ბარსელონა-გრანადა: მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-გრანადა: მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს, ლა ლიგის 33-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში, “ბარსელონა” “გრანადას” უმასპინძლებს.

მიმდინარე სეზონში პირველად, კატალონიელებს ლა ლიგის პირველ პოზიციაზე გადასვლის შესაძლებლობა მიეცათ. ნოემბერში, მოვლენათა ასეთ განვითარებას ვერავინ წარმოიდგენდა, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

სათამაშო ფორმა

უკანასკნელი მატჩები “ბარსამ” ძალების განსაკუთრებული დაზოგვით ჩაატარა, რაც აბსოლუტურად გასაგებია. კალენდარი აქამდეც დატვირთული იყო, თუმცა, მიმდინარე სეზონში ფეხბურთელებს დასვენების საშუალება საერთოდ არ ეძლევათ, თანაც, ზაფხულში კოპა ამერიკა და ევროპის ჩემპიონატი იმართება. ეს ყველაფერი თამაშის ხარისხზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს, ლა ლიგის მიმდინარე სეზონი ამის ნათელი მაგალითია.

გუნდი დღევანდელ მატჩს კარგი განწყობით ხვდება, მიზანთან ასე ახლოს ვართ. სეზონის ამ ეტაპზე, თითოეული მატჩი ფინალის ტოლფასია, 3 ქულა ნებისმიერ ფასად უნდა მოვიპოვოთ.

დღეს, გამარჯვების შემთხვევაში, “ატლეტიკოს” 1 ქულით გავუსწრებთ, “რეალს” 3 ქულით, “სევილიას” კი – 4-ით.

მეტოქე

“გრანადა” კლუბის ისტორიაში საუკეთესო სეზონს ატარებს. ანდალუსიელებმა ევროტურნირებზე სადებიუტო სეზონში ევროპა ლიგის 1/4-მდე მიაღწიეს. “გრანადამ” ლა ლიგაში ადგილი უკვე გაინაღდა, დღეს, გამარჯვების შემთხვევაში კი ევროტურნირების ზონას 4 ქულამდე მიუახლოვდება, ასე რომ, ამ გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს.

დიეგო მარტინესის გუნდი არცთუ ისე კარგ ფორმაშია. უკანასკნელი 8 მატჩიდან, “გრანადამ” მხოლოდ 2 მოიგო, 6-ში კი დამარცხდა. რაც შეეხება გასვლაზე ჩატარებულ შეხვედრებს, ბოლო 9 შეხვედრიდან, ანდალუსიელებმა მხოლოდ 1 მოიგეს, 1 ფრედ დასრულდა, 7 კი – დათმეს.

მწვრთნელები მატჩის წინ

რონალდ კუმანი:

ბრძოლა 4 გუნდს შორის მიდის. ჩემპიონობისთვის ყველა დარჩენილი თამაშის მოგებაა საჭირო. გუნდი ფოკუსირებულია. ფეხბურთელებს არ ეტყობათ, რომ საქმე დასრულებული ჰგონიათ. ადრე სხვა სიტუაცია იყო, ახლა კი ხალხი ფავორიტად მიგვიჩნევს, თუმცა ჩვენ სიტუაციას ასე არ ვუყურებთ.

დიეგო მარტინესი:

დანაკლისის თვალსაზრისით, რთული ვითარება გვაქვს, თუმცა უფრო მძიმე სიტუაციაშიც ვყოფილვართ, ასე თამაშს უკვე მივეჩვიეთ.

მესის წინააღმდეგ თამაში ძალიან რთულია. ერთობლივი ძალებით მის შეჩერებას ვეცდებით, იმედია, გამოგვივა.

დანაკლისი

ტრავმის გამო, “ბარსელონას” ანსუ ფატი, ფილიპე კოუტინიო და მარტინ ბრეითუეიტი ვერ დაეხმარებიან. მცირე ტრავმის შემდეგ, სავარაუდოდ, განაცხადს მირალემ პიანიჩი დაუბრუნდება.

მეტოქე გუნდის დანაკლისი გაცილებით სერიოზულია. დანამდვილებით ცნობილია, რომ დღეს “გრანადას” ვერ დაეხმარებიან ორი დისკვალიფიცირებული – ანტონიო პუერტასი და ანხელ მონტორო, და სამი ტრავმირებული – დომინგოს დუარტე, კარლოს ნევა და ლუის მილია.

საეჭვოა შემდეგი ფეხბურთელების თამაში: ხესუს ვალეხო, რუი სილვა, კენედი და ხერმან სანჩესი. ასევე, მცირე დისკომფორტი აქვს რობერტო სოლდადოს.

ურთიერთშეხვედრები

“ბარსელონასა” და “გრანადას” ურთიერთშეხვედრების ისტორია 53 შეხვედრას ითვლის: 42 გამარჯვება, 5 ფრე და 6 მარცხი, ბურთების შეფარდება – 145-49. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 1941 წლის 9 ნოემბერს შედგა, როდესაც “ბარსამ” შინ, ანგარიშით 4-0, იმარჯვა. 

ლა ლიგაში გუნდებს 49 მატჩი აქვთ გამართული, საიდანაც 39 “ბარსელონას” გამარჯვებით დასრულდა, 4 ფრედ, 6 კი “გრანადამ” მოიგო.

რაც შეეხება “ბარსას” საშინაო არენაზე გამართულ შეხვედრებს, აქ “ბარსელონას” სრული უპირატესობა აქვს: 25 მატჩი, 25 მოგება, ბურთების შეფარდება – 92-18.

ამ სეზონში გუნდებს შორის ორი მატჩი შედგა, ორივე “ნუევო ლოს კარმენესზე”, ორივეში გამარჯვება “ბლაუგრანას” დარჩა. ჯერ, გუნდმა ლა ლიგის შეხვედრა იოლად მოიგო (4-0), შემდეგი კი მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი გამოდგა. ესპანეთის თასის 1/4-ფინალში, შეხვედრის 88-ე წუთამდე მასპინძლებს ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა კატალონიელებმა მატჩის შემოტრიალება და შემდეგ ეტაპზე გასვლა შეძლეს. შეხვედრა, ანგარიშით 5-3, დასრულდა, გოლები გრიზმანმა (2), ალბამ (2) და დე იონგმა გაიტანეს.

საინტერესო სტატისტიკა

  • ლიონელ მესის “გრანადას” კარში 14 გოლი აქვს გატანილი
  • “გრანადასთან” გამართულ ბოლო 2 მატჩში, ანტუან გრიზმანმა 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა
  • “გრანადამ” “კამპ ნოუზე” გოლი ბოლოს 2012 წელს გაიტანა
  • ლა ლიგაში “გრანადას” საუკეთესო ბომბარდირი რობერტო სოლდადოა – 9 გოლი
  • 1959 წელს, “სანტიაგო ბერნაბეუზე”, “ბარსელონამ” ესპანეთის თასის ფინალში “გრანადა”, ანგარიშით 4-1, დაამარცხა
  • “ბარსელონა” ლა ლიგის ლიდერი 2020 წლის ივნისის შემდეგ არ ყოფილა
  • დღეს, “გრანადას” კარს აარონ ესკანდელი დაიცავს. ბოლოს, მან 4 თებერვალს, “ბარსელონასთან” ითამაშა (5-3)

არბიტრი

დღევანდელ თამაშს 40 წლის პაბლო გონსალეს ფუერტესი განსჯის, რომელიც ლა ლიგაში 2017 წლიდან მსაჯობს.

პრიმერაში ფუერტესი თამაშში საშუალოდ 5.26 ყვითელ ბარათს აჩვენებს, რაც ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის მე-6 შედეგია. ყვითლისგან განსხვავებით, წითელი ბარათების ჩვენება არ უყვარს – თამაშში საშუალოდ 0.24 და მე-14 შედეგი ლა ლიგის მოქმედ არბიტრებს შორის.

ფუერტესს “ბარსელონას” შეხვედრაში მსაჯობის დიდი გამოცდილება არ აქვს. მან ეს აქამდე მხოლოდ 4-ჯერ მოახერხა. კატალონიელებმა ოთხივე თამაში მოიგეს. ამ ოთხ მატჩში თერთმეტმეტრიანი არ გვინახავს, წითელი ბარათი კი არბიტრმა ერთხელ აჩვენა, როდესაც მეტოქე ფეხბურთელი გააძევა.

პაბლო გონსალესის მონაწილეობით ჩატარებულ შეხვედრებში ძალიან კარგი შედეგი აქვს “გრანადასაც” – 5 თამაშში 4 მოგება და 1 წაგება. ფუერტესს პენალტი არც “გრანადას” მატჩში დაუნიშნავს და ერთადერთი წითელი აქაც მეტოქე ფეხბურთელზე მოდის.

სავარაუდო შემადგენლობები

SportsMole:

“ბარსელონა” | 3-5-2

ტერ შტეგენი – მინგესა პიკე ლანგლე – რობერტო პედრი ბუსკეტსი დე იონგი ალბა – მესი გრიზმანი

“გრანადა” | 4-5-1

ესკანდელი – ფოლკიე დიასი პერესი კინი – გონალონსი ერერა კენედი ვიკო მაჩინი – სუარესი

SofaScore:

“ბარსელონა” | 3-5-2

ტერ შტეგენი – მინგესა პიკე ლანგლე – დესტი პედრი ბუსკეტსი დე იონგი ალბა – მესი გრიზმანი

“გრანადა” | 4-4-2

ესკანდელი – დიასი პერესი სანჩესი კინი – მაჩისი ერერა ბრაისი კენედი – სოლდადო მოლინა

WhoScored:

“ბარსელონა” | 3-5-2

ტერ შტეგენი – მინგესა პიკე ლანგლე – რობერტო პედრი ბუსკეტსი დე იონგი ალბა – მესი გრიზმანი

“გრანადა” | 4-4-2

ესკანდელი – დიასი პერესი სანჩესი კინი – მაჩისი ერერა ეტეკი კენედი – სოლდადო მოლინა

Marca:

“ბარსელონა” | 3-5-2

ტერ შტეგენი – მინგესა პიკე ლანგლე – რობერტო პედრი ბუსკეტსი დე იონგი ალბა – მესი გრიზმანი

“გრანადა” | 4-3-3

ესკანდელი – ფოლკიე პერესი სანჩესი კინი – ერერა გონალონსი ეტეკი – კენედი სოლდადო მაჩისი

პროგნოზი

SportsMole: ბარსელონა 2-0 გრანადა

WhoScored: ბარსელონა 2-1 გრანადა

Squawka: ბარსელონა 3-1 გრანადა

ტრანსლაცია

მატჩი დღეს, თბილისის დროით 21:00 საათზე, დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ სპორტ 1 და silksport.ge შემოგთავაზებთ.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე ექსკლუზიური წვდომა, რეკლამების გარეშე საიტი და სხვა პრივილეგიები.

გაიგე მეტი arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • nika 54
    schedule 20 სექ 2021, 16:38

    მე მგონი ყველა ახალგაზრდა ვინც ღირსია უნდა დააყენოს, აბა როდისღა დააკვირდება რეალთან? თუ ატლეტიკოსთან?

  • azulgerana
    schedule 20 სექ 2021, 14:29

    ციტატა: Zura Gviniashvili
    ბალდე და კოუტინიო დააყენოს ეხლა სასტავში . ჩემი აზრიტ კაი ფორით მოვიგებთ


    წესით უნდა დააყენოს

  • me da barca
    schedule 20 სექ 2021, 14:00

    კუმანმა ყველანაირი სტატისტიკა გააფუჭა.

  • Zura Gviniashvili
    schedule 20 სექ 2021, 13:39

    ბალდე და კოუტინიო დააყენოს ეხლა სასტავში . ჩემი აზრიტ კაი ფორით მოვიგებთ

  • La Pulga10
    schedule 20 სექ 2021, 13:32

    ვინც დაცვაში გარსიას წერს არაუხოს ნაცვლად იმის ტვინში ჩამახედა.

  • Puyol
    schedule 20 სექ 2021, 12:12

    გრანადასაც თუ წავაგეთ და სამწვრთნელო კარიერა უნდა დაასრულოს კუმანმა barca-4

  • C.PC5
    schedule 20 სექ 2021, 12:01

    სამი ქულა და მორჩა ბაზარი, პლიუს ამას არ უნდა გაუშვან, გრანადაა და საერთოდ რომ არ ყავდეს შემტევი ბარსელონას, ისე უნდა გადაახიონ ბურთი თავზე გრანადას დონის გუნდებს.დეპაი მიდუბლავს დღეს.

  • BarcelonaForever21
    schedule 29 აპრ 2021, 17:27

    მესის 4 გოლი და იმდენივე ექნება გატანილი რამდენიც 2020 ში. ტიპმა რა ამოქაჩა

  • ნოდო ბარდაველიძე
    schedule 29 აპრ 2021, 15:57

    კაი ანგარიში გვინდა

  • Nikabedinadze
    schedule 29 აპრ 2021, 13:30

    კენედი თუ არ იქნება ძაან კაი ჩვენთვის,გახსოვთ ალბათ კონტრაზე როგორ თამაშობდა

  • me da barca
    schedule 29 აპრ 2021, 11:57

    ვილიარეალთან ანგარიში (1:2) WhoScored-მა და Sportsmole-მა გამოიცნეს, დღეს სხვადასხვა ანგარიში უწერიათ.

  • El pistolero 9
    schedule 29 აპრ 2021, 11:48

    მოსაგები მატჩია.აუცილებლად გვჭირდება აქ 3 ქულა.

  • me da barca
    schedule 29 აპრ 2021, 11:47

    ამ ხუთიდან რომელია ძირითადის გააჩნია, ანუ რამდენად სერიოზულია ეს მათი დანაკლისი.
    დღევანდელი თამაში ერთერთი ფინალია.
    რაღაცა ცუდი წინათგრძნობა მაქვს.

  • nika 54
    schedule 29 აპრ 2021, 11:29

    ციტატა: Griezzy7
    მგონია რო ატლეტიკომდე მაინც გავაგორებთ ფრეს და გავირთულებთ საქმეს


    მე რატომღაც პირიქით მგონია, ანუ ატლეტიკოც და რეალიც გააგორებენ ფრეს სანამ ატლეტიკო ბარსაში ჩამოვა.

  • Memphis Depay
    schedule 29 აპრ 2021, 10:50

    ამ გვარდიოლას გამწარებული ახალგაზრდობა კიდევ ბევრს მწარედ ახსოვს 😂😂😂😂😂 ვაჰაჰააააა, პეპიშე, რეალის მხვნელიშეე 😂😂😂😂