მადრიდული გამოცემა El Mundo-ს მიერ ლიონელ მესისა და “ბარსელონას” კონტრაქტის დეტალების გასაჯაროებას კატალონიური კლუბი ოფიციალურად გამოეხმაურა.
“კლუბი დამწუხრებულია იმის გამო, რომ პროფესიონალური კონტრაქტი, რომელიც “ბარსელონასა” და ფეხბურთელ ლიონელ მესის შორისაა გაფორმებული, საჯარო გახდა, ვინაიდან ეს დოკუმენტი ორივე მხარის კონფიდენციალური შეთანხმებით არის დაცული.
“ბარსელონა” კატეგორიულად უარყოფს დოკუმენტის გამოქვეყნების პასუხისმგებლობას და იმ ზიანის პასუხად, რაც ამ ქმედებას შესაძლოა მოყვეს, El Mundo-ს წინააღმდეგ შესაბამის სამართლებრივ მოქმედებას დაიწყებს.
“ბარსელონა” სრულ მხარდაჭერას უცხადებს ლიონელ მესის, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როცა არის მცდელობა, მოხდეს მისი დისკრედიტაცია და შეილახოს მისი იმ დაწესებულებასთან ურთიერთობის იმიჯი, რომელთან ერთადაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და ისტორიაში შევიდა.” – ვკითხულობთ განცხადებაში.
