workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბილბაო-ბარსელონა – მატჩისწინა მიმოხილვა

ბილბაო-ბარსელონა – მატჩისწინა მიმოხილვა

რონალდ კუმანის “ბარსელონა” ტიტულის მოგებასთან ერთ ნაბიჯში უკვე მეორედაა და ამჯერადაც მის წინ “ბილბაოა”. იანვარში ესპანეთის სუპერ თასზე უფრო ძლიერი ბასკური გუნდი აღმოჩნდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, “ბლაუგრანამ” ფეხბურთის თამაში გაიხსენა, “ბილბაომ” კი მოგების გემო დაივიწყა.

დღეს უნდა მოვიგოთ იმისათვის, რომ სეზონის პროგრამა მინიმუმი შევასრულოთ. ამის შემდეგ კი სრულად გადავერთვებით ტურნირზე, რომლის მოგებაც ძალიან დიდ მიღწევად ჩაითვლება. გადაავლეთ თვალი ყველა იმ უბედურებას, რაც “ბარსელონას” თავს გასული წლის ზაფხულიდან მოყოლებული გადახდა და წარმოიდგინეთ მიმდინარე სეზონში მოგებული დუბლი…

სათამაშო ფორმა

ძალიან კარგად ათამაშების შემდეგ “ბარსელონას” ბოლო 2 მატჩში გაუჭირდა. ჯერ “ვალიადოლიდთან” ბოლო წამებამდე ვიბრძოლეთ და 3 ქულა ძლივს ავიღეთ, შემდეგ კი “რეალთან” ისევ ბოლო წამებამდე ვიბრძოლეთ, მაგრამ ქულაც ვერ ავიღეთ. ამის მიუხედავად გუნდს ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად აქვს. რონალდ კუმანმა დაამტკიცა, რომ მას “ბარსელონას” ათამაშება შეუძლია. იმედია, ამას დღესაც ვიხილავთ.

“ბილბაოს” საქმე ცუდად მისდის. ბასკებს ბოლო 6 თამაშში მოგება არ აქვთ. მარსელინიოს გუნდმა თასის ერთი ფინალი (წინა სეზონის) 2 კვირის წინ ითამაშა და “სოსიედადთან” ანგარიშით 0-1 წააგო. ბასკურ გუნდს კარგი დრო ნამდვილად არ უდგას, თუმცა ამ გუნდთან მარტივად მოგების იმედი მაინც არ შეიძლება გვქონდეს.

დანაკლისი

“ბარსელონას” დაუბრუნდა სერჟი რობერტო და შესაძლოა დაუბრუნდეს ჟერარ პიკეც, თუმცა ამის შანსი ნაკლებია. გუნდის დაცვის ლიდერს ტკივილები კვლავ აწუხებს და დიდი ალბათობით ის სათადარიგოთა შორის იქნება.

გუნდს სევილიაში გაჰყვნენ ნეტუ და ანსუ ფატიც, მაგრამ ისინი თამაშისთვის მზად არ არიან. “ბლაუგრანას” ასევე ვერ დაეხმარება ფილიპე კოუტინიო, რომელიც ბრაზილიაშია.

“ბილბაოს” დანაკლისი არ აქვს. ბასკებს იური ბერჩიჩე და იერაი ალვარესი დაუბრუნდნენ. დაცვის ამ შეუცვლელმა წევრებმა ლა ლიგის ბოლო ტური გამოტოვეს, მაგრამ რამდენიმე დღეა, ისინი გუნდთან ერთად უპრობლემოდ ვარჯიშობენ.

მასპინძელი

როდესაც საქმე ფინალს ეხება, “ბარსელონას” ქალაქ სევილიასთან კარგი მოგონებები ნამდვილად არ აქვს. კატალონიელებმა ამ ქალაქში 4 ფინალი ითამაშეს და მხოლოდ ერთი მოიგეს, ისიც 96 წლის წინ.

1925 წელს ესპანეთის თასის ფინალში ერთმანეთს “ბარსელონა” და “არენას დე გეჩო” დაუპირისპირდნენ. “რეინა ვიქტორიაზე” გამართულ შეხვედრაში “ბლაუგრანამ” 2-0 იმარჯვა.

1986 წელს “სანჩეს პისხუანზე” ჩემპიონთა თასის (ამჟამინდელი ჩემპიონთა ლიგა) ფინალი გაიმართა. ძირითადი და დამატებითი ტაიმების უგოლოდ დასრულების შემდეგ “ბარსელონა” “სტიაუასთან” თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა.

2019 წელი, ესპანეთის თასის ფინალი. “ბენიტო ვილიამარინზე” “ბარსელონა” “ვალენსიასთან” ანგარიშით 1-2 აგებს.

მიმდინარე სეზონში კი, ესპანეთის სუპერ თასის ფინალში, “ლა კარტუხაზე” “ბარსელონა” “ბილბაოსთან” ანგარიშით 2-3 დამარცხდა.

3 თვის შემდეგ ისევ ფინალი, ისევ “ბილბაო” და ისევ “ლა კარტუხა”…

ურთიერთშეხვედრები

“ბილბაო” “ბარსელონას” ისტორიაში მე-3 ყველაზე ხშირი მეტოქეა. ბასკებზე მეტჯერ “ბარსას” მხოლოდ “რეალთან” და “ატლეტიკოსთან” უთამაშია.

232 შეხვედრიდან 117 “ბარსელონამ” მოიგო, 77 “ბილბაომ”, ხოლო 38 ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 328-237.

ესპანეთის თასის სტატისტიკა ასეთია – 42 დაპირისპირებიდან 23 “ბლაუგრანას” გამარჯვებით დასრულდა, 13 “ლოს ლეონესის”, ხოლო 6 ფრედ.

ესპანეთის თასის ფინალში ეს გუნდები ერთმანეთს 7-ჯერ დაუპირისპირდნენ. “ბარსელონას” დიდი უპირატესობა აქვს – 5-2. კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა 21-ე საუკუნეში გამართული სამივე ფინალი – 2009 წელს 4-1, 2012 წელს 3-0 და 2015 წელს 3-1. სამივე ამ შეხვედრაში ითამაშეს ჟერარ პიკემ, სერხიო ბუსკეტსმა და ლიონელ მესიმ. ამ უკანასკნელის აქტივში კი ამ 3 თამაშში გატანილი 4 გოლია.

ბოლო წლებში ამ გუნდების ყველა დაპირისპირება დაძაბულია. 2018 წლის მარტიდან მოყოლებული ჩატარებულ 8 თამაშში ერთზე მეტი ბურთის სხვაობით მოგება ვერცერთმა გუნდმა მოახერხა. მანამდე იყო “ბარსას” ზედიზედ 4 მარტივი მოგება.

გამორჩეული ფეხბურთელი

როდესაც საქმე ფინალს ეხება, ვინ უნდა გამოვარჩიოთ, თუ არა ლიონელ მესი?

არგენტინელს “ბარსელონას” მაისურით 33 ფინალურ შეხვედრაში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის აქტივში 29 გატანილი გოლია.

დღეს ლეო ესპანეთის თასის ფინალში მეათედ ითამაშებს. წინა 9 შეხვედრაში მისი სტატისტიკა ასეთია – 6 მოგება და 7 გატანილი გოლი. მათ შორისაა ეს შედევრიც.

არბიტრი

უკვე მერამდენედ, მნიშვნელოვანი თამაშის წინ მსაჯის თემის ხაზგასმა გვიწევს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ დღესდღეობით ესპანელი მსაჯები ესპანურ ფეხბურთს დონით ძალიან ჩამორჩებიან. ზოგ მსაჯს მადრიდისტობას აბრალებენ, ზოგსაც ბარსელონისტობას, პრობლემა კი არც ერთია და არც მეორე, პრობლემა დაბალი კვალიფიკაციაა. არავინ იცის, რომელი არბიტრი რომელ თამაშში რას გააფუჭებს. მაგალითად, დღევანდელი შეხვედრის მსაჯმა, მარტინეს მუნუერამ სეზონის პირველ “კლასიკოში” “ბარსელონას” კარში თერთმეტმეტრიანი გამოიგონა.

ხუან მარტინეს მუნუერა 2006 წლიდან მსაჯობს, ლა ლიგაში კი ის 2013 წელს დაწინაურდა. ესპანელს 2015 წელს ევროპის ლიგის, ხოლო 2018 წელს ჩემპიონთა ლიგის მატჩების მსაჯობის უფლება მისცეს. ბოლო 3 წლის განმავლობაში მუნუერამ ჩემპიონთა ლიგაზე 2 (ორივე საკვალიფიკაციო ეტაპზე), ხოლო 6 წლის განმავლობაში ევროპა ლიგაზე 7 (6 საკვალიფიკაციო ეტაპზე) მატჩში იმსაჯა. მის დონეზე ესეც კარგად მეტყველებს.

კარიერის განმავლობაში მარტინეს მუნუერა თამაშში საშუალოდ 4.56 ყვითელ ბარათს აჩვენებს (მე-15 შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის). რაც შეეხება წითელ ბარათებს – საშუალოდ 0.2 თამაშში (22-ე შედეგი ლა ლიგის მოქმედ მსაჯებს შორის).

“ბარსელონას” მატჩში მარტინეს მუნუერას მონაწილეობა 23-ჯერ მიუღია. კატალონიელებმა 15 შეხვედრა მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 4 დათმეს. მუნუერამ “ბარსელონას” სასარგებლოდ 6 თერთმეტმეტრიანი დანიშნა, ხოლო მეტოქის სასარგებლოდ – 3 (აქედან 2 ბოლო 2 შეხვედრაში). წითელი ბარათების სტატისტიკა ასეთია – “ბარსელონას” ფეხბურთელებს 0, მეტოქე ფეხბურთელებს 3.

“ბილბაოს” მატჩში მუნუერას 22-ჯერ უმსაჯია. ბასკებმა 12-ჯერ მოიგეს, 2-ჯერ ფრედ ითამაშეს და 8-ჯერ წააგეს. მარტინესმა “ბილბაოს” ფეხბურთელი მოედნიდან ერთხელ გააძევა, მეტოქის – 3-ჯერ. პენალტებში ბასკებს დიდი უპირატესობა აქვთ – 6-1.

საინტერესო ფაქტები

  • ამ გუნდებს შორის ჩატარებულ ბოლო 3 თამაშში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • ბოლო 5 ურთიერთშეხვედრაში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • ამ გუნდების ბოლო 4 თამაშში “ბილბაო” კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
  • ამ გუნდების ბოლო 3 თამაშში “ბარსელონა” კარის მშრალად შენახვას ვერ ახერხებდა;
  • “ბილბაოს” 6 თამაშია არ მოუგია;
  • “ბილბაოს” ბოლო 5 თამაშში 2 ან ნაკლები გოლი გადის;
  • “ბილბაოს” ბოლო 6 თამაშიდან 5-ში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშიდან 4-ში გოლის გატანას ორივე გუნდი ახერხებდა;
  • ბოლო 10 თამაშიდან 8-ში “ბარსელონა” ანგარიშის გახსნას ახერხებდა;
  • “ბარსელონას” ბოლო 5 თამაშიდან 4-ში მსაჯები 5 ან მეტ ბარათს აჩვენებდნენ;
  • “ბარსელონას” ბოლო 10 თამაშიდან 8-ში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ.

რონალდ კუმანი მატჩის წინ

“ბილბაომ” სუპერ თასზე დაგვამარცხა. მათ ძლიერი გუნდი ჰყავთ და წინააღმდეგობას უნდა ველოდოთ. როგორც ბურთით, ასევე ბურთის გარეშეც უშეცდომოდ უნდა ვითამაშოთ.

კუმანის კომენტარი სრულად.

სავარაუდო შემადგენლობები

ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდ კუმანი ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული, რომელი ტაქტიკით ითამაშებს. ესპანური მედიის ცნობით, ნიდერლანდელი 4-3-3 წყობაზე დაბრუნებაზე ფიქრობს, რაც შემადგენლობაში ცვლილებებსაც გამოიწვევს.

WhoScored

ბილბაო (4-4-2): სიმონი, დე მარკოსი, ალვარესი, მარტინესი, ბერჩიჩე, ბერენგერი, დ. გარსია, ვენსედორი, მუნიაინი, ვილიამსი, რ. გარსია

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, მესი, გრიზმანი

SofaScore

ბილბაო (4-4-2): სიმონი, დე მარკოსი, ალვარესი, მარტინესი, ბერჩიჩე, ბერენგერი, დ. გარსია, ვენსედორი, მუნიაინი, ვილიამსი, რ. გარსია

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, გრიზმანი, მესი

Marca

ბილბაო: სიმონი, კაპა, ალვარესი, მარტინესი, ბალენსიაგა, დე მარკოსი, ვენსედორი, დ. გარსია, ბერენგერი, ვილიამსი, რ. გარსია

ბარსელონა: ტერ შტეგენი, არაუხო, პიკე, ლანგლე, დესტი, ალბა, ბუსკეტსი, პედრი, დე იონგი, მესი, გრიზმანი

Sport

ბილბაო (4-4-2): სიმონი, დე მარკოსი, ალვარესი, მარტინესი, ბერჩიჩე, ბერენგერი, დ. გარსია, ვესგა, მუნიაინი, რ. გარსია, ვილიამსი

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, პიკე, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მესი, გრიზმანი, დემბელე

პროგნოზი

  • WhoScored: 1-2
  • Sportskeeda: 1-3
  • Sportsmole: 1-2
  • Squawka: 1-2

ტრანსლაცია

თამაში თბილისის დროით 23 საათსა და 30 წუთზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს აჭარასპორტ 1 და Adjarasport.tv გთავაზობთ.

კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • me da barca
    schedule 17 აპრ 2021, 18:15
    #5

    ადრე ეს თასი ჩვენთვის მესამე ხარისხოვანი იყო, დღეს საოცნებო გახდა.
    ადრე თუ რეალი და ატლეტიკო გამოვარდებოდნენ, თასი უპრობლემოდ ჩვენი იყო. დღეს კი შიშით ვუყურებ თამაშს და ბილბაოსი მეშინია.

  • nika 54
    schedule 17 აპრ 2021, 18:00
    #4

    მე მგონი ძალიან მძიმე ბრძოლა გველის, მაგრამ ლეო მესამე ტიტულს აღარ გაუშვებს ხელიდან ამ სეზონში.

  • Ak47
    schedule 17 აპრ 2021, 16:09
    #3

    ციტატა: xavi-iniesta-messi
    რატო ფიქრობთ რო წავაგებთ ერთი მეც განმანათლეთ თუ შეიძლება რა. თუ მაინც და მაინც ყომარის თემა არაა

    მე არ ვფიქრობ რო წავაგებთ და იმედი მაქვს რო კუმანი როგორც იქნა ერთ მნიშვნელოვან მატჩს მაინც მოიგებს მაგრამ ვინც ფიქრობს რო დღეს წავაგებთ ვერანაირად ვერ შევეწინააღმდეგები, გუნდის ფორმის, მენტალიტეტის, წლევანდელი თამაშების მიხედვით. ამ ბედოვლათმა ერთხელ ვერ მოახერხა რო ოდნავ მნიშვნელოვანი თამაში მაინც მოეგო და დღეს რო წააგოს საერთოდ არ იქნება გასაკვირი.

  • xavi-iniesta-messi
    schedule 17 აპრ 2021, 12:36
    #2

    რატო ფიქრობთ რო წავაგებთ ერთი მეც განმანათლეთ თუ შეიძლება რა. თუ მაინც და მაინც ყომარის თემა არაა

  • ana anukii
    schedule 17 აპრ 2021, 11:21
    #1

    ამათ კიდე წააგონ და კიდე დაამტკიცონ რა ლუზერები არიან მეორედ აღარ ვუყურებ თამაშს. უკვე საკმარისია ყველაფერი…. 🙂