“ბარსელონა” უთუოდ გვხვდება იმ კლუბთა სიაში, რომლებსაც შეუძლიათ იამაყონ თავიანთი მრავალფეროვანი, წარმატებული წარსულით. დღეს მოკლედ მიმოვიხილავთ 8 მაისს განვითარებულ ისტორიულ მოვლენებს.
ზუსტად 12 წლის წინ, კლუბის დირექტორთა საბჭოს სხდომის შემდეგ, ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფრანკ რაიკაარდი ივლისის ბოლოს მთავარი მწვრთნელის პოსტს დატოვებდა, ხოლო მის ნაცვლად, გუნდის სათავეში ჟოზეპ გვარდიოლა მოვიდოდა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დღევანდელი დღე “ბარსელონური ოქროს ხანის” ერთ-ერთი წინაპირობა გახლავთ.
ალბათ უკვე გაიგეთ, რომ დღეს “ბარსელონას” ყოფილ მწვრთნელს, ლუის ენრიკეს, 50 წელი შეუსრულდა. ის ფეხბურთელობის ჟამს, 5 წლით მადრიდის “რეალში” ასპარეზობდა შემდეგ კი “ლურჯ-ბროწეულისფერ” ბანაკს შეუერთდა. მის სახელზეა კატალონიური კლუბის ისტორიაში რიგით მე-2 ტრიპლეტი.