110 წელი პაულინო ალკანტარას დებიუტიდან

110 წელი პაულინო ალკანტარას დებიუტიდან

დღეს, “ბარსელონას” ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელის, პაულინო ალკანტარას დებიუტიდან ზუსტად 110 წელი გავიდა.

პაულინო 1896 წლის 7 ოქტომბერს, ფილიპინებში დაიბადა. ის ბარსელონაში 1899 წელს (“ბარსას” დაარსების წელი) ჩავიდა და 1910 წელს “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ახალგაზრდულ გუნდს შეუერთდა.

ალკანტარას პირველი გუნდის მაისურით სადებიუტო მატჩის გასამართად დიდი ლოდინი არ დასჭირდა – 1912 წლის 25 თებერვალს, კატალონიის ჩემპიონატის ეგიდით, “კატალას” წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში, რომელიც “ბლაუგრანამ” 9-0 მოიგო, პაულინომ ჰეთ-თრიქი შეასრულა. საინტერესოა, რომ მან ამის გაკეთება მომდევნო ორ შეხვედრაშიც შეძლო – სტატისტიკა მართლაც გასაოცარია: 3 მატჩში 9 გოლი 15 წლის (!) ასაკში.

1916 წელს ფილიპინელი სამშობლოში დაბრუნდა, რათა სამედიცინო განათლება მიეღო. ისე ჩანდა, თითქოს მისი “ბარსელონური” თავგადასავალი დასრულდა, თუმცა, 1 წლის შემდეგ, მან ტელეგრაფის საშუალებით დეპეშა მიიღო, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელს კატალონიაში დაბრუნებას სთხოვდნენ, რადგან კლუბს რთული პერიოდი ედგა. საბოლოოდ, 1918 წელს, გემით ორთვიანი მგზავრობის შემდეგ, ალკანტარა ფილიპინებიდან ესპანეთში დაბრუნდა.

პაულინომ, რომელიც ამავდროულად ექიმადაც მუშაობდა, “ბარსაში” 1927 წლამდე ითამაშა და იმ დროისთვის სარეკორდო მაჩვენებლები დააფიქსირა:

  • 399 მატჩი
  • 395 გოლი
  • 15 ტიტული

*იგულისხმება როგორც ოფიციალური, ისე ამხანაგური მატჩები

გასაოცარია, რომ თითქმის საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ალკანატარამ ბუცები ლურსმანზე დაკიდა, თუმცა, “ბარსას” ყველა დროის საუკეთესო ბომბადირთა სიაში მას მხოლოდ ლეო მესი უსწრებს.

როგორც გადმოცემით ვიცით, მას იმდენად ძლიერი დარტყმა ჰქონდა, რომ მეტოქის კარის ბადის გახევა შეეძლო. კლუბის დამაარსებელი, ჟოან გამპერი კი პაულინოს გოლებით გაოცებული იყო.

ბრწყინვალე სტატისტიკის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ ის თავდამსხმელი არ ყოფილა – ალკანტარა უფრო სიღრმიდან მოქმედებდა. 10 მატჩში გატანილი 19 გოლის შემდეგ, ერთ-ერთმა სპორტულმა ჟურნალისტმა მასზე დაწერა: “ეს ბიჭი ძალიან პერსპექტიულია და მალე გუნდის მთავარი ლიდერი გახდება”. და ასეც მოხდა…

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ალკანტარა 1931-34 წლებში კლუბის შტაბის წევრი იყო, 1959 წელს კი “ბარსელონას” ვეტერან მოთამაშეთა ასოციაციის პრეზიდენტად დაინიშნა. ამასთან, 1951 წელს ის – ესპანეთის, 1953 წელს კი კატალონიის ნაკრებს (ფეხბურთელობის დროს ალკანატარას როგორც პილიპინების, ისე ესპანეთისა და კატალონიის ნაკრებში უთამაშია) წვრთნიდა. 5 წლის შემდეგ, 1964 წლის 13 თებერვალს, პაულინო 67 წლის ასაკში კატალონიის დედაქალაქში გარდაიცვალა.

2007 წელს FIFA-მ პაულინო ალკანტარა ყველა დროის საუკეთესო აზიელ ფეხბურთელად დაასახელა. 

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (2)

  • nika 54
    26 თებ 2022, 12:00

    ისე ლეოს რო 15 წლიდან გატანილი გოლებიც მიუმატოთ და ამხანაგურებში გატანილები ალბათ ორი მაგდენი გაუხდება.
    ისე საინტერესოა ის სტატიები ბარსელონას ისტორიიდან სად გაქრა. წლის ყველა დღის ნიუსები გავიარეთ ალბათ?

  • EL MAESTRO 6
    25 თებ 2022, 22:08

    ვაახ, ასეთი ტიპები სადღა არიან ფეხბურთში, 15 წლის ასაკში ზედიზედ 3 სეთ თრიქი კიარა ახლა ვიღაცა ერთ-ორ ფინტს გააკეთებს და უკვე მომავალ ლეგენდა თვლიან