დღეს, ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მატჩში, “ბარსელონა” კიევის “დინამოს” უმასპინძლებს.
პირველი ორი მატჩის წაგების შედეგად, “ბარსელონასთვის”, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენის საფრთხე რეალურია. იმისათვის, რათა “ბაიერნთან” თამაშამდე, შემდეგ ეტაპზე გასვლა განაღდებული გვქონდეს, საჭიროა ორი რამ: მოვიგოთ მომდევნო სამი მატჩი და “ბენფიკამ” წააგოს მომდევნო სამი მატჩი.
კიევის “დინამოსთან” გასამართ ორ შეხვედრაში ნებისმიერი შედეგი, მოგების გარდა, კატასტროფის ტოლფასი იქნება. თუ “ბენფიკა” “ბაიერნთან” ორივე მატჩს წააგებს და ჩვენ უკრაინელებთან მხოლოდ 4 ქულას ავიღებთ, “კამპ ნოუზე” “ბენფიკასთვის” ოთხბურთიანი სხვაობით გვექნება მოსაგები (სამბურთიანი სხვაობა მისაღები იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, საბოლოო ჯამში, ჯგუფურ ეტაპზე “ბენფიკაზე” მეტი გოლი გვექნება გატანილი).
ერთი სიტყვით, უნდა დავამარცხოთ “დინამო” (ორჯერ), “ბენფიკა” (სახლში) და ვიმედოვნოთ, რომ ჟორჟე ჟეზუსის გუნდი “ბაიერნთან” შეხვედრებში სენსაციას არ შემოგვთავაზებს.
სათამაშო ფორმა
რამდენიმე კვირის წინ, რონალდ კუმანი ამბობდა, რომ მისი საქმიანობის შეფასება მხოლოდ მას შემდეგ იქნებოდა მართებული, რაც ლაზარეთში მყოფი ფეხბურთელები გამოჯანმრთელდებოდნენ და მას წვდომა “ბარსელონას” სრულ შემადგენლობაზე ექნებოდა. დღევანდელი თამაშისთვის, ტრავმირებულნი არიან პედრი, არაუხო, ბრეითუეიტი და დემბელე. დანაკლისი სერიოზულია, მაგრამ კიევის “დინამოსთან” რომელიმე მატჩის ვერმოგების შემთხვევაში, კუმანს თავის მართლების უფლება, ნამდვილად, არ ექნება.
“ვალენსიასთან” “ბარსამ” უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. ფატიმ მოედანზე ერთი საათი გაატარა და გვაჩვენა, რომ, მემფისთან ერთად, “ბარსას” შეტევის გამოცოცხლება შეუძლია, თუმცა რონალდ კუმანმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 18 წლის ფეხბურთელი 7 დღეში 3 თამაშის ჩატარებისთივს ჯერ მზად არაა. შესაბამისად, შესაძლოა, იგი ძირითად შემადგენლობაში ვერ ვიხილოთ. სავარაუდოდ, უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს სერხიო აგუერო.
დაცვაში არსებული პრობლემები გადაუჭრელი რჩება. “და ლუჟზე” მიღებული წითელი ბარათის გამო, დისკვალიფიცირებულია ერიკ გარსია. სავარაუდოდ, მის ნაცვლად სასტარტოში კლემან ლანგლეს ვიხილავთ, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, გარკვეული დისკომფორტი აწუხებს, თუმცა თამაშს შეძლებს.
მეტოქე
მირჩა ლუჩესკის გუნდი უკრაინის პრემიერ ლიგას წაუგებლად ლიდერობს. 11 თამაშიდან “დინამომ” 9-ის მოგება შეძლო, თანაც, ისე, რომ 29 გოლი გაიტანა და მხოლოდ 3 გაუშვა.
განსხვავებული სიტუაციაა ჩემპიონთა ლიგაზე. “ბაიერნთან”, მათი დღევანდელი მეტოქის მსგავსად, უკრაინელებიც უშანსოდ (0-5) დამარცხდნენ. პირველ ტურში კი შინ, “ბენფიკასთან”, ნათამაშები ფრის წყალობით (0-0), ამ მომენტისთვის, “დინამო” ჯგუფში მესამე ადგილს იკავებს.
8 გოლით, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი 23 წლის ვიქტორ ციგანკოვია, რომელმაც შარშან “კამპ ნოუზე” გამართულ დაპირისპირებაში “ბარსას” კარის აღება შეძლო.
შარშანდელი თამაშების შემდეგ, “დინამო” გიორგი წიტაიშვილმა ერთწლიანი იჯარით დატოვა და ოდესის “ჩერნომორეცს” შეუერთდა. აქვე, შეგვიძლია, ვახსენოთ 19 წლის მეკარე, რუსლან ნეშჩერეტი, რომელმაც “კამპ ნოუზე” ითამაშა და რამდენიმე დასამახსოვრებელი სეივის შესრულებაც მოახერხა. მაშინ, მას თამაშის საშუალება ორი მთავარი მეკარის, ბუშანისა და ბოიკოს, კოვიდინფიცირების წყალობით მიეცა. ამჟამად, იგი “დინამოს” ასაკობრივ გუნდში ირიცხება და ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს.
მწვრთნელები მატჩის წინ
კიევის “დინამოს” წინააღმდეგ გასულ სეზონში ვითამაშეთ და ამ გუნდს კარგად ვიცნობთ. ჩემპიონთა ლიგაზე ეს გადამწყვეტი მატჩია. ლიგაზე ბოლო 2 შეხვედრის წაგების შემდეგ უნდა მოვიგოთ.
უნდა გავიმარჯვოთ და მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები გავზარდოთ. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ.
ეს უჩვეულო სეზონია. თითქმის ყველა კლუბს ჩემპიონთა ლიგის პირველი ორი ტურის შემდეგ მოგება სჭირდება. არამხოლოდ “ბარსელონას” სჭირდება ქულები, ჩვენც გვჭირდება ისინი.
მე კუმანს ვეთანხმები იმაში, რომ “ბარსელონასთვის” რთულია მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე რამე მიზანი ჰქონდეს. ამ ტურნირზე გუნდები ძალიან ძლიერები არიან.
დანაკლისი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, “ბარსას” ტრავმის გამო პედრი, ბრეითუეიტი, დემბელე და არაუხო დააკლდება. ასევე, დისკვალიფიცირებულია ერიკ გარსია.
“დინამოს” ერთბაშად ოთხი შემტევი ჰყავს ტრავმირებული: ბასედინი, კარგბო, კულახი და სუპრიაგა. ამ უკანასკნელმა 4 დღის წინ, “ლვოვთან” შეხვედრის 41-ე წუთზე მოედანი ტრავმის გამო დატოვა. იგი “ბარსელონასთან” მატჩის განაცხადში იმყოფება, თუმცა მისი თამაში საეჭვოა. აგრეთვე, ტრავმირებულია 22 წლის ცენტრალური მცველი, დენის პოპოვი.
არბიტრი
მატჩს 39 წლის ფრანგი არბიტრი კლემან ტურპენი გაუძღვება, რომელსაც ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 34 შეხვედრაში უმსაჯია.
ფრანგ არბიტრს “ბარსას” მატჩებში მონაწილეობა 2-ჯერ აქვს მიღებული. მან 2018 წელს, “რომასთან” სტუმრად 0-3 წაგებული შეხვედრა განსაჯა. “ბლაუგრანასა” და ტურპენის გზები ბოლოს 2019 წელს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “დორტმუნდთან”, შინ, 3-1 მოგებულ თამაშში გადაიკვეთა.
ტურპენმა “ბარსელონას” ფეხბურთელებს 5 ყვითელი ბარათი უჩვენა, მეტოქე გუნდის მოთამაშეები კი 3-ჯერ გააფრთხილა. 39 წლის არბიტრს კატალონიელთა შეხვედრებში ფეხბურთელი არასდროს გაუძევებია, ხოლო თერთმეტრიანი ერთხელ დაუნიშნავს და ისიც “ბარსას” კარში.
ტურპენი კიევის “დინამოს” მონაწილეობით ჩატარებულ მატჩში პირველად იმსაჯებს.
ურთიერთშეხვედრები
ამ გუნდებს შორის ჩატარებული 12 თამაშიდან “ბარსამ” 8 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 3 წააგო, გაიტანა 24 და გაუშვა 16 გოლი.
2020/21 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეც ეს გუნდები ერთმანეთს მესამე და მეოთხე ტურებში შეხვდნენ და ორივე “ბარსას” გამარჯვებით დასრულდა. მაშინ, კიევური გუნდის დიდი ნაწილი კორონავირუსით იყო დაინფიცირებული, რის გამოც ლუჩესკუს უჩვეულო შემადგენლობით უწევდა თამაში.
“ბარსელონასა” და კიევის “დინამოს” შესახებ საუბრისას, აუცილებლად უნდა ვახსენოთ 1997/98 წლების სეზონი, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უკრაინელებმა შინ 3-0 იმარჯვეს, მორიგი ისტორიული გამარჯვება კი უკვე “კამპ ნოუზე” მოიპოვეს, როდესაც რევანშისტულად განწყობილი “ბარსელონა” 4-0 დაამარცხეს
“ბარსელონას” უკრაინულ გუნდებთან სულ 21 თამაში აქვს ჩატარებული. კატალონიელებმა 14 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს, გაიტანეს 42 და გაუშვეს 24 გოლი.
“დინამოს” ესპანურ მეტოქეებთან ჩატარებულ 29 თამაშში 5 მოგება, 10 ფრე, 14 წაგება, 33 გატანილი და 48 გაშვებული გოლი დაუგროვდა.
საინტერესო ფაქტები
- ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “ბარსას” და “დინამოს” გოლი ჯერ არ გაუტანიათ, ბურთების შეფარდება – 0-11.
- “ბარსელონამ” ოთხბურთიანი სხვაობით ბოლოს 17 აპრილს, ესპანეთის თასის ფინალში, იმარჯვა.
- “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 5 მატჩიდან 4 წაგებული აქვს, ოთხივე სამბურთიანი სხვაობით.
- იმ ბოლო 8 თამაშიდან, რომელიც “ბარსამ” ჩემპიონთა ლიგაზე ჩაატარა, 7-ში, მინიმუმ, 3 გოლი გავიდა.
- ჟერარ პიკეს “დინამოს” წინააღმდეგ ჩატარებულ 4 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.
სავარაუდო შემადგენლობები
SofaScore:
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – რობერტო, პიკე, ლანგლე, ალბა – დე იონგი, ბუსკეტსი, გავი – დესტი, მემფისი, ფატი
“დინამო” | 4-2-3-1
ბუშანი – კეძიორა, ზაბარნი, სიროტა, მიკოლენკო – სიდორჩუკი, შაპარენკო – ციგანკოვი, ბუიალსკი დე პენა – ვიტინიო
WhoScored:
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – რობერტო, პიკე, ლანგლე, ალბა – დე იონგი, ბუსკეტსი, გავი – დესტი, მემფისი, ფატი
“დინამო” | 4-2-3-1
ბუშანი – ტიმჩუკი, ზაბარნი, შაბანოვი, მიკოლენკო – სიდორჩუკი, შაპარენკო – ციგანკოვი, ბუიალსკი დე პენა – გარმაში
Sportskeeda:
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – რობერტო, პიკე, ლანგლე, ალბა – დე იონგი, ბუსკეტსი, გავი – დესტი, მემფისი, ფატი
“დინამო” | 4-2-3-1
ბოიკო – ტიმჩუკი, ზაბარნი, შაბანოვი, მიკოლენკო – სიდორჩუკი, შაპარენკო – ციგანკოვი, ბუიალსკი დე პენა – გარმაში
SportsMole:
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – რობერტო, პიკე, ლანგლე, ალბა – დე იონგი, ბუსკეტსი, გავი – დესტი, მემფისი, ფატი
“დინამო” | 4-2-3-1
ბუშანი – ტიმჩუკი, ზაბარნი, შაბანოვი, მიკოლენკო – სიდორჩუკი, შაპარენკო – ციგანკოვი, ბუიალსკი დე პენა – გარმაში
Sport:
“ბარსელონა” | 4-3-3
ტერ შტეგენი – რობერტო, პიკე, ლანგლე, ალბა – დე იონგი, ბუსკეტსი, გავი – დესტი, მემფისი, კოუტინიო
“დინამო” | 4-2-3-1
ბუშანი – კეძიორა, ზაბარნი, სიროტა, ტიმჩუკი – სიდორჩუკი, ანდრიევსკი – ციგანკოვი, ბუიალსკი დე პენა – სუპრიაგა
პროგნოზი
SportsMole: ბარსელონა 2-0 დინამო
Sportskeeda: ბარსელონა 2-0 დინამო
WhoScored: ბარსელონა 2-0 დინამო
ტრანსლაცია
მატჩი, თბილისის დროით, 20:45 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და silksport.ge შემოგთავაზებთ.
ეს ორი კი არა 6 "რამაა" მოვიგოთ 3 მატჩი ეს უკვე სამი და ბენფიკამ წააგოს ასევე 3 მატჩი ანუ სულ 6 შედეგია საჭირო. იმედია ბენფიკა გაითვალისწინებს ჩვენს გაჭირვებას და კიევთან სახლში ჩვენი ხათრით წააგებს.
იმისათვის, რათა "ბაიერნთან" თამაშამდე, შემდეგ ეტაპზე გასვლა განაღდებული გვქონდეს, საჭიროა ორი რამ: მოვიგოთ მომდევნო სამი მატჩი და "ბენფიკამ" წააგოს მომდევნო სამი მატჩი.
ეს ორი კი არა 6 "რამაა" მოვიგოთ 3 მატჩი ეს უკვე სამი და ბენფიკამ წააგოს ასევე 3 მატჩი ანუ სულ 6 შედეგია საჭირო. იმედია ბენფიკა გაითვალისწინებს ჩვენს გაჭირვებას და კიევთან სახლში ჩვენი ხათრით წააგებს.
წარმატებები ბიჭებს. მოსაგები თამაშია უეჭველად!!
კუმანმა იცის რა უნდა გააკეთოს, უნდა მოიგოს, მაგრამ როგორ მოიგოს ესაა, რომ არ იცის.