დასვენების დრო არაა. ლა ლიგის ტური გუშინ დასრულდა, ახალი კი ხვალ იწყება. ფეხბურთის ფედერაციაც შესაბამისად მოქმედებს და მომდევნო ტურის მსაჯები ჯერ კიდევ მაშინ იყო ცნობილი, სანამ წინა დასრულდებოდა.
ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, რომელშიც ერთმანეთს “ბარსელონა” და “ბილბაო” დაუპირისპირდებიან, ხუან მარტინეს მუნუერა იმსაჯებს.
მუნუერა 40 წლისაა. მან ესპანეთის მე-3 დივიზიონში მსაჯობა 2006 წელს დაიწყო. 2010 წელს ის სეგუნდაში დაწინაურდა, 2013 წელს კი მარტინესს დებიუტი პრიმერა დივიზიონში ჰქონდა. 2016/17 წლების სეზონში Marca-მ ლა ლიგის საუკეთესო მსაჯად მარტინეს მუნუერა დაასახელა.
კარიერის განმავლობაში ხუან მარტინეს მუნუერა თამაშში საშუალოდ 26.6 ჯარიმასა და 0.29 თერთმეტმეტრიანს ნიშნავს, ფეხბურთელებს კი 4.6 ყვითელ და 0.17 წითელ ბარათს უჩვენებს.
ხუან მარტინეს მუნუერას კარიერაში მოგების ყველაზე მაღალი პროცენტი “ბარსელონას” აქვს. კატალონიელებმა 30 შეხვედრიდან 20 მოიგეს, ანუ 67%, დანარჩენი მატებიდან კი 6 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.
ამ 30 შეხვედრაში მუნუერამ “ბარსას” სასარგებლოდ 3 წითელი ბარათი აჩვენა და 6 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, საწინააღმდეგოდ კი 1 წითელი ბარათი და 3 თერთმეტმეტრიანი. ის ერთადერთი წითელი ბარათი ერიკ გარსიაზე მოდის, რომელიც მან სწორედ “ბილბაოსთან” მატჩში მიიღო.
“ბილბაოს” მარტინეს მუნუერას მონაწილეობით გამართულ 29 მატჩში 15 მოგება, 4 ფრე და 10 მარცხი დაუგროვდა. ამ არბიტრმა ბასკების ფეხბურთელები მოედნიდან 2-ჯერ გააძევა, მეტოქისა კი 4-ჯერ. “ბილბაოს” უპირატესობა აქვს თერთმეტმეტრიანებშიც – 7-2.
ამ გუნდების დაპირისპირებაში ხუან მარტინესი მეშვიდედ იმსაჯებს. წინ 6 მატჩიდან 3 “ბარსამ” მოიგო, 2 “ბილბაომ”, ხოლო 1 ფრედ დასრულდა. ამ შეხვედრებში თერთმეტმეტრიანი არ გვინახავს, წითელი ბარათი კი მსაჯმა მხოლოდ ერთხელ ამოიღო.
ვიდეორეფერი ხოსე ლუის გონსალეს გონსალესი იქნება. მას “ბარსელონას” სასარგებლოდ 6 პენალტი აქვს დანიშნული, წინააღმდეგ – 4. მის მიერ “ბლაუგრანას” მატჩებში ნაჩვენები ოთხივე წითელი ბარათი მეტოქე ფეხბურთელებმა მიიღეს.
“ბილბაოს” მატჩებში გონსალეს გონსალესმა 6 თერთმეტმეტრიანი დანიშნა და 1 წითელი ბარათი აჩვენა. აქედან 4 პენალტი და ის ერთადერთი წითელი ბასკების სასარგებლოდ იყო.




ხუან მარტინეს მუნუერას კარიერაში მოგების ყველაზე მაღალი პროცენტი "ბარსელონას" აქვს. კატალონიელებმა 30 შეხვედრიდან 20 მოიგეს, ანუ 67%, დანარჩენი მატებიდან კი 6 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს
მოკლედ მსაჯი "ჩვენია"