ბარსელონას ფინანსების მიმოხილვა

ბარსელონას ფინანსების მიმოხილვა

ხვალ “ბარსელონას” გენერალური ასამბლეაა, რომლის დროსაც კლუბის დელეგატებმა 2021/22 წლების სეზონი ფინანსურად უნდა დახურონ, ხოლო 2022/23 წლის დაგეგმილი ბიუჯეტი კი დაამტკიცონ.

სანამ ეს მოხდება, გადავხედოთ “ბარსელონას” მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ დოკუმენტაციას.

2021/22 წლების სეზონი

შემოსავალი

2021/22 წლების სეზონში “ბარსამ” მილიარდზე მეტი, 1 019 მილიონი ევრო მიიღო, რაც წინა სეზონთან შედარებით 60%, ხოლო მოლოდინთან შედარებით 25%-ით მეტია. ასეთ მასშტაბურ ზრდას ორი მიზეზი აქვს: წინა სეზონში კორონავირუსით გამოწვეული ფაქტორები კლუბის ფინანსებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა; “ბარსელონამ” შემოსავლის დიდი ნაწილი ეკონომიკური ბერკეტების გააქტიურებით მიიღო.

წინა სეზონთან შედარებით სტადიონიდან და სხვა ობიექტებიდან მიღებული შემოსავალი 415%-ით გაიზარდა. მიზეზი მარტივი მისახვედრია – წინა სეზონში “კამპ ნოუ” დახურული იყო.

მედიიდან მიღებული შემოსავალი 11%-ით იყო შემცირებული. ამას ორი მიზეზი აქვს: ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევად გამოვარდნა; ჩემპიონთა ლიგის 2019/20 წლების სეზონის დასკვნითი ნაწილის ზაფხულში ჩატარებამ, რამაც ამ სეზონის შემოსავლების ნაწილის 2020/21 წლების სეზონის შემოსავლებში დაფიქსირება გამოიწვია.

კომერციული აქტივობებიდან შემოსავალი 268 მილიონი ევროდან 245 მილიონამდე, ანუ 8%-ით შემცირდა. მიზეზი სპონსორებიდან მიღებული შემოსავლების კლებაა.

ტრანსფერებიდან კლუბმა 45 მილიონი ევრო მიიღო, რაც წინა სეზონის (44 მილიონი) მსგავსი შედეგია.

სხვა შემოსავლებიდან უნდა აღვნიშნოთ ლა ლიგის სატელევიზიო უფლებების 10%-ის 266 მილიონ ევროდ გაყიდვა.

გასავალი

წინა სეზონთან შედარებით საოპერაციო ხარჯები 25%-ით, 1 135 მილიონიდან 856 მილიონამდე შემცირდა.

ხარჯის მნიშვნელოვნად შემცირებაში დიდი როლი ფეხბურთელების ხელფასების კლებამ ითამაშა. ნაწილმა კლუბი დატოვა, ზოგმა კი ანაზღაურება შეიმცირა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევად გამოვარდნამ გამოიწვია ის, რომ ფეხბურთელებს ნაკლები პრემიალური თანხა შეხვდათ.

მენეჯმენტის ხარჯი 30%-ით გაიზარდა. მიზეზი ისაა, რომ პანდემიის დროს დახურული ობიექტები გაიხსნა, მათ შორის “კამპ ნოუ”, ამ ობიექტების მართვა კი ხარჯებთანაა დაკავშირებული.

ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად კი “სხვა ხარჯები” 71%-ით შემცირდა.

შეჯამება

საბოლოოდ “ბარსამ” გასულ სეზონში 161 მილიონი ევროს საოპერაციო მოგება ნახა, სუფთა მოგებამ 124 მილიონი შეადგინა, ხოლო გადასახადების გადახდის შემდეგ “ბლაუგრანას” მოგება 98 მილიონი დარჩა.

ბალანსი

გასული სეზონის ბოლოს (2022 წლის 30 ივნისი) “ბარსელონას” ვალი ლა ლიგის მიერ დადგენილი კრიტერიუმებით 608 მილიონი ევრო იყო. 2021 წლის 30 ივნისს ეს მაჩვენებელი 682 მილიონს შეადგენდა.

სეზონის ბოლოს “ბარსელონას” ბალანსზე 378 მილიონი ევრო ირიცხებოდა.

2021/22 წლების სეზონის განმავლობაში “ბარსელონამ” 28 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა. აქედან უდიდესი ნაწილი, 16 მილიონი ევრო პროექტ Espai Barca-ზე მოდის.

2022/23 წლების სეზონი

შემოსავალი

“ბარსელონას” დაგეგმილი აქვს, რომ კლუბის ბიუჯეტი 238 მილიონი ევროთი, ანუ 23%-ით უნდა გაიზარდოს და 2022/23 წლების სეზონისთვის 1 255 მილიონი ევრო შეადგინოს.

მოსალოდნელია სტადიონიდან მიღებული შემოსავლის 53%-იანი ზრდა. საერთო ჯამში “ბარსა” “კამპ ნოუდან” 70 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავს.

მოსალოდნელია მედიიდან მისაღები შემოსავლის კიდევ უფრო შემცირება, ამჯერად 5%-ით. ამის მიზეზი ისაა, რომ კლუბმა ლა ლიგის სატელევიზიო უფლებების 25% გაყიდა. მხოლოდ 5%-ით შემცირება კი იმიტომაა მოსალოდნელი, რომ დაგეგმილ ბიუჯეტში “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფიდან გასვლაა მოსალოდნელი.

“ბარსელონა” კომერციული შემოსავლის 36%-ით მატებას გეგმავს. ეს რამდენიმე ფაქტორით იქნება განპირობებული: “ბარსამ” კომპანია BLM-ის შემოსავლები სრულად აღიდგინა; კლუბმა სპონსორებთან ახალი, უფრო სარფიანი გარიგებები დადო; გუნდს ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებული საზაფხულო ტური ჰქონდა.

მოსალოდნელია “სხვა შემოსავლების” 24%-იანი ზრდა. ეს ლა ლიგის სატელევიზიო უფლებების 15%-ის გაყიდვითაა შესაძლებელი. წინა სეზონში 10%-ის გაყიდვით “ბარსამ” 266 მილიონი ევრო მიიღო, დანარჩენი 15%-ის გაყიდვით კი – 400 მილიონი.

ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია 197-მილიონიანი შემოსავალი. დამატებით ეკონომიკური ბერკეტების გააქტიურებით მიღებული თანხა “ბარსელონამ” NFT-სა და Metavers-ის სფეროების ათვისებას მოახმარა და სწორედ ამ სფეროებიდან ელის კლუბი დამატებით შემოსავალს.

გასავალი

შემოსავლის მსგავსად მოსალოდნელია ხარჯის ზრდაც. “ბარსელონას” გასავალი 208 მილიონით, ანუ 24%-ით გაიზრდება და 1 064 მილიონს შეადგენს.

ყველაზე დიდი მატება მოთამაშეების ხელფასების მიმართულებითაა. ჯერ კიდევ წინა მმართველობის დროს გაფორმებული კონტრაქტების გამო მოთამაშეების ხელფასები წელს 27%-ით იზრდება და 656 მილიონ ევროს შეადგენს.

არასპორტული ხელფასები 2%-ით იზრდება, რისი მიზეზიც სამომხმარებლო კალათის ღირებულების ზრდა და “ბარსელონას” აქტივობების მატებაა.

34%-ით იზრდება მენეჯმენტის ხარჯი. თუ წინა სეზონში კლუბის ობიექტები ნაწილობრივ იყო ღია, მიმდინარე სეზონში სრული დატვირთვით მუშაობს, რაც შემოსავლის გარდა ხარჯსაც ზრდის.

“სხვა ხარჯები” 7%-ით იზრდება, რაც დიდწილად Espai Barca-ს დაჩქარებითაა განპირობებული.

შეჯამება

“ბარსელონას” დაგეგმილი აქვს, რომ სეზონის ბოლოს 366 მილიონი ევროს მოგება ნახოს, გადასახადების გადახდის შემდეგ კი კლუბს 275 მილიონი დარჩეს.

ბრუნვა სექტორების მიხედვით

2022/23 წლების ბრუნვა”ბარსელონას” სექტორებზე ასეა გადანაწილებული:

  • კაცების ფეხბურთი: 585 მილიონი;
  • ბავშვთა ფეხბურთი: 1.5 მილიონი;
  • ქალების ფეხბურთი: 11.7 მილიონი;
  • კალათბურთი: 16.9 მილიონი
  • ხელბურთი: 1.8 მილიონი
  • გორგოლაჭებიანი ჰოკეი: 383 ათასი;
  • ფუტსალი: 1.1 მილიონი;
  • სამოყვარულო სპორტები: 1.4 მილიონი;
  • BLM და სხვა: 153 ათასი.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (3)

  • nika 54
    09 ოქტ 2022, 18:24

    ციტატა: Chico
    ძალიან ლამაზი და სასიხარულო ციფრებია, მაგრამ სულ მთლად გახარების საბაბი არა გვაქვს.
    ყველაფერი წინა სეზონთან შედარებითაა დათვლილი, მაგრამ თუ ავიღებთ ბოლო 5 წლის ანგარიშებს, არსებობს უზარმაზარი დანაკარგები. იგივე ძალიან ძვირად ნაყიდი ფეხბურთელების, ძალიან იაფად გაყიდვა. ქონება რომელიც ბარსამ გაასხვისა, 25 წლის განმავლობაში დააკლდება ბარსას შემოსავლებს. იგივე მესსის გაყიდვა, რომელსაც უზარმაზარი შემოსავალი მოჰქონდა და ასე შემდეგ, არსებობს სხვა ფაქტორებიც…..
    მაგრამ ლაპორტამ და მისმა გუნდმა, კოლოსალური მუშაობა ჩაატარა და ნადვილად შექებას იმსახურებს.
    კლუბი გამოვიდა კრიზისიდან, მოძიებული იქნა თანხა, რომელიც დაიხარჯა გუნდის შექმნაზე. გუნდი შეიქმნა და კიდევ გაძლიერდება, რამაც შედეგები უნდა მოიტანოს. შედეგებს კი მოყვება მაყურებელი, ტელევიზია, სპონსორები, სხვა ვარსკვლავების ინტერესი ბარსაში გადმოსვლაზე და ასე შემდეგ.
    ნამვილად გამოვა ბარსა ნაძირალა ბართომეოს ღრმა წუმპედან, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, საჭიროა რეზულტატი და ეს რეზულტატი არის ამ სეზონში ლა ლიგის მოგება, და თუ კოპა დე რეიც მიამატეს, გდასასრევი შედეგი იქნება.
    ამ სეზონში ჩემპოინთა ლიგაზე პრესპექტივა არ გვაქვს, მაგრამ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ უეჭველი, რომ ისევ არ გავხდეთ ევროპის ლიგის საჯიჯგნი. და მთავარია, რომ მალიორკას და ინტერის მსგავსი მატჩების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდეს.
    ამიტომ ყველამ, ვინც ბარსაში მუშაობს, უნდა გადადოს თავი და ყველა ღონე უნდა იხმაროს რომ წელს ეს შედეგი მიღწეული იქნეს.
    ჩვენც მოთბინებით უნდა მიუდგეთ ყველაფერს, მხარი დაუჭიროთ კლუბს და ეს შედეგები მიღწეული იქნება…..

    მესი ვინ გაგვაყიდინა, მუქთად გაუშვეს თორემ გაყიდვით იქნება ცოტა ხეირი მაინც გვენახა.

  • Chico
    08 ოქტ 2022, 22:07

  • kanja
    08 ოქტ 2022, 20:52

    ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანი თემაა და მიხედავენ თვითონაც…