარსელონას” წინააღმდეგ ჩატარებულ 28 შეხვედრაში ანტუან გრიზმანმა 5 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 17 წააგო, გაიტანა 6 გოლი და გააკეთა 5 შედეგიანი გადაცემა.

დღევანდელი შეხვედრა განსაკუთრებული იქნებოდა “ბარსელონადან” “ატლეტიკოში” იანვარში გადასული მემფის დეპაისთვისაც, მაგრამ ნიდერლანდელი თავდამსხმელი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს.

სტატისტიკა

  • ამ გუნდებს შორის “კამპ ნოუზე” გამართულ ბოლო 23 თამაშში “ბარსელონას” მხოლოდ 1 წაგება აქვს;
  • ამ გუნდების ბოლო 5 დაპირისპირებიდან ოთხში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდების ბოლო 10 დაპირისპირებიდან რვაში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ბარსელონას” ბოლო ორ თამაშში გოლი არ გასულა;
  • “ბარსელონას” ბოლო 3 თამაშში გოლი არ აქვს გატანილი;
  • “ბარსელონას” ლა ლიგის ბოლო 6 თამაშში მხოლოდ 1 გოლი აქვს გაშვებული;
  • ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” მხოლოდ 2 გოლი აქვს გაშვებული, აქედან ერთი თერთმეტმეტრიანი და ერთი ავტოგოლი;
  • “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “ატლეტიკოს” 6-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს;
  • “ატლეტიკო” ბოლო 15 თამაშში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • “ატლეტიკოს” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ატლეტიკოს” ბოლო 7 თამაშიდან ექვსში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.91 ანიჭებენ, რაც მოგების 52%-იან შანსს უდრის, “ბარსელონა” კი ასეთი თამაშების მხოლოდ 10%-ს იგებს;
  • ტოტალიზატორები “ატლეტიკოს” მოგებას კოეფიციენტს 4.33 ანიჭებენ, რაც მოგების 23%-იან შანსს უდრის, “ატლეტიკო” კი ასეთი თამაშების მხოლოდ 1%-ს იგებს.

ჩავი მატჩის წინ

ჩვენი იდენტობა უნდა დავიბრუნოთ. ხვალინდელი თამაში დიდ მოტივაციას გვაძლევს. “ატლეტიკო” დიდებული გუნდია. ჩვენ უმაღლესი დონის მეტოქეს ვეთამაშებით. სიმეონეს გუნდი ალბათ ევროპაში საუკეთესო ფორმაშია.

ჩავის კომენტარი სრულად

სავარაუდო შემადგენლობები

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, გარსია, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, ალონსო, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.

Marca

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, ალონსო, ბალდე, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.

AS

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, არაუხო, ალონსო, ბალდე, ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი,გ ავი.

პროგნოზი

  • WhoScored: 2-3
  • SportsMole: 1-1
  • Sportskeeda: 1-1
  • 90min: 0-2

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    23 აპრ 2023, 14:14

    სტატისტიკა კი გვაქვს კარგი, მაგრამ ამას ეხლა მნიშვნელობა არა აქვს. ატლეტიკო მშვენიერ ფორმაშია და ცუდი წინათგრძნობა მაქვს.

  • C.PC5
    23 აპრ 2023, 11:17

    მოსაგებია ეს თამაში თორე მოგვიახლოვდა რეალი ცხრილში 😐