“ბარსელონასთვის” სეზონის გადამწყვეტი ეტაპი იწყება. მომდევნო ორ მატჩში “ბლაუგრანას” ესპანეთის ჩემპიონობისთვის ძალიან დიდი ნაბიჯის გადადგმა შეუძლია, მაგრამ არსებობს შანსი, რომ პირიქით მოხდეს და კატალონიელთა დიდი უპირატესობა შემცირდეს.
მეორე მატჩი “რეალ მადრიდთან” ბარსელონაში გველის, მანამდე კი “ბილბაოსთან” რთული გასვლა გვაქვს.
სათამაშო ფორმა
ლა ლიგასა და ევროპა ლიგაზე ზედიზედ 2 თამაშის წაგების შემდეგ “ბარსამ” ორი შეხვედრა მოიგო, თუმცა ორივე 1-0. კარგი ისაა, რომ ბოლო თამაშის შემდეგ ჩავის გუნდს ერთკვირიანი დასვენება ჰქონდა და კატალონიელები ძალების აღდგენას მოასწრებდნენ.
“ბარსა” ლა ლიგას დამაჯერებლად ლიდერობს. კატალონიელებს 24 თამაშის შემდეგ 6-ქულიანი უპირატესობა აქვთ, თუმცა დღეს მოგების შემთხვევაში ეს უპირატესობა კვლავ 9 ქულამდე გაიზრდება.
“ბილბაოს” კარგი სეზონი არ აქვს და ბასკები ვერც სათამაშო ფორმით დაიკვეხნიან. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა ლა ლიგის ბოლო 3 თამაშში მხოლოდ 1 ქულა აიღო. საკუთარ კედლებში კი ბასკებმა ბოლო 3 მატჩიდან 2 დათმეს.
24 თამაშში მოპოვებული 33 ქულით “ბილბაო” მე-9 ადგილზეა და გუნდი ევროტურნირის საგზურისთვის იბრძვის.
დანაკლისი
“ბარსელონას” კვლავ დიდი დანაკლისი აქვს. კატალონიელებს ტრავმირებული პედრისა და დემბელეს გარდა დისკვალიფიცირებული არაუხოც დააკლდებათ. არადა ინიაკი უილიამსის წინააღმდეგ ურუგვაელი ძალიან კარგი იარაღი იქნებოდა.
კარგი ამბავი ისაა, რომ ჩავის განკარგულებაში ბრუნდება შეტევის ლიდერი რობერტ ლევანდოვსკი, ასევე დისკვალიფიკაციამოხდილი გავი.
დისკვალიფიკაციის ზღვარზე არიან კესიე, ტორესი, ბუსკეტსი და რაფინია. თუ დღეს რომელიმე მათგანი ყვითელ ბარათს მიიღებს, ერთ კვირაში გასამართ “ელ კლასიკოს” გამოტოვებს.
“ბილბაოს” პირველი მეკარე უნაი სიმონი, ასევე შემტევი ხონ მორსილიო, ნახევარმცველები ოიან სანსეტი, ანდერ ერერა და ოიერ სარაგა, მცველი ლეკე არ ეყოლება.
ურთიერთშეხვედრები
გუნდებს ერთმანეთთან აქამდე 239-ჯერ უთამაშიათ. “ბარსელონას” 121 მოგება, 39 ფრე და 79 მარცხი, 450 გატანილი და 337 გაშვებული გოლი დაუგროვდა.
“ბარსამ” “ბილბაოს” ბოლო ორი თამაში ანგარიშით 4-0 მოუგო, თუმცა ორივე ეს შეხვედრა “კამპ ნოუზე” გაიმართა. მეტოქის მოედანზე გამართულ ბოლო ორ თამაშში კატალონიელებს ერთი ფრე და ერთი მარცხი აქვთ.
ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო 9 თამაშში “ბარსელონა” გოლის გატანას ახერხებდა, მანამდე კი 3-მატჩიანი მშრალი სერია იყო.
“ბილბაოსთან” ბასკეთში ჩატარებულ 122 შეხვედრაში “ბარსელონას” 39 მოგება, 25 ფრე და 58 მარცხი დაუგროვდა. წაგებების დიდი ნაწილი გასული საუკუნის პირველ ნახევარზე მოდის. 1950 წლამდე ამ გუნდებმა ბასკეთში 26-ჯერ ითამაშეს, საიდანაც გამარჯვება მასპინძლებს 23-ჯერ დარჩათ.
თუმცა “ბარსა” “სან მამესზე” ვერც ბოლო წლებში ბრწყინავს. უკანასკნელ 6 მატჩში სტუმრებს მხოლოდ 1 მოგება აქვთ.
არბიტრი
შეხვედრას ხესუს ხილ მანსანო განსჯის.
მანსანო 39 წლისაა. მან მსაჯობა 2006 წელს დაიწყო. 2009 წელს ის ესპანეთის ჩემპიონატის მე-2 დივიზიონში დაწინაურდა, 2012 წლიდან კი ლა ლიგაში მსაჯობს.
კარიერის განმავლობაში ხილ მანსანო თამაშში საშუალოდ 27 ჯარიმასა და 0.41 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 5.5 ყვითელ და 0.35 წითელ ბარათს უჩვენებს. მანსანო ესპანელი მსაჯების საზომითაც კი მკაცრი არბიტრია, რაც “ელ კლასიკოს” წინ დისკვალიფიკაციების საფრთხეს ქმნის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მას “ბარსელონას” ფეხბურთელი მოედნიდან 10-ჯერ ჰყავს გაძევებული. არცერთი სხვა გუნდის ფეხბურთელებს მანსანო ასე არ ერჩის. ხილ მანსანოს მიერ განსჯილი თამაშების 48%-ში მასპინძლები იგებენ, ხოლო 28%-ში – სტუმრები.
ხესუს ხილ მანსანოს სტატისტიკა “ბილბაოსა” და “ბარსელონას” თამაშებში:
| ბილბაო | ბარსელონა | |
| თამაში | 31 | 34 |
| მოგება | 13 | 21 |
| ფრე | 10 | 7 |
| წაგება | 8 | 6 |
| მოგების % | 42% | 62% |
| სასარგებლოდ დანიშნული პენალტი | 5 | 6 |
| საწინააღმდეგოდ დანიშნული პენალტი | 8 | 5 |
| სასარგებლოდ ნაჩვენები წითელი | 6 | 7 |
| საწინააღმდეგოდ ნაჩვენები წითელი | 2 | 10 |
ერნესტო ვალვერდე
დღევანდელი დაპირისპირება განსაკუთრებული იქნება “ბილბაოს” მთავარი მწვრთნელისთვის, ერნესტო ვალვერდესთვის.
ექსტრამადურელი სპეციალისტი 1988-1991 წლებში “ბარსელონაში” თამაშობდა, 2017-2020 წლებში კი კატალონიურ კლუბს წვრთნიდა, თუმცა ის შუა სეზონში გაათავისუფლეს, როდესაც მისი გუნდი ლა ლიგას ლიდერობდა.
ვალვერდემ “ბარსას” 145 მატჩში უთავკაცა. მისი მონაგარი 97 მოგება, 32 ფრე და 16 მარცხია.
“ბარსელონას” წინააღმდეგ ვალვერდეს გუნდი 28-ჯერ გაუყვანია. მას 4 მოგება, 8 ფრე და 16 მარცხი დაუგროვდა. არცერთ სხვა გუნდთან ერთნესტოს ამაზე მეტი წაგება არ აქვს.
ჩავისა და ვალვერდეს დაპირისპირება აქამდე ერთხელ გაიმართა, როდესაც მიმდინარე სეზონში “ბარსამ” “ბილბაო” 4-0 გაანადგურა.
სტატისტიკა
- “ბარსელონა” “ბილბაოსთან” გამართულ ბოლო 9 თამაშში გოლის გატანას ახერხებდა;
- ამ გუნდების ბოლო 8 თამაშიდან შვიდში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- ამ გუნდების ბოლო 7 თამაშიდან ხუთში ანგარიშს “ბარსელონა” ხსნიდა;
- ამ გუნდების ბოლო 5 თამაშიდან ოთხში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- “ბილბაოსა” და “ბარსელონას” ბოლო 10 თამაშიდან ცხრაში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- “ბილბაოს” 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს;
- “ბილბაო” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში ანგარიშის გახსნის საშუალებას მეტოქეს აძლევდა;
- “ბარსელონა” ბოლო 18 თამაშიდან 17-ში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- “ბარსელონა” ბოლო 5 თამაშიდან ოთხში პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
- “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშიდან ექვსში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
- “ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო 9 თამაშიდან შვიდში კარი მშრალად შეინახა;
- “ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო 9 თამაშიდან 8 მოიგო;
- ლა ლიგაში “ბარსელონას” ბოლო 10 თამაშიდან რვაში 2 ან ნაკლები გოლი გადიოდა;
- ტოტალიზატორები “ბილბაოს” მოგებას კოეფიციენტს 3.4 ანიჭებენ, რაც მოგების 29%-იან შანსს უდრის, “ბილბაო” კი ასეთი თამაშების 33%-ს იგებს;
- ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 2.2 ანიჭებენ, რაც მოგების 45%-იან შანსს უდრის, “ბარსელონა” კი ასეთი თამაშების 47%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, კრისტენსენი, ალონსო, ბალდე, ბუსკეტსი, კესიე, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, კრისტენსენი, ალონსო, ბალდე, ბუსკეტსი, კესიე, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, კრისტენსენი, ალონსო, ალბა, ბუსკეტსი, რობერტო, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, კუნდე, კრისტენსენი, ალონსო, ბალდე, ბუსკეტსი, კესიე, დე იონგი, რაფინია, ლევანდოვსკი, გავი.
პროგნოზი
- WhoScored: 0-2
- Sportsmole: 1-2
- Sportskeeda: 0-2
- 90min: 1-2
სტატისტიკით 3 ქულა ჩვენია, მაგრამ ყველაზე მაგარ ფორმაში მყოფ ბარსასაც კი ეს ველურები ხშირად ამარცხებდნენ. შორს რო არ წავიდეთ 2015 წელი გავიხსენოთ. ტრებლის შემდეგ თბილისიდან ევროპის სუპერთასით ჩასულებს ბასკებმა სწორედ ვალვერდეს ხელმძღვანელობით, ესპანეთის სუპერთასზე 4-0 როგორც აქ ადმინი წერს 4-0 გაგვანადგურეს და განმეორებით მატჩში ბარსელონაში ფეხი არ გაგვანძრევინეს.