“ბარსელონას” ახალი მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი, ხვალ კატალონიური გუნდის თავკაცის რანგში პირველ მატჩს ჩაატარებს. ლა ლიგის მე-14 ტურში “ბარსას” მეტოქე “ესპანიოლი” იქნება.
დერბიმდე ერთი დღით ადრე ჩავიმ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ. მე მათ ვენდობი და აუცილებელია, თითოეულმა მათგანმა მინდორზე თავი კომფორტულად იგრძნოს.
კარგად მომზადებული მეტოქის წინააღმდეგ ვთამაშობთ. რა თქმა უნდა, ნერვების კონტროლი მნიშვნელოვანი იქნება. მომზადებისთვის დიდი დრო არ გვქონია, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმით, რაც ვარჯიშზე ვნახე – რიტმი, განწყობა… გუნდში ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავს. უნდა ვაჩვენოთ ხასიათი, თავდადება, შრომა, გუნდურობა და საკუთარი მოედანი ციხესიმაგრედ ვაქციოთ. დერბიში ფეხის დაცდენის უფლება არ გვაქვს. გულშემატკივრების თანადგომასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
ვეცდებით, რომ ბურთი ვაკონტროლოთ, მომენტები შევქმნათ, მეტოქე წნეხის ქვეშ მოვაქციოთ და თამაში მათ ნახევარზე გადავიტანოთ. “ესპანიოლის” თამაში გავაანალიზეთ და მათი სისუსტეების შესახებ ვიცით. გუნდში ახალი მოდელის დანერგვა იმ ფეხბურთელებთან უკვე დავიწყეთ, რომლებიც სანაკრებო პაუზის დროს ჩვენთან იყვნენ, გუშინ კი მეტი მოთამაშე შემოგვიერთდა.
შემადგენლობა ჯერ არ შემირჩევია. დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, თუ როგორ მდგომარეობაში არიან ფეხბურთელები ვარჯიშის დროს. მარტინი, კუნი და დემბელე არ გვყავს, ამიტომ ახალგაზრდა ფეხბურთელები ითამაშებენ. მათ კარგი შთაბეჭდილება უკვე მოახდინეს – არა მარტო იმ მოთამაშეებმა, რომლებიც აქამდე გვეხმარებოდნენ, არამედ “ბარსა ბ-ს” წევრებმაც, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ მაღალ დონეზე თამაშისთვის მზად არიან. ასე რომ, შესაძლოა, სიურპრიზები ვიხილოთ.
დანი ალვესი პოზიტიური ბიძაა, ნამდვილი გამარჯვებული, რომლის ხასიათი და შემართება გადამდებია. მისი დაბრუნების გადაწყვეტილება ერთხმად მივიღეთ. დანი მოედანზეც ვნახეთ, მისი ფიზიკური მდგომარეობა შესანიშნავია. სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და ცუდია, რომ იანვრამდე ვერ დაგვეხმარება.
არის თუ არა “ბარსას” დღევანდელი შემადგენლობა დაუფასებელი? ამას ჯერ ვერ გეტყვით. მომწონს, რასაც ვხედავ: მონდომება, შემართება და ერთობა მაკმაყოფილებს. ერთი გუნდი, ერთი ოჯახი უნდა ვიყოთ. ახლა განწყობა პოზიტიურია, მაგრამ ვიცით, რომ გულშემატკივარი გუნდს შედეგებით აფასებს. გვინდა, რომ ლამაზი ფეხბურთი ვითამაშოთ, თუმცა თქვენი შეფასება სწორედ შედეგებზე იქნება დამოკიდებული.
ეს კვირა გუნდური და ინდივიდუალური ვარჯიშით საკმაოდ დატვირთული იყო. ბევრს ვსაუბრობთ და შეტევის, დაცვისა და თამაშის სტრატეგიის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. ტაქტიკური და ფსიქოლოგიური ფაქტორებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
თავს მშვიდად და პოზიტიურად ვგრძნობ. ახლა ნაკლებად ვნერვიულობ, ვიდრე მაშინ, როცა ფეხბურთელი ვიყავი. მიხარია, რომ იქ ვარ, სადაც ჩემი სახლია და მატჩის დაწყებას მოუთმენლად ველი.
ბევრს ფეხბურთელს ვესაუბრე და ისინი თავს ცუდად გრძნობენ იმის გამო, რომ გუნდს ცუდი შედეგები აქვს. მათ უნდათ, რომ სიტუაცია შეიცვალოს. ამისთვის ვეტერანებმა და ახალგაზრდებმა ერთად უნდა ვიშრომოთ, ნიჩბები ერთი მიმართულებით უნდა ვუსვათ. რა თქმა უნდა, ახალგაზრდების როლი მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენი მოვალეობაა, ისინი ზედმეტი წნეხისგან გავათავისუფლოთ და მათ საშუალება მივცეთ, შესაძლებლობების ასი პროცენტი გამოავლინონ.
გავი ძალიან გვჭირდება. ის გუნდის აწმყო და მომავალია. მისი თვისებები მრავალფეროვანია და შეგვიძლია, განსხვავებულ სიტუაციებში გამოვიყენოთ – გავის ცენტრში შესვლა, ერთი-ერთზე თამაში, სივრცეების გამოყენება და დაცვის დახმარება შესანიშნავად გამოსდის.
არ ვიცი, იყო თუ არა საჭირო გასახდელში მეტი წესრიგი. მხოლოდ ის ვიცი, რომ წესრიგი იყო მაშინ, როცა აქ ვთამაშობდი და ამან ძალიან კარგ შედეგებამდე მიგვიყვანა. აუცილებელია, გუნდში ორგანიზებულობა, პატივისცემა, შრომა და ერთგულება იგრძნობოდეს.
როგორ გავუმკლავდებით წაგებას? არ ვიცი, იმედია, ეს დიდხანს არ მოგვიწევს. სასურველია, ეს ძალიან გვიან მოხდეს. ჯერ მხოლოდ მოგებაზე ვფიქრობთ – ხვალ სამი ქულა უნდა ავიღოთ.
მემფისი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მას მოედანზე გადამწყვეტი როლის თამაში შეუძლია. მემფისი თამაშობს როგორც ცხრიანად, ასევე ფლანგზე და სტრატეგიას კარგად ეწყობა. მისი ძლიერი მხარე მეტოქესთან პირისპირ გამკლავება, მომენტებისა და სივრცეების გამოყენებაა. მთავარია, მან გუნდში თავი კარგად იგრძნოს, ისევე როგორც ყველა დანარჩენმა.
ლუკ დე იონგი, ისევე როგორც სხვა ფეხბურთელები, თამაშისთვის მზად უნდა იყოს. თითოეული მათგანი გვჭირდება – განსაკუთრებით კი იმის გათვალისწინებით, რომ ამდენი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს.
თუ გულშემატკივრები მხარდაჭერას ყოველთვის ისე გამოავლენენ, როგორც ჩემი პრეზენტაციის დღეს, ეს საკმარისი იქნება. ფანების თანადგომა გადამწყვეტია – ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ, მაგრამ მათ გარეშე სასურველ შედეგს ვერ მივაღწევთ. მათი ჩართულობა, ტაში და შეძახილები ბევრს გვმატებს.
ფილიპე კოუტინიომ საკუთარი თავი ხელახლა უნდა აღმოაჩინოს. მას ვესაუბრეთ, ვიცით, რომ დიდი ნიჭი და შესაძლებლობები აქვს. ის ძალიან მომწონს. ფილიპემ თავდაჯერება უნდა დაიბრუნოს და თუ ყველაფერი კარგად წავა, თამაშის შანსს მიიღებს.
არავისთვის არ გვითქვამს, რომ არ გვჭირდება. გუნდის თითოეულმა წევრმა უნდა იგრძნოს, რომ მნიშვნელოვანია. ყველა ადამიანი განსხვავებულია და მათ მდგომარეობას ცალ-ცალკე უნდა გავეცნოთ.
ფრენკი დე იონგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მას აქვს საჭირო თვისებები იმისთვის, რომ თამაშის სურათი ნებისმიერ წუთს შეცვალოს. თუმცა, შემადგენლობის შერჩევის დროს ყურადღებას ბევრ რამეს ვაქცევთ, მათ შორის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას.
ფრენკი დე იონგი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მას აქვს საჭირო თვისებები იმისთვის, რომ თამაშის სურათი ნებისმიერ წუთს შეცვალოს. თუმცა, შემადგენლობის შერჩევის დროს ყურადღებას ბევრ რამეს ვაქცევთ, მათ შორის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობას.
ხვალინდელი თამაშისთვის ყველანაირად მზად ვართ. “ესპანიოლს” ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავს, ვისენტე მორენოს გუნდს პრესინგის თამაში შეუძლია, ფიზიკური ძალა და კარგი სტრატეგია აქვს. რთული და დაძაბული შეხვედრა იქნება, მაგრამ ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ.
– განაცხადა ჩავიმ.




მიდი შენ იცი. შენი იმედი რატომღაც მაქვს.
მოსაგები თამაშია თორე ლალიგის უფრო გაგვიჭირდება.
ერთი სული მაქ თამაში დაიწყოს
იმედია წარმატებულიბდებიუტი ექნება მაესტროს❤💙