წინა მატჩისწინა მიმოხილვაში დასახულ გზას ჯერჯერობით წარმატებით მივყვებით. არცთუ სუსტ გუნდთან მარტივი მოგება თავდაჯერების დასაბრუნებლად გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. დღეს კიდევ ერთი რთული მეტოქე გვყავს, რომელთან მოგებაც აუცილებელია როგორც ფსიქოლოგიური, ასევე სატურნირო თვალსაზრისით.
სათამაშო ფორმა
ლა ლიგის წინა ტურმა გვიჩვენა ის, რაც სეზონის სტარტზეც ვიხილეთ – ამ “ბარსელონას” კარგი ფეხბურთის თამაში შეუძლია. ეს ჯერჯერობით არ ნიშნავს იმას, რომ სტაბილურად შეუძლია, მაგრამ ნიშნავს იმას, რომ “ბარსა” ისევ ცოცხალია.
ხუთშაბათს გამართულ შეხვედრაში “ბლაუგრანამ” ლა ლიგაში ყველა ნაკლები გოლის გამშვებ “ვილიარეალს” პირველ ტაიმში 3 უპასუხო ბურთი გაუტანა, მეორე ნახევარში კი ორივე გუნდმა დაისვენა, რაც ასეთ შემჭიდროებულ კალენდარში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სანაკრებო პაუზის შემდეგ “ბარსელონას” პირველი კარგი თამაში იყო.
“ბილბაომ” სანაკრებო პაუზის შემდეგ ლა ლიგა 4-0 მოგებით განაახლა, მაგრამ მომდევნო 3 ტურში მხოლოდ ორი ქულა აიღო. ერნესტო ვალვერდეს გუნდმა “სევილიასთან” და “ხეტაფესთნ” სტუმრად ფრედ ითამაშა, “ატლეტიკოსთან” კი საკუთარ კედლებში წააგო. ბასკები კარგ ფორმაში ნამდვილად არ არიან, მაგრამ როგორც ყოველთვის მებრძოლი გუნდი ჰყავთ.
დანაკლისი
“ბარსელონას” ლაზარეთში ცვლილება არ გვაქვს. კვლავ ტრავმირებულები არიან მემფის დეპაი, რონალდ არაუხო და ანდრეას კრისტენსენი.
“ბილბაოს” ასიერ ვილიალიბრე და კაპა არ ეყოლება, თუმცა ამას მნიშვნელოვანი დანაკლისი ნამდვილად არ ეთქმის.
ურთიერთშეხვედრები
სულ 3 ისეთი გუნდი არსებობს, რომლებსაც პრიმერა დივიზიონის ყველა გათამაშებაში მიუღიათ მონაწილეობა და აქედან ორი დღეს ერთმანეთს შეხვდება. შესაბამისად გასაკვირი არაა, რომ ამ გუნდებს ურთიერთშეხვედრების დიდი ისტორია აქვთ.
“ბარსელონა” “ბილბაოს” 236-ჯერ შეხვედრია. კატალონიელებს 119 მოგება, 39 ფრე და 78 მარცხი, 440 გატანილი და 332 გაშვებული გოლი დაუგროვდათ.
ლა ლიგაში გამართულ მატჩებში ასეთი სტატისტიკაა: 182 თამაშში “ბარსას” 91 მოგება, “ბილბაოს” 60 მოგება, 31 ფრე.
საკუთარ კედლებში გამართულ 112 მატჩში “ბარსას” 78 მოგება, 14 ფრე და 20 მარცხი დაუგროვდა. “ბილბაოს” “კამპ ნოუზე” უკვე 21 წელია, არ მოუგია. ამ 21 წლის განმავლობაში გუნდებმა კატალონიაში 26 თამაში ჩაატარეს, საიდანაც 5 ფრედ დასრულდა, ხოლო 21 “ბარსამ” მოიგო, მათ შორის ბოლო 3.
არბიტრი
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ხუან მარტინეს მუნუერა იმსაჯებს.
მუნუერა 40 წლისაა. მან ესპანეთის მე-3 დივიზიონში მსაჯობა 2006 წელს დაიწყო. 2010 წელს ის სეგუნდაში დაწინაურდა, 2013 წელს კი მარტინესს დებიუტი პრიმერა დივიზიონში ჰქონდა. 2016/17 წლების სეზონში Marca-მ ლა ლიგის საუკეთესო მსაჯად მარტინეს მუნუერა დაასახელა.
კარიერის განმავლობაში ხუან მარტინეს მუნუერა თამაშში საშუალოდ 26.6 ჯარიმასა და 0.29 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.6 ყვითელ და 0.17 წითელ ბარათს უჩვენებს.
ხუან მარტინეს მუნუერას კარიერაში მოგების ყველაზე მაღალი პროცენტი “ბარსელონას” აქვს. კატალონიელებმა 30 შეხვედრიდან 20 მოიგეს, ანუ 67%, დანარჩენი მატებიდან კი 6 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
ამ 30 შეხვედრაში მუნუერამ “ბარსას” სასარგებლოდ 3 წითელი ბარათი აჩვენა და 6 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, საწინააღმდეგოდ კი 1 წითელი ბარათი და 3 თერთმეტმეტრიანი. ის ერთადერთი წითელი ბარათი ერიკ გარსიაზე მოდის, რომელიც მან სწორედ “ბილბაოსთან” მატჩში მიიღო.
“ბილბაოს” მარტინეს მუნუერას მონაწილეობით გამართულ 29 მატჩში 15 მოგება, 4 ფრე და 10 მარცხი დაუგროვდა. ამ არბიტრმა ბასკების ფეხბურთელები მოედნიდან 2-ჯერ გააძევა, მეტოქისა კი 4-ჯერ. “ბილბაოს” უპირატესობა აქვს თერთმეტმეტრიანებშიც – 7-2.
ამ გუნდების დაპირისპირებაში ხუან მარტინესი მეშვიდედ იმსაჯებს. წინ 6 მატჩიდან 3 “ბარსამ” მოიგო, 2 “ბილბაომ”, ხოლო 1 ფრედ დასრულდა. ამ შეხვედრებში თერთმეტმეტრიანი არ გვინახავს, წითელი ბარათი კი მსაჯმა მხოლოდ ერთხელ ამოიღო.
ვიდეორეფერი ხოსე ლუის გონსალეს გონსალესი იქნება. მას “ბარსელონას” სასარგებლოდ 6 პენალტი აქვს დანიშნული, წინააღმდეგ – 4. მის მიერ “ბლაუგრანას” მატჩებში ნაჩვენები ოთხივე წითელი ბარათი მეტოქე ფეხბურთელებმა მიიღეს.
“ბილბაოს” მატჩებში გონსალეს გონსალესმა 6 თერთმეტმეტრიანი დანიშნა და 1 წითელი ბარათი აჩვენა. აქედან 4 პენალტი და ის ერთადერთი წითელი ბასკების სასარგებლოდ იყო.
ერნესტო ვალვერდე
დღევანდელი თამაში განსაკუთრებული იქნება “ბილბაოს” მწვრთნელისთვის, ერნესტო ვალვერდესთვის. ექსტრემადურელი 3 წლის განმავლობაში “ბლაუგრანაში” თამაშობდა, მაგრამ “ბლაუგრანასთან” მისი მთავარი მოგონება არა ფეხბურთელობა, არამედ მწვრთნელობაა. ვალვერდე “ბარსას” 2017-2020 წლებში წვრთნიდა. 2.5 წელიწადში მან გუნდს 2 ლა ლიგა, 1 ესპანეთის თასი და 1 ესპანეთის სუპერ თასი მოაგებინა. ალბათ ყველა თანხმდება, რომ ვალვერდე “ბარსელონასთვის” შესაფერისი მწვრთნელი არ იყო, მაგრამ მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მაინც უცნაური გამოდგა, რადგან იმ დროს გუნდი ესპანეთის ჩემპიონატს ლიდერობდა. ასეთ რამეს ხშირად ნამდვილად ვერ ვნახავთ.
“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალვერდემ 145 თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 97 მოიგეს, 32 ფრედ დაასრულეს და 16 დათმეს. ეს სტატისტიკა ნამდვილად შთამბეჭდავად გამოიყურება.
“ბარსას” წინააღმდეგ ერნესტოს გუნდი 27-ჯერ გაუყვანია. მას 4 მოგება, 8 ფრე და 15 მარცხი დაუგროვდა. “კამპ ნოუზე” სტუმრის სტატუსით ვალვერდეს 13 მატჩში 5 ფრე და 8 წაგება აქვს.
სტატისტიკა
- “ბარსელონამ” “ბილბაოსთან” გამართული ბოლო 26 საშინაო თამაშიდან 21 მოიგო და 5 ფრედ დაასრულა;
- “ბარსელონას” “ბილბაოსთან” გამართული ბოლო 24 საშინაო თამაშიდან ოცში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
- “ბარსელონა” ლა ლიგის ბოლო 5 თამაშში კარის მშრალად შენახვას ახერხებდა;
- “ბარსელონამ” ლა ლიგის ბოლო 9 თამაშიდან 8 მოიგო;
- “ბილბაოს” ლა ლიგაში სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს;
- “ბარსელონა” ლა ლიგის ბოლო 8 საშინაო მატჩიდან ექვსში პირველი ტაიმის მოგებასაც ახერხებდა და მთლიანი თამაშისაც;
- ამ გუნდებს შორის გამართულ ბოლო 8 თამაშში “ბილბაოს” კარი მშრალად არ შეუნახავს;
- ამ გუნდების ბოლო 7 თამაშიდან ექვსში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
- ამ გუნდების ბოლო 7 თამაშიდან ხუთში გოლი ორივეს გაჰქონდა;
- ამ გუნდების ბოლო 8 თამაშიდან შვიდში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
- “ბარსელონა” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
- “ბარსელონა” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში პირველი ტაიმის მოგებას ახერხებდა;
- “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშიდან ხუთში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
- ბარსელონას” ბოლო 8 თამაშიდან ექვსში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
- ტოტალიზატორები “ბარსელონას” მოგებას კოეფიციენტს 1.53 ანიჭებენ, რაც მოგების 65%-იან შანსს უდრის, მაგრამ “ბარსა” ასეთი თამაშების 83%-ს იგებს.
ჩავი მატჩის წინ
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
ბარსელონა (4-3-3(: ტერ შტეგენი, ბელერინი, კუნდე, გარსია, ალონსო, ბუსკეტსი, დე იონგი, გავი, დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.
Mundo Deportivo
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბელერინი, კუნდე, გარსია, ბალდე, ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი, დემბელე, ლევანდოვსკი, ფატი.
Marca
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბელერინი, კუნდე, გარსია, ბალდე, ბუსკეტსი, გავი, დე იონგი, დემბელე, ლევანდოვსკი, ტორესი.
AS
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, ბელერინი, კუნდე, გარსია, ბალდე, ბუსკეტსი, პედრი, გავი, ტორესი, ლევანდოვსკი, ფატი.
პროგნოზი
- WhoScored: 3-1
- Sportsmole: 3-1
- Goal: 3-1
- Sportskeeda: 3-1
თითქოს ფორმაში არ არის, მაგრამ მაინც ბილბაოა ყველაზე მებრძოლი გუნდი ლა ლიგაში.
2015 წელი გახსოვთ? ევროპის სუპერთასით ჩავიდნენ ბიჭები თბილისიდან ესპანეთის სუპერთასზე სათამაშოდ და ამ ვალვერდეს ბილბაომ ამოგვტენა თან ისე რო განმეორებითშიც კი ვერ მოვუგეთ გატეხილებმა.
რა ბუსკეტცი აი რა ბუსკეცი, შეელიეთ მაგ კაცს როგორმე დავიტანჯე.
კესი-ფრენკი-პედრი დააყენე ერთხელ მაესტრო :დდდდდ
ბართომეუ ყველაზე *ლე არსება, ვალვერდე იმ დროს გაუშვა როცა გუნდმა ბევრად მაგარი ფეხბურთის თამაში დაიწყო ვიდრე მანამდე (ვალვერდეს დროს) და მაშინ გაუშვა და მოიყვანა ვინ ? სეტიენი რომელიც მწვრთნელის გარდა ყველაფერია მესი ყავდა კიდე კაი თორე გოლის გამტანი არიყო ეგ ბარსა. ვალვერდე ბაიერნთან ასე არ შერცხვებოდა