ფრანკ რიბერი: ბარსელონა ლევანდოვსკისთვის შესანიშნავი არჩევანი იქნება

ფრანკ რიბერი: ბარსელონა ლევანდოვსკისთვის შესანიშნავი არჩევანი იქნება

მიუნხენის “ბაიერნის” ლეგენდარული ფეხბურთელი, ფრანკ რიბერი რობერტ ლევანდოვსკის “ბარსაში” შესაძლო ტრანსფერზე საუბრობს. 

ლევანდოვსკისი კარგად მესმის. “ბაიერნი” დიდებული კლუბია, მაგრამ, როგორც ჩანს, პოლონელს ახალი გამოწვევები სურს. დიახ, “ბარსელონა” რობერტისთვის შესანიშნავი არჩევანი იქნებოდა.

ლევანდოვსკის წინ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც ბოლო 3-4 წელია, მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელია. ის ფიზიკურად ძლიერი გახლავთ, კარგი ფინიშერია და მეორე სართულზე ბრწყინვალედ თამაშობს.

ერთმანეთს კარგად გავუგეთ და საერთო ენა სწრაფად გამოვნახეთ – მოედანზე ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებდით. შემიძლია ვთქვა, რომ მის გვერდით თამაში დიდი სიამოვნება იყო. გარდა ამისა, მოედნის მიღმაც კარგი ურთიერთობა გვქონდა. კონტაქტს დღესაც ვინარჩუნებთ და მეგობრები ვართ.

რობერტი საუკეთესო თავდამსხმელია თუ არა, ვისთან ერთადაც მითამაშია? პოლონელი განსხვავდება იმ შემტევებისგან, რომლებიც ჩემი თანაგუნდელები იყვნენ. მაგრამ, ლუკა ტონი, მიროსლავ კლოზე და მარიო გომესიც ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები გახლდნენ. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ლევანდოვსკიმ ბევრი მათგანი გადაწონა.

“ბაიერნის” მოთამაშეებს, ყოველთვის შეგვეძლო, პოლონელის იმედი გვქონოდა, ურთულეს სიტუაციებშიც კი.

უშვებს თუ არა გერმანული კლუბი შეცდომას, რომ ლევანდოვსკის არ უშვებს? დასამალი არაფერია, დიდი რისკი იქნება. ძალით დატოვებული ფეხბურთელი, შესაძლოა, გაბრაზებული და იმედგაცრუებული იყოს. თუმცა, გამიხარდება, თუ ის გამოსავალს იპოვის და ბედნიერი იქნება.

გერმანელების მესმის, რადგან ახალი ლევანდოვსკის პოვნა რთულია. ვიმეორებ, მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელზე ვსაუბრობთ. ასეთ ფეხბურთელს საკუთარი ნებით არავინ ყიდის. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ რობერტს ცვლილებები სურს. სიტუაცია რთულია, თუმცა, გამოსავალი უნდა მოიძებნოს.

თუ ლევანდოვსკი წავა, მის გაკეთებულს ვერავინ წაშლის. მაგრამ, ვისურვებდი, რომ მან “ბაიერნი” კარგი გზით დატოვოს.

მსგავს ვითარებაში მეც ვყოფილვარ. დაინტერესებული არა მხოლოდ “ბარსელონა”, არამედ “რეალი”, “მანჩესტერ იუნაიტედი” და კიდევ ბევრი კლუბი იყო. საბოლოოდ, “ბაიერნში” დავრჩი და ბედნიერი ვიყავი, რადგან “რეკორდემაისტერთან” ერთად ბევრი ტიტული მოვიგე. 

თუმცა, ჩემი და ლევანდოვსკის სიტუაცია რადიკალურად განსხვავდება – მაშინ ბევრად ახალგაზრდა ვიყავი, ვიდრე რობერტი ახლაა.

ლევანდოვსკი პროფესიონალი და ამბიციურია. ეჭვი არ მეპარება, რომ ის მაღალ დონეზე კიდევ დიდხანს ითამაშებს.

ვაპირებ თუ არა კარიერის გაგრძელებას? ამ ასაკშიც თავს შესანიშნავად ვგრძნობ. ყველაზე მთავარი ასპექტი სიამოვნების მიღებაა – ეს უნდა იგრძნო და ვგრძნობ კიდეც (ამჟამად რიბერი იტალიურ “სალერნიტანაში” ასპარეზობს).

“ბარსა” დიდი გუნდია. მართალია, კატალონიელებს პრობლემები აქვთ, მაგრამ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი ისეთი ძლიერები არ არიან, როგორც 5-6 წლის წინ იყვნენ, საქმე მაინც დიდ კლუბთან გვაქვს. “ბარსელონას” დიდებული ფეხბურთელები ჰყავდა, რომლებიც ერთად მრავალი წლის განმავლობაში თამაშობდნენ: მესი, ჩავი, ინიესტა, პიკე, ალვესი, ალბა… ახლა განსხვავებულ სიტუაციას ვხედავთ, მაგრამ ისინი ტალანტის დეფიციტს არ განიცდიან.

ეჭვი არ მეპარება, რომ ლევანდოვსკი ესპანეთშიც იმდენს გაიტანს, რამდენიც გერმანიაში გააქვს. ამასთან, როცა “ბარსას” ან “რეალის” ფეხბურთელი ხარ, ამ კლუბების მასშტაბის გამო, “ოქროს ბურთის” მოგების ბევრად მეტი შანსი გაქვს.

ვფიქრობ, უსამართლობაა, რომ რობერტს ეს ჯილდო არ აქვს. პოლონელს, სულ მცირე, “ოქროს ბურთი” ერთხელ უნდა მაინც მოეგო, რადგან იმსახურებდა. გაუგებარია, ასე რატომ არ მოხდა. 

მსგავს სიტუაციაში 2013 წელს მეც ვიყავი და დიდ იმედგაცრუებას განვიცდიდი. სხვა რა შემეძლო? “ბაიერნთან” ერთად ყველაფერი მოვიგე და საფრანგეთის ნაკრებს დავეხმარე, მაგრამ “ოქროს ბურთს” ვერ დავეუფლე. ეს დღესაც მაწუხებს. 

ბენზემას გამო, წელს ლევანდოვსკის ამ პრიზის მოგება გაუჭირდება? აქ დიდი პრობლემაა, რადგან ჩემს ორ ფავორიტ შემტევზე ვსაუბრობთ. არჩევა ძალიან გამიჭირდება.

– ციტირებს ფრანგის სიტყვებს პიოტრ კოზმინსკი.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (1)

  • nika 54
    24 მაი 2022, 19:54

    ჩვენც ვიცით ძმაო, მაგრამ ბაიერნი განგებ არ უშვებს რო მერე იქით არ გატენოს.