ალბათ, ყველა თქვენგანს გაუჩნდება შეკითხვა, რა შუაშია “მანჩესტერ სიტის” შესახებ სტატია ბარსამანიასთან. დიახ, შუაში კი არა თავშია, რამეთუ ინგლისელების ახალი შთაგნების წყარო სწორედ “ბარსელონა” და მისი საფეხბურთო აკადემია გახლავთ.
მანჩესტერელები არ კმაყოფილდებიან მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელების შეძენით. პრემიერ ლიგის მესამე ადგილოსანმა გუნდმა გადაწყვიტა, გაჰყვეს “ბარსელონას” მოდელს და საუკეთესოები საკუთარ “ეზოში” გამოზარდოს. The Guardian-ის ინფორმაციით, კლუბმა წარადგინა 100 მილიონ ფუნტიანი გეგმა, რათა განხორციელდეს პროექტი, რომელიც უდიდეს ტერიტორიას მოიცავს და კატალონიური კლუბის ცნობილი აკადემიის მსგავსი იქნება.
ბრაიან მარვუდმა, “მანჩესტერ სიტის” უფროსმა საფეხბურთო ოპერაციების ოფიცერმა, პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა: “ისინი (კატალონიელები) არიან ახალგაზრდა ტალანტების განვითარების მაგალითები. საუბარია დნმ-ზე, ფილოსოფიაზე და კულტურაზე და ეს ყველაფერი გამოიხატება მათ თამაშში.”
“ჩვენმა 19 წლამდე გუნდმა ეთამაშა მათ (ასევე 19 წლამდე ასაკის ფეხბურთელებს) გასულ კვირას. შეგეძლო თვალები დაგეხუჭა და დაგენახა ახალგაზრდა ინიესტა ან ახალგაზრდა ჩავი და სწორედ ეს არის ფაქტორი, რომელზეც ძალიან ბევრი უნდა ვიმუშავოთ ჩვენ… ბოლო ჩემპიონთა ლიგის ფინალში “ბარსელონას” რიგებში თავისი აკადემიის აღზრდილი რვა ფეხბურთელი თამაშობდა, რაც წარმოუდგენელი სტატისტიკაა. “კამპ ნოუსთან” ახლოს მათ ახალგაზრდების სტადიონი და სავარჯიშო კომპლექსი აქვთ. სწორედ ეს აძლევს ახალგაზრდა ფეხბურთელებს შთაგონებას, რომ გაიარონ ყველა გზა.”
საბოლოო გადაწყვეტილება, კომპლექსის მშენებლობის თაობაზე, დეკემბერში მიიღება. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, მშენებლობას დაახლოებით 4 წელი დასჭირდება.



