“ბარსელონას” ქალთა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ტურში “ლოგრონიოს” უმასპინძლა და გამანადგურებელი ანგარიშით, 6-0 დაამარცხა. უკვე ზედიზედ 2 მატჩია, “ბარსა” 6-ბურთიან სხვაობას აფიქსირებს, ბოლო 3 შეხვედრაში კი ბურთების სხვაობა 16-0-ია.
დღევანდელ თამაშში “ბარსელონამ” გადამწყვეტი უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და ლიკე მარტენსის, კეროლაინ ჰანსენის, ვიკი ლოსადასა და აიტანა ბონმატის გოლებით, პირველი ტაიმი 4-0 მოიგო. მატჩის მიწურულს ბონმატიმ თავი მეორედაც გამოიჩინა, მის გარდა კი ალექსია პუტელიასმაც გაიტანა.
შეხვედრის დაწყებამდე კატალონიელმა ფეხბურთელებმა პრიმერა დივიზიონის წინა სეზონის ტიტული წარადგინეს, რომლის შენარჩუნებაც, დიდი ალბათობით, არ გაუჭირდებათ.
“ბარსა ფემენი” მომდევნო მნიშვნელოვან მატჩს ისევ “ლოგრონიოს” წინააღმდეგ ჩაატარებს, ამჯერად ესპანეთის თასის ფინალში.

საღოლ გოგოებს, ძაან ხოდზე არიან და სულ კარგი ამბები მოდის მათგან.