ბარსელონა-პსჟ – მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-პსჟ – მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს დიდი დღეა. “კამპ ნოუ” არაერთი ინტრიგით დახუნძლულ შეხვედრას უმასპინძლებს. რონალდ კუმანი ჩავარდნილი სეზონის გადარჩენის ერთ-ერთ ბოლო შანსს ჩაებღაუჭება – პსჟ-სთან გამოვარდნა იმ ფონზე, როდესაც ლა ლიგის მოგება თითქმის შეუძლებელია, ნიდერლანდელ სპეციალისტს კარგს არაფერს უქადის.

წინ ისეთი თამაში გველის, რომელშიც პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია. ძნელია, რომელიმე სცენარი გამორიცხო.

სათამაშო ფორმა

“ბარსელონა” 2021 წელს ლა ლიგის საუკეთესო გუნდია. “ბლაუგრანამ” შიდა ჩემპიონატში წელს ჩატარებული შვიდივე თამაში მოიგო, ბოლო მათგანში კი ეს ძალების დაზოგვით გააკეთა.

ჩემპიონთა ლიგას რაც შეეხება, შეხსენება არ გჭირდებათ, რომ ჯგუფურ ეტაპზე პირველი 5 თამაშის მოგების შემდეგ, “ბარსა” საკუთარ კედლებში “იუვენტუსთან” 0-3 განადგურდა და სწორედ ამ წაგების გამო უწევს დღეს ძლიერ გუნდთან დაპირისპირება.

“ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ბოლო თამაში წაგებული აქვს, ზედიზედ 2-ჯერ კი კატალონიელები ამ ტურნირზე 2013 წლის შემდეგ არ დამარცხებულან. რაც შეეხება “კამპ ნოუზე” გამართული ზედიზედ 2 საჩემპიონთალიგო თამაშის წაგებას – ასეთი რამ არასდროს მომხდარა და იმედია, ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა.

ლა ლიგის ბოლო ტურში კუმანმა პედრისა და დემბელეს დასვენების საშუალება მისცა, ბოლომდე არც ბუსკეტსს, დე იონგსა და გრიზმანს უთამაშიათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღევანდელ თამაშს გუნდის ლიდერები გადაღლილები არ შეხვდებიან.

“პარი სენ-ჟერმენი” საფრანგეთის ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა. მართალია, პოჩეტინოს გუნდი ლიდერს მხოლოდ ქულით ჩამორჩება, მაგრამ ეს მაინც ძალიან ცუდ შედეგად უნდა შეფასდეს. პსჟ-ს ფეხბურთელების საერთო ღირებულება 869 მილიონ ევროდ ფასდება, ამ მხრივ მეორე ადგილზე კი “ლიონია” 323 მილიონით. მსოფლიოს არცერთ სხვა ჩემპიონატში არათუ პირველ და მეორე, არამედ პირველ და მესამე ადგილზე მყოფ გუნდებს შორისაც კი არაა 546 მილიონიანი სხვაობა. ეს ნიშნავს, რომ თუ ფეხბურთელების ფასს გავითვალისწინებთ, “პარი სენ-ჟერმენი” შიდა ჩემპიონატს ყველაზე ადვილად უნდა იგებდეს, ვიდრე ნებისმიერი სხვა კლუბი მსოფლიოში. თუმცა ტურნირის დასრულებამდე 13 ტურით ადრე გუნდი მეორე პოზიციაზეა.

2021 წელს ჩატარებული 10 თამაშიდან პსჟ-მა ქულები ორში დაკარგა – “სენტ-ეტიენთან” (1-1) და “ლორიანთან” (2-3) სტუმრად. თუ მხოლოდ მეტოქის მოედანზე ნაჩვენებ შედეგებს გავითვალისწინებთ, ბოლო 6 შეხვედრაში პოჩეტინოს გუნდს მხოლოდ 3 მოგება გამოუვა. პსჟ-სთვის ეს ცუდი შედეგია.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პსჟ-მა “ბარსელონაზე” ცუდი შედეგი აჩვენა – 4 ფრე და 2 წაგება. თუმცა პირველი ადგილის დასაკავებლად ეს მაინც საკმარისი გამოდგა. ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ევროტურნირზე სტუმრად ჩატარებულ ბოლო 5 თამაშში პარიზელებს 4 მოგება და 1 წაგება აქვთ.

დანაკლისი

როგორც მიმდინარე სეზონში თითქმის ყოველთვის ხდება ხოლმე, მნიშვნელოვან დაპირისპირებებს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები აკლდებიან. სტუმრებს ხუან ბერნატი, კოლინ დაგბა, ანხელ დი მარია, “ბარსას” აღზრდილი ჩავი სიმონსი და რაც მთავარია ნეიმარი არ ეყოლებათ. ეს უკანასკნელი ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო დაპირისპირების გმირად იქცა, დღეს კი ის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. ფეხბურთისთვის ცუდია, მაგრამ “ბარსას” მცველებისთვის – კარგი.

რამდენად დიდია ნეიმარის დანაკლისი? ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში “პარი სენ-ჟერმენის” ფეხბურთელებმა 12 გოლი გაიტანეს, საიდანაც ზუსტად ნახევარი ნეიმარის ანგარიშზეა.

პარიზელთა განაცხადში მოხვდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მარკო ვერატი, მაგრამ მისი თამაში ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშაა.

“ბარსელონაში” მთავარი კითხვის ნიშანი იმ პოზიციას ეხება, რომელიც მიმდინარე სეზონში გუნდის აქილევსის ქუსლია – დაცვის ცენტრი. რონალდ არაუხო და ჟერარ პიკე მოედანზე სასწაულებრივად დაბრუნებას უმიზნებენ. ძნელი წარმოსადგენია, სასტარტო შემადგენლობაში ორივე მათგანი ვიხილოთ, მაგრამ თუ ერთმა მაინც ვერ მოასწრო დაბრუნება… უმტიტი-ლანგლეს წყვილის პრობლემა ისაა, რომ ორივე ცაციაა, მაგრამ ეს ამ წყვილის ყველაზე პატარა პრობლემაა. სწორედ ეს ორი ფრანგი წარმოადგენს “ბარსელონას” მთავარ პრობლემას. ოსკარ მინგესას კილიან მბაპეს წინააღმდეგ დაყენება კი ახალგაზრდა ესპანელის მიმართ დანაშაულის ჩადენის ტოლფასია. არაა ეს ბიჭი ასეთი განსაცდელისთვის მზად. ასე რომ, პიკე-არაუხოს წყვილიდან ერთი მაინც აუცილებლად გვჭირდება!

ერთ-ერთ ვარიანტად დაცვის ცენტრში დე იონგის დაყენება სახელდება. ნიდერლანდელი ნახევარმცველი “ბარსელონას” ჯანმრთელი ცენტრალური მცველებიდან ამ პოზიციაზე ნამდვილად ყველას სჯობს, მაგრამ მის არყოფნაში პრობლემები უკვე ნახევარდაცვას შეექმნება.

დანამდვილებით ვიცით, რომ ვერ ითამაშებენ სერჟი რობერტო, ფილიპე კოუტინიო და ანსუ ფატი. გაურკვეველია მარტინ ბრეითუეიტის საკითხი, მაგრამ ეს “ბარსასთვის” ყველაზე ნაკლები პრობლემაა.

ურთიერთშეხვედრები

გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორია 11 თამაშს ითვლის. 5-ჯერ ესპანელებმა მოიგეს, 3-ჯერ ფრანგებმა, ხოლო 3 თამაში ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 22-16, “ბლაუგრანას” სასარგებლოდ.

“კამპ ნოუზე” ჩატარებული 5 შეხვედრიდან პირველი 2 ფრედ დასრულდა, ბოლო სამში კი მასპინძლებმა მარტივად მოიგეს. ამ ბოლო 3 თამაშში კატალონიელებმა 11 გოლი გაიტანეს. აქედან 8 გოლის ავტორებს (5 ნეიმარი, 2 სუარესი, 1 რობერტო) დღეს მოედანზე ვერ ვიხილავთ. დანარჩენი 3 გოლიდან 2 მესის აქტივშია, ერთხელ კი კურზავამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა.

ევროტურნირების ფლეი ოფში “ბარსა” და პსჟ ერთმანეთს მეხუთედ ხვდებიან. 1995 წელს გამართული პირველი ორრაუნდიანი დაპირისპირება პარიზელებმა მოიგეს, შემდეგ კი “ბარსამ” 3-ჯერ იმარჯვა.

UEFA-ს ეგიდით ფრანგულ გუნდებთან ჩატარებულ 25 შეხვედრაში “ბარსელონას” 14 მოგება, 6 ფრე და 5 წაგება დაუგროვდა. ბურთების შეფარდება – 53-33. საკუთარ კედლებში გამართული 12 დაპირისპირებიდან “ბლაუგრანამ” 9 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 1 დათმო.

ევროტურნირების ფლეი ოფში “ბარსა” ფრანგულ გუნდებს სულ 8 ჯერ შეხვედრია. პირველი 3 ორრაუნდიანი დაპირისპირების წაგების შემდეგ კატალონიელებმა ბოლო 5 მოიგეს.

პსჟ-ს ესპანურ გუნდებთან სულ 32-ჯერ უთამაშია. პარიზელებს 12 მოგება, ამდენივე წაგება და 8 ფრე აქვთ. ბურთების შეფარდება – 50-52. ესპანეთში ჩატარებული 15 თამაშიდან “პარი სენ-ჟერმენმა” 4 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 8 დათმო.

ესპანურ გუნდებთან გამართული 9 ორრაუნდიანი დაპირისპირებიდან პსჟ-მა პირველი 5 მოიგო, ხოლო ბოლო 4 დათმო (აქედან 3 “ბარსელონასთან”).

არბიტრი

შეხვედრის მთავარი არბიტრი ნიდერლანდელი ბიორნ კუიპერსი იქნება.

“ბარსელონას” მატჩში კუიპერსი მეთერთმეტედ იმსაჯებს. წინა 10 დაპირისპირებიდან კატალონიელებმა 5 მოიგეს, 4 ფრედ დაასრულეს და 1 დათმეს. ამ 10 მატჩში კუიპერსმა 2 თერთმეტმეტრიანი დანიშნა და 2 წითელი ბარათი აჩვენა. ოთხივე ეს გადაწყვეტილება მან “ბარსას” სასარგებლოდ მიიღო.

კუიპერსის მონაწილეობით ჩატარებულ 5 შეხვედრაში პსჟ-ს 2 მოგება და 3 წაგება აქვს. ნიდერლანდელმა ამ 5 მატჩში 1 წითელი ბარათი აჩვენა (ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პსჟ), ხოლო 3 თერთმეტმეტრიანიდან 2 ფრანგების კარში დანიშნა.

გამორჩეული დაპირისპირებები

თუკი თამაშს თან რაიმე დამატებითი ინტრიგა ახლავს, ყველაფერი შეგიძლიათ ჩვენი საიტის ამ ბლოგპოსტში იხილოთ.

საინტერესო ფაქტები

  • “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 2 საშინაო თამაში არასდროს წაუგია;
  • ჩემპიონთა ლიგაზე “კამპ ნოუზე” გამართულ ბოლო 39 თამაშში “ბარსელონას” მხოლოდ 1 წაგება აქვს;
  • ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” ისტორიაში მხოლოდ 1 წაგება აქვს – 2007 წელს, “ლივერპულთან”, 1-2;
  • ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებულ ბოლო 38 თამაშში “ბარსელონას” მხოლოდ 4 წაგება აქვს. შედარებისთვის, ამდენივე წაგება აქვს პსჟ-ს ბოლო 11 თამაშში;
  • “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ზედიზედ მეთოთხმეტედ გასვლას უმიზნებს, რაც საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება იქნება. კატალონიელები ლიგის 1/4 ფინალს მიღმა ბოლოს 2007 წელს დარჩნენ;
  • ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში, საკუთარ კედლებში, “ბარსას” 15 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, ბოლო 6 თამაში კი კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა;
  • პსჟ-მა ესპანურ გუნდებთან გამართული ბოლო 11 თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო;
  • ესპანეთში ჩატარებულ ბოლო 6 თამაშში პსჟ-ს 5 წაგება და 1 ფრე აქვს. ამ 6 თამაშში ფრანგებმა 17 გოლი გაუშვეს;
  • ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” ბოლო 8 თამაშიდან შვიდში 3 ან მეტი გოლი გადიოდა;
  • პსჟ-სთან ჩატარებულ ბოლო 3 საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” პირველი ტაიმიც მოიგო და თამაშიც;
  • ამ გუნდებს შორის ჩატარებულ ბოლო 6 თამაშიდან 5-ში მინიმუმ 4 გოლი გადიოდა;
  • ამ გუნდებს შორის გამართული ბოლო 9 თამაშიდან 7-ში გოლი ორივე გუნდს გაჰქონდა;
  • ამ გუნდებს შორის ჩატარებული ბოლო 7 თამაშიდან 6-ში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ, მაგრამ ბოლო თამაშში 10 ბარათი აჩვენეს;
  • ამ გუნდებს შორის ჩატარებულ ბოლო 5 თამაშში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • “ბარსელონას” უკვე 6 თამაშია კარი მშრალად არ შეუნახავს;
  • “ბარსელონას” ბოლო 7 თამაშიდან 6-ში გუნდები 10 ან ნაკლებ კუთხურს აწვდიდნენ;
  • პსჟ-მა ბოლო 9 თამაშიდან 8-ში ანგარიში გახსნა;
  • პსჟ-ს ბოლო 7 თამაშიდან 6-ში მსაჯები 4 ან ნაკლებ ბარათს აჩვენებდნენ;
  • დღეს ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში პსჟ-ს ნახევარმცველები, პარედესი და ვერატი მომდევნო შეხვედრას გამოტოვებენ.

რონალდ კუმანი მატჩის წინ

მე არაფერი მაშინებს, რადგან ჩემი გუნდის მჯერა და ასევე ვაფასებ მოწინააღმდეგეს. შევეცდებით, რომ თამაშის მიმდინარეობა ჩვენ გავაკონტროლოთ. ყოველ გუნდს აქვს თავისი ძლიერი და სუსტი მხარე. ჩვენ უპირატესობის მოპოვება სწორედ მათი სუსტი მხარეების გამოყენებით უნდა შევძლოთ.

კუმანის კომენტარი სრულად.

სავარაუდო შემადგენლობები

UEFA

ბარსელონა: ტერ შტეგენი, დესტი, მინგესა, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, მესი, გრიზმანი, დემბელე.

პსჟ: ნავასი, ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა, გეიე, ვერატი, პარედესი, კინი, იკარდი, მბაპე.

WhoScored

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, მინგესა, დე იონგი, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, პიანიჩი, პედრი, დემბელე, მესი, გრიზმანი.

პსჟ (4-2-3-1): ნავასი, ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა, პარედესი, გეიე, კინი, ვერატი, მბაპე, იკარდი.

SofaScore

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, უმტიტი, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, მესი, გრიზმანი.

პსჟ (4-3-3): ნავასი, ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა, გეიე, ვერატი, პარედესი, კინი, იკარდი, მბაპე.

Sport

ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, მინგესა, ლანგლე, ალბა, ბუსკეტსი, დე იონგი, პედრი, დემბელე, მესი, გრიზმანი.

პსჟ (4-3-3): ნავასი, ფლორენცი, მარკინიოსი, კიმპემბე, კურზავა, პარედესი, გეიე, ვერატი, კინი, იკარდი, მბაპე.

პროგნოზი

  • WhoScored: 2-1
  • Sportskeeda: 3-2
  • Sportsmole: 2-1
  • Squawka: 2-1

ტრანსლაცია

თამაში თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.

კომენტარებში დაწერეთ, რა კომპონენტის დამატებას ისურვებდით მატჩისწინა მიმოხილვებში და დავამატებთ.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • MARADONA1968
    16 თებ 2021, 21:09

    მესი
    პედრი-გრიზმანი-დემბელე
    პუჩი-ბუსკეცი-დე იონგი
    ალბა-პიკე-დესტი
    ტერ შტეგენი

  • Bobi
    16 თებ 2021, 20:44

    დღეს აუცილებლად უნდა მოიგონ, კამპ ნოუს უპირატესობა აუცილებლად უნდა გამოიყენონ

  • ტერ შტეგენი
    ტერ შტეგენი ვეტერანი
    16 თებ 2021, 15:38

    Griezzy7,
    ყველაფერი ხდება მაგრამ ასე პესიმისტურად ყურება და ბოლომდე ხელის ჩაქნევა რავიცი მაინც.

  • nika 54
    16 თებ 2021, 12:33

    სტატისტიკით წინა ვართ, ალბათ იმიტომ გამოთვალა იმ სუპერკომპიუტერმა ჩვენი გასვლა.

  • C.PC5
    16 თებ 2021, 12:02

    დიდზე დიდი დღეა დღეს! მცირე უპირატესობები გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ როგორც კუმანმა თქვა.

  • ^Barca-Vision^
    16 თებ 2021, 11:16

    დესტი გვჭირდება აუცილებლად და მინგესა მერე ცენტრში. და ვერდზე ორი ფრანგი კუნძიდან მხოლოდ ერთი რომ იქნება ბევრს ვერაფერ დააშავებს იმდენად. ეგ 2 ერთად დაგვღუპავს ამოგვტენიან.

  • გოგიბერიძე
    16 თებ 2021, 10:57

    "რაც შეეხება "კამპ ნოუზე" გამართული ზედიზედ 2 საჩემპიონთალიგო თამაშის წაგებას – ასეთი რამ არასდროს მომხდარა და იმედია, ტრადიცია არც ამჯერად დაირღვევა". ალბათ იცით ხო როგორ უყვარს კუმანს ტრადიციები?