workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა-დინამო – მატჩისწინა მიმოხილვა

ბარსელონა-დინამო – მატჩისწინა მიმოხილვა

დღეს იმ ტურნირის დღეა, რომელიც “ბარსას” გულშემატკივრებს ძალიან გვიხარია. ასე ხდება ამ სეზონში – ლა ლიგაში, სადაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში დამაჯერებლად ვდომინირებდით, არაფერი გამოგვდის, ჩემპიონთა ლიგაზე კი თამაშებს დამაჯერებლად ვიგებთ.

დღეს კიევის “დინამოს” ჯერია. უკრაინული გუნდი კატალონიას განახევრებული შემადგენლობით ეწვია. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრა, სადაც ასევე ესპანური “რეალი” ასევე უკრაინულ და 10 კაცის დანაკლისით მოთამაშე “შახტარს” დაუპირისპირდა, პირველი ტაიმი 0-3 და თამაში 2-3 წააგო.

სათამაშო ფორმა

როგორც უკვე ვთქვით, “ბარსელონას” თამაში მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე გამოსდის. კატალონიელებმა ორივე თამაში მოიგეს, ჯერ “ფერენცვაროშთან” 5-1, შემდეგ კი “იუვენტუსთან” ტურინში 2-0. რაც შეეხება ლა ლიგას – ტურნირის ასევე 2 მოგებით დაწყების შემდეგ კატალონიელებმა ბოლო 4 თამაშში მხოლოდ 2 ქულა აიღეს.

“დინამო” კარგ ფორმაშია. კიეველებმა უკრაინის ჩემპიონატის ბოლო 3 თამაში მოიგეს და გათამაშებას, რომელშიც 8 ტურის შემდეგ წაუგებლები არიან, 4 ქულიანი უპირატესობით ლიდერობენ.

ჩემპიონთა ლიგის პირველი თამაში მირჩა ლუჩესკუს გუნდმა “იუვენტუსთან” 0-2 წააგო, მაგრამ ეს არავის გაკვირვებია. მეორე ტურში კი კიეველებმა უშუალო კონკურენტ “ფერენცვაროშთან” სტუმრად 2-2 ითამაშეს, არადა 2-0 იგებდნენ.

დანაკლისი

“ბარსელონას” კვლავ არ ეყოლება არაუხო, კოუტინიო და უმტიტი. მიმდინარე სეზონში განაცხადში პირველად მოხვდა გუნდის პირველი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი. “ბარსელონას” განაცხადი.

მიმდინარე სეზონში უკვე ტრადიციაა, რომ რაც არ უნდა დანაკლისი ჰქონდეს “ბარსელონას”, მეტოქისას ვერ შეედრება. “დინამოს” 12 ფეხბურთელი აკლია, აქედან 9 კორონავირუსის გამო. შაპარენკოს, ბოიკოს, მიკოლნეკოს, ბუშანს, ბალუტას, წიტაიშვილს, კარავაევს, ჰარმაშსა და დუელუნდს ტრავმირებული ბურდა და კოსტევიჩი, ასევე დისკვალიფიცირებული სიდორჩუკი უერთდებიან.

ამ 12 ფეხბურთელიდან რეალური დანაკლისი სიდორჩუკი, შაპარენკო, მიკოლენკო და ბუშანი არიან. შეგვიძლია, ქართული წარმომავლობის ხათრით, მათ რიგებს გიორგი წიტაიშვილიც დავუმატოთ, რომელმაც მიმდინარე სეზონში მონაწილეობა 2 თამაშში მიიღო. დანარჩენი 7 მოთამაშიდან კი ამ სეზონში ერთ თამაშზე მეტი არცერთს ჩაუტარებია, მათი უმრავლესობა კი მოედანზე საერთოდ არ გვინახავს.

მთავარი პრობლემა მეკარის პოზიციაა. პირველ ორ კიპერს კორონავირუსი აქვს და დღეს კარში ჩადგომა 18 წლის რუსლან ნეშერეტს მოუწევს.

ასევე პრობლემაა ნახევარდაცვის ცენტრი, სადაც გუნდს 2 წამყვანი ფეხბურთელი, სიდორჩუკი და შაპარენკო არ ეყოლება.

ურთიერთშეხვედრები

კიევის “დინამო” ის გუნდია, რომელთან ურთიერთშეხვედრების გახსენებაც “ბარსელონას” გულშემატკივრებისთვის დიდად ტკბილი მოგონება არაა.

სულ ჩატარებული 10 თამაშიდან “ბარსამ” 6 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 3 წააგო, გაიტანა 18 და გაუშვა 15 გოლი.

ცუდად მოსაგონარი კი “დინამოსთან” თამაშები ჩემპიონთა ლიგის 1997/98 წლების სეზონის გამოა. ეს გუნდები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე შეხვდნენ. 22 ოქტომბერს, კიევში, მასპინძლებმა 3-0 მოიგეს. 5 ნოემბერს, როდესაც “ბარსელონა” შერცხვენის გამო რევანშს ელოდა, ანდრეი შევჩენკოსა (3) და სერგეი რებროვის გოლით, “დინამომ” “კამპ ნოუზე” 4-0 იმარჯვა.

მას შემდეგ გუნდები ერთმანეთს 2-ჯერ შეხვდნენ. ეს 2009 წელს, კვლავ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხდა. ორივე თამაში ამჯერად “ბარსამ” მოიგო – შინ 2-0 და სტუმრად 2-1. გოლები მესიმ (2), პედრომ და ჩავიმ გაიტანეს. მესის გარდა, იმ “ბარსელონადან” გუნდში პიკე და ბუსკეტსი არიან შემორჩენილნი.

“ბარსელონას” უკრაინულ გუნდებთან სულ 19 თამაში აქვს ჩატარებული. კატალონიელებმა 12 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 5 წააგეს, გაიტანეს 36 და გაუშვეს 23 გოლი. “კამპ ნოუზე” ჩატარებულ 9 თამაშში “ბლაუგრანას” ასეთი ბალანსი აქვს – 6 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი.

“დინამოს” ესპანურ მეტოქეებთან ჩატარებულ 27 თამაშში 5 მოგება, 10 ფრე, 12 წაგება, 32 გატანილი და 43 გაშვებული გოლი დაუგროვდა. სტუმრად გამართული 13 დაპირისპირებიდან კიეველებმა 1 მოიგეს, 5 ფრედ დაასრულეს და 7 წააგეს.

არბიტრი

შეხვედრას 35 წლის ინგლისელი არბიტრი მაიკლ ოლივერი განსჯის.

“ბარსელონას” შეხვედრაში ოლივერს მხოლოდ ერთხელ უმსაჯია. ჩემპიონთა ლიგის გასულ გათამაშებაში, პრაღის “სლავიასთან” “კამპ ნოუზე” გამართულ შეხვედრაში კატალონიელებმა, სენსაციურად, 0-0 ითამაშეს.

ასევე ერთხელ იმსაჯა ოლივერმა “დინამოს” მატჩში. 2014 წელს, ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, კიეველებმა “სტიაუა” სტუმრად 2-0 დაამარცხეს.

ესპანურმა გუნდებმა ოლივერის მონაწილეობით ჩატარებული 12 თამაშიდან 6 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს. მან ესპანური გუნდების სასარგებლოდ 3 თერთმეტმეტრიანი დანიშნა და 1 წითელი ბარათი აჩვენა, მათ საწინააღმდეგოდ კი 3 თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

ოლივერის მონაწილეობით ჩატარებული 3 შეხვედრიდან უკრაინულმა გუნდებმა სამივე მოიგეს. ინგლისელმა არბიტრმა მათ სასარგებლოდ 3 თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

სტატისტიკა

  • “ბარსელონას” “კამპ ნოუზე” ჩემპიონთა ლიგის თამაში 2013 წლის მაისის შემდეგ არ წაუგია. ამ პერიოდში ჩატარებული 37 შეხვედრიდან “ბლაუგრანამ” 33 თამაში მოიგო და 4 ფრედ დაასრულა;
  • “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 23 თამაშიდან მხოლოდ 2 წააგო;
  • “ბარსელონას” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 7 თამაშიდან 6-ში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
  • “დინამოს” ჩემპიონთა ლიგის ბოლო 6 თამაშიდან 5-ში მინიმუმ 2 გოლი გაჰქონდა;
  • ლიონელ მესიმ და უსმან დემბელემ გოლის გატანა ჩემპიონთა ლიგის ორივე თამაშში მოახერხეს;
  • “დინამოს” ესპანურ გუნდებთან ჩატარებულ ბოლო 12 თამაშში მოგება არ აქვს;
  • თუ დღეს ლიონელ მესი მოედანზე ვიხილავთ, ეს მისთვის UEFA-ს ტურნირებზე ჩატარებული 150-ე თამაში იქნება.

მწვრთნელების კომენტარები

რონალდ კუმანი: “ჩვენი მიზანი უცვლელია – კარგად თამაში, საგოლე მომენტების შექმნა, გოლების გატანა და განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგის საშინაო თამაშების მოგება.” კუმანის კომენტარი სრულად.

მირჩა ლუჩესკუ: “ამ ეტაპზე, “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის საჭირო დონეზე არაა. “ბაიერნი”, “მანჩესტერ სიტი” და “პარი სენ-ჟერმენი” უფრო წინ არიან. “ბარსას” ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ახალი მექანიზმის შესასწავლად მათ დრო სჭირდებათ.”

სავარაუდო შემადგენლობები

თითქმის ყველა თანხმდება იმაზე, რომ კარში ისევ ნეტუ იდგება, ხოლო ცენტრფორვარდად გრიზმანი მოგვევლინება. მესის დასვენებას არავინ განიხილავს. ყველას ერთიანი პოზიცია აქვს დაცვისა და ნახევარდაცვის წყვილის შესახებ. აზრთა სხვადასხავობა მხოლოდ შემტევი ნახევარმცველების სამეულთან დაკავშირებითაა.

Uefa

ბარსელონა: ნეტუ, დესტი, პიკე, ლანგლე, ალბა, დე იონგი, პიანიჩი, პედრი, მესი, ფატი, გრიზმანი

დინამო: ნეშერეტი, კეძიორა, ზაბარნი, პოპოვი, სიროტა, შეპელიევი, ანდრიევსკი, ციგანკოვი, ბუიალსკი, დე პენა, სუპრიაგა

Whoscored

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, დემბელე, მესი, პედრი, გრიზმანი

დინამო (4-4-1-1): ნეშერეტი, ტიმჩიკი, ზაბარნი, პოპოვი, კეძიორა, ციგანკოვი, ანდრეივსკი, შეპელევი, დე პენა, ბუიალსკი, სუპრიაგა

Sportsmole

ბარსელონა: ნეტუ, დესტი, პიკე, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, ტრინკაუ, მესი, პედრი, გრიზმანი

დინამო: ნეშერეტი, კეძიორა, პოპოვი, შაბანოვი, ზაბარნი, შეპელევი, ანდრიევსკი, ციგანკოვი, ლედნევი, ვერბიჩი, სუპრიაგა

Sportskeeda

ბარსელონა (4-2-3-1): ნეტუ, დესტი, პიკე, ლანგლე, ალბა, დე იონგი, პიანიჩი, ფატი, მესი, ტრინკაუ, გრიზმანი

დინამო (4-3-3): ნეშერეტი, კეძიორა, ზაბარნი, სუროტა, კარავაევი, ბუიალსკი, შეპელევი, შაპარენკო, ციგანკოვი, სუპრიაგა, დე პენა

Onefootball

ბარსელონა (4-2-3-1): ნეტუ, დესტი, პიკე, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, მესი, პედრი, ფატი, გრიზმანი

დინამო (4-4-1-1): ნეშერეტი, ტიმჩიკი, ზაბარნი, პოპოვი, კეძიორა, ციგანკოვი, ანდრეივსკი, შეპელევი, დე პენა, ბუიალსკი, სუპრიაგა

Marca

ბარსელონა (4-2-3-1): ნეტუ, დესტი, პიკე, ლანგლე, ალბა, დე იონგი, პიანიჩი, პედრი, გრიზმანი, ფატი, მესი

დინამო (4-2-3-1): ნეშერეტი, კეძიორა, ზაბარნი, პოპოვი, სიროტა, შეპელიევი, ანდრიევსკი, დე პენა, ბუიალსკი, ციგანკოვი, სუპრიაგა

Mundo Deportivo

ბარსელონა (4-2-3-1): ტერ შტეგენი, დესტი, პიკე, ლანგლე, ალბა, პიანიჩი, დე იონგი, პედრი, მესი, ფატი, გრიზმანი

დინამო (4-2-3-1): ნეშერეტი, ტიმჩიკი, პოპოვი, ზაბარნი, კეძიორა, შეპელევი, ანდრიევსკი, ვერბიჩი, ბუიალსკი, ციგანკოვი, სუპრიაგა

პროგნოზები

გასაკვირი არაა, რომ ყველა “ბარსელონას” მატრივ მოგებას ვარაუდობს.

  • WhoScored: 3-0
  • Sportsmole: 4-0
  • Sportskeeda: 2-0
  • Onefootball: 4-1

ტრანსლაცია

შეხვედრა თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება. მის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და Silksport.ge გთავაზობთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • Fc Barca Batumi
    schedule 20 ოქტ 2021, 19:03
    #5

    ციტატა: nika 54
    იმისათვის, რათა "ბაიერნთან" თამაშამდე, შემდეგ ეტაპზე გასვლა განაღდებული გვქონდეს, საჭიროა ორი რამ: მოვიგოთ მომდევნო სამი მატჩი და "ბენფიკამ" წააგოს მომდევნო სამი მატჩი.
    ეს ორი კი არა 6 "რამაა" მოვიგოთ 3 მატჩი ეს უკვე სამი და ბენფიკამ წააგოს ასევე 3 მატჩი ანუ სულ 6 შედეგია საჭირო. იმედია ბენფიკა გაითვალისწინებს ჩვენს გაჭირვებას და კიევთან სახლში ჩვენი ხათრით წააგებს.


    laughing laughing laughing

  • nika 54
    schedule 20 ოქტ 2021, 15:03
    #4

    იმისათვის, რათა "ბაიერნთან" თამაშამდე, შემდეგ ეტაპზე გასვლა განაღდებული გვქონდეს, საჭიროა ორი რამ: მოვიგოთ მომდევნო სამი მატჩი და "ბენფიკამ" წააგოს მომდევნო სამი მატჩი.
    ეს ორი კი არა 6 "რამაა" მოვიგოთ 3 მატჩი ეს უკვე სამი და ბენფიკამ წააგოს ასევე 3 მატჩი ანუ სულ 6 შედეგია საჭირო. იმედია ბენფიკა გაითვალისწინებს ჩვენს გაჭირვებას და კიევთან სახლში ჩვენი ხათრით წააგებს.

  • El pistolero 9
    schedule 20 ოქტ 2021, 12:35
    #3

    წარმატებები ბიჭებს. მოსაგები თამაშია უეჭველად!!

  • me da barca
    schedule 20 ოქტ 2021, 11:56
    #2

    კუმანმა იცის რა უნდა გააკეთოს, უნდა მოიგოს, მაგრამ როგორ მოიგოს ესაა, რომ არ იცის.

  • nikusha
    schedule 04 ნოე 2020, 14:19
    #1

    ნეტუ
    რობერტო-პიკე-ლენგლე-დესტი
    პიანიჩი-დე იონგი
    გრიზმანი-პედრი-ანსუ ფატი
    მესი