კატალონიის “ბარსელონას” და ბელორუსიული “ბატეს” მწვრთნელებმა გუშინდელი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართეს.
ხოსეპ გვარდიოლა
-შეიძლება ითქვას, რომ “ბარსელონამ” გამარჯვება იოლად მოიპოვა?
-არა, ამის თქმა ნამდვილად არ შეიძლება. ჩვენ დიდი დრო დაგვჭირდა პირველი გოლის გატანისთვის და მატჩის მეორე ნაწილში, მაშინ როცა დამაჯერებლად ვიმარჯვებდით, მოწინააღმდეგე მაინც ბოლომდე ბრძოლობდა და არ გვაცდიდა თავისუფლად ბურთის კონტროლს.
-როგორ შეაფასებდით მესის თამაშს?
-მესი ძალიან დასაფასებელია. მან ყურადღება ადრეულ ასაკშივე მიიპყრო. იგი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია და იმის მიუხედავად, რომ ამ დროისათვის მსოფლიოში საუკეთესოა, მაინც ძალიან თავმდაბალი და პატიოსანია. ამის მიუხედავად ლეოს ჯერ კიდევ წინ აქვს ყველაფერი.
-მაინც დაგისვამთ ამ შეკითხვას, რატომ არ თამაშობს ჰლები “ბარსელონაში”?
-ალექსანდრე როცა ჩვენთან ერთად იყო, უმეტეს შემთხვევებში მეორე ტაიმში შედიოდა მოედანზე და ყველა თამაშში ტოვებდა თავის კვალს, მაგრამ მას არ მოსწონდა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა და სწორედ ამიტომ დატოვა გუნდი; ეს არის და ეს.
-“ბატეს” რომელი ფეხბურთელი მოგეწონათ ყველაზე მეტად? რომელიმე მათგანის წაყვანა ხომ არ გსურთ კატალონიაში?
-მე თავიდანვე ვიცოდი, რომ გუნდი ძალიან კარგად იყო მომზადებული და მათ შეეძლოთ კონტრშეტევებზე თამაში. ასეც მოხდა, მაგრამ როცა მეორე გოლი გავიტანეთ ბელორუსიელები დაიბნენ და ვეღარ ახერხებდნენ ჩვენს ნახევარზე გადმოსვლას. ისე გამოკვეთილად ვერცერთ ფეხბურთელს ვერ დავადებ ხელს. როგორც შევატყვე ყველა ბოლომდე დაიხარჯა და იბრძოლა.
ვიქტორ გონჩარენკო
“ჩვენ დავჯდებით და ყველაფერს გავაანალიზებთ, რაც დღევანდელ მატჩში მოხდა. იყო ბევრი შეცდომა ჩემი ფეხბურთელების მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი არის უკლასობის ბრალი. “ბატეს” არ უწევს დიდ კლუბებთან ხშირად თამაში, არადა სეზონში 10 შეხვედრას რომ ვმართავდეთ ასეთი დონის გუნდებთან, მაშინ უკვე ნამდვილად შეგვეძლება ბრძოლა მოგებისთვის. ბელორუსიელ ფეხბურთელებს ვერ გავკიცხავ, რადგან როცა წინააღმდეგობას “ბარსელონას” მსგავსი გრანდი გიწევს, შიშის გრძნობა ყოველთვის არის.”

