მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იუდა, რომელიც გულშემატკივრების კუმირად იქცა!

იუდა, რომელიც გულშემატკივრების კუმირად იქცა!

 

ძალიან ბევრი ვიფიქრე… გუშინ პატარა დიალოგი შემოგთავაზეთ, რომელიც ასე თუ ისე დიეგო მარადონას ეხებოდა. ამის შემდეგ კვლავ მსურდა, რომელიმე ცნობილ ფეხბურთელზე დამეწერა, რომელსაც რაღაც ძალიან განსხვავებული გადახდა თავს. ათასი ვარიანტი მქონდა, მაგრამ ბოლოს მაინც ყველასგან გამორჩეულზე შევაჩერე არჩევანი…

 

დღეს მინდა გიამბოთ ერთი ადამიანის შესახებ, რომელიც იუდად იყო შერაცხილი, ხოლო შემდეგ ბევრი გულშემატკივარის საყვარელ მოთამაშედ იქცა. ლუის ენრიკე დაიბადა 1970 წლის 8 მაისს ესპანეთში, კერძოდ კი ასტურიის პროვინციაში. იგი აღიზარდა “ხიხონის” საფეხბურთო სკოლაში. ოფიციალურად კი მათ შემადგენლობაში 1990 წელს ითამაშა პირველად. მისმა კარიერამ ამ კლუბში ერთ წელს გასტანა და უკვე ისეთი შთაბეჭდილება დატოვა, რომ ჩამოყალიბებული ფეხბურთელი იყო. “ლუჩოს” ყველა პოზიციაზე შეეძლო ადგილის დაკავება, გარდა მეკარისა (თუმცა კარში არასოდეს მდგარა და რომ ჩაეყენებინათ ვინ იცის, იქნებ იქაც დაემკვიდრებინა ადგილი 🙂 ). მადრიდის “რეალმა” დაინახა ახალგაზრდა ტალანტი და დედაქალაქში მიიწვია. გასაოცარია ის ფაქტი, რომ მოთამაშე, რომელიც “ხიხონში” გამოდიოდა, პირდაპირ ისეთ გუნდში გადაბარგდა, როგორიც “ბლანკოსია”…

 

…ესპანეთის მზიან დედაქალაქში ენრიკემ 5 წელი დაჰყო. ამ ხნის მანძილზე მან 150 მატჩში მოასწრო მონაწილეობის მიღება. 5 წელი ცოტა ნამდვილად არაა, თუმცა მაინც ვერ ვუწოდებთ ამ პერიოდს მისთვის საუკეთესოს. ლუისს უამრავი პრობლემა ჰქონდა და სულ ახალ-ახალ სკანდალებში ეხვეოდა. ერთხელ მან თქვა: “მე ადრეული ასაკიდან ერთ გუნდს ვგულშემატკივრობ და ეს გუნდი “ბარსელონაა”. ამ განცხადების  შემდეგ უკვე აშკარა გახდა, რომ “ლუჩოს” დღეები “რეალში” დათვლილი იყო. ამ ფაქტიდან არც გასულა ერთი წელი და ენრიკე როგორც იქნა გადავიდა კლუბში, რომლის მიმართაც დიდი სიმპათია ჰქონდა-კატალონიის “ბარსელონაში”…

 

…1996 წელს ჩვენი გმირი მედიდურ და ამაყ კატალონიაში წავიდა. ალბათ წარმოგიდგენიათ, თუ როგორ შეხვდებოდნენ მას “ბარსელონას” გულშემატკივრები. ენრიკე იუდა იყო… გამყიდველი და მოღალატე. იგი იმავე როლს ასრულებდა “კულეების” თვალში, რასაც ომში მოწინააღმდეგე ჯარიდან შემოსული ვითომდა კეთილი გულის პატრონი ჯარისკაცი. ამის მიუხედავად ლუისი აგრძელებდა ბრძოლას “ბლაუგრანას” ქომაგების გულის მოგებისთვის… და ბოლოს მაინც აისრულა საწადელი. იგი “ბარსას” კაპიტანი გახდა და ბრწყინვალე იყო. “ლუჩო” გახდა ბევრი ადამიანის ნამდვილი კუმირი. ბევრი პატარა ბავშვისთვის რომ გეკითხათ ვის გინდა დაემსგავსო ფეხბურთის თამაშით როცა გაიზრდებიო ერთხმად გიპასუხებდნენ-ლუის ენრიკესო. მან “ელ კლასიკოშიც” ბევრჯერ გაამწარა ყოფილი კლუბი…

 

2004 წელს ასტურიელი ყმაწვილის კარიერა ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. “ბარსელონაში” ჩატარებული ბრწყინვალე 8 სეზონის შემდეგ, მან ფეხბურთის თამაშს თავი დაანება. წავიდა…წავიდა თავაწეული, რადგან მოახერხა ის, რასაც ბევრი ვერ იზამდა. ბევრი ვერც კი გაბედავდა ამას. იყო იუდა და გახდა ლეგენდა. ეს საოცრებაა.

დადგა 2008 წელი და “ბარსელონა ბ-ს” იმ დროინდელი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა პირველ გუნდში გადაიყვანეს. მის ადგილს ვინ დაიკავებდა თუ არა ლუის ენრიკე?! მან აქაც სასწაულები ჩაიდინა. კლუბი ლიგა ადელანტემდე აიყვანა და ამავე ჩემპიონატში პირველივე სეზონში მესამე პოზიციაზე გავიდა. ასეთი შესანიშნავი გამოსვლის შემდეგ “ლუჩომ” ევროპული გრანდების ყურადღება მიიქცია და ამა წლის ზაფხულში იტალიისკენ გაემართა. იგი “რომას” ჩაუდგა სათავეში… კვლავ წავიდა. ესპანელმა ლეგენდამ უკვე მეორედ დატოვა კატალონია, მაგრამ კვლავ დაბრუნდება… დაბრუნდება იმიტომ, რომ ორივეჯერ, როცა მიდიოდა, თავაწეული წავიდა… მოვა დრო და ხოსეპ გვარდიოლაც დატოვებს “ბარსას”, ხოლო მის ადგილს სწორედ ის დაიკავებს, ვიზეც ვსაუბრობთ. მოვა “ასტურიელი ბიჭუნა” და კვლავ აღმართავს “თასებს”, ოღონდ როგორც “ბლაუგრანას” მთავარი მწვრთნელი!…

 

ჩვენ ყოველთვის გვეყვარები ლუჩო! შენ “ბარსელონას” ნამდვილი ლეგენდა ხარ. გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ დაბრუნდები; აუცილებლად დაბრუნდები…

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში