workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემი ცხოვრება ბარსელონაა

ჩემი ცხოვრება ბარსელონაა

თავი XIII. ყველაზე გრძელი ღამე (გაგრძელება)
ალბათ, წარმოგიდგენიათ რა ხდებოდა ჩვენს გასახდელში. სიხარულისგან ყველანი ჭკუიდან გადავედით. როგორც კი “ბერნაბეუდან” გამოვედით, მესიჯი მომივიდა, ტელეფონს დავხედე, ვხედავ კასილიასი აწერია. “ამ გოლს არასდროს გაპატიებ, გაიძვერავ”. იკერი ფანტასტიური ადამიანია, ყოველთვის მზადაა ოხუნჯობაში აგყვეს, მაგრამ იმ მომენტში ნათლად ჩანდა, რომ შეტყობინება მრისხანებისა და აღფრთოვანების გრძნობით თანაბრად იყო გაჯერებული.

საპასუხო მესიჯი არ გამიგზავნია, რადგან არ მინდოდა მაზოლზე ფეხი დამეჭირა. თუმცა, ასეთ მომენტებში ბევრი ისეთი რამ მახსენდება, რის გამოც კასილიასს ვერ ვიტან, ამ სიტყვის კარგი გაგებით – მას თავისი სუპერ-სეივებით ასჯერ და ათასჯერ გადაურჩენია “რეალი”.

მადრიდული კლუბის ფეხბურთელთაგან, ორის მიმართ მაქვს მეგობრული გრძნობა, კასილიასსა და რაულზე ვსაუბრობ. როგორც ადამიანები ორივე მიყვარს, მაგრამ ამავდროულად ორივე მძულს, რადგან კულე ვარ. ჩემი მეგობრები არიან, მაგრამ გინდა-არგინდა, მაინც მაცოფებენ ხოლმე. ბლანკოსი მათი წყალობით არაერთხელ გადაგვირჩა. არავისთვისაა საიდუმლო, რომ თხემით ტერფამდე მადრიდისტები არიან და საკუთარი კლუბის საკეთილდღეოდ ძალ-ღონეს არ დაიშურებენ. ეს ყველაფერი კარგად მესმის, მაგრამ ზიზღის მცირე გრძნობას მაინც განვიცდი მათ მიმართ.

ერთმანეთს ხშირად ვეღადავებით, მაგრამ ეს ხუმრობები სატურნირო მდგომარეობასა და გუნდის შიდასამზარეულოს არ ეხება. მხოლოდ იმ თემებს ვიხილავთ, რომლებიც პირადად ჩვენ გვეხება. დაუწერელი კანონი არსებობს, რომელიც შემდეგი ტიპის მესიჯებს გვიკრძალავს: “უკვე შვიდი ქულით გისწრებთ” ან “ოქროს მედლები უკვე ჩვენია”. კლუბის საქმეებს პატივი უნდა ვცეთ და რამეზე აქცენტს თუ აკეთებ, მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალურ მომენტებს უნდა ეხებოდეს.

ერთ ეპიზოდს გავიხსენებ, კასილიასმა ბურთი კუთხურზე მოიგერია და თან წაიმღერა. სტანდარტულ მდგომარეობას არაფერი მოჰყოლია და საბოლოო ჯამში მადრიდელებმა გაიმარჯვეს. მატჩის შემდეგ შეტყობინება გავუგზავნე: “გიტარა სად დაკარგე ბიჭო?”. აი, ასეთი ხუმრობები გვაქვს, რომელიც ერთგავრ შეჯიბრს ჰგავს და ხშირად ვიხსენებთ ხოლმე.

ზემოხსენებულმა საღამომ არამარტო კასილიასი, არამედ ჩემი კიდევ ორი მეგობარი, ხუარესი და გერმანი დაამწუხრა, რომლებიც მატჩს “ბერნაბეუს” ტრიბუნებიდან ადევნებდნენ თვალს. მათ ორი ბილეთი ვუშოვე, რადგან “რეალის” თავგადაკლული ფანები იყვნენ. ერთად ვიმგზავრეთ და ალბათ, წარმოიდგინეთ უკანა გზაზე რა დღეში იქნებოდნენ – ბიჭები ვყვიროდით, ვმღეროდით, ვცეკვავდით, ისინი კი მუდოებივით იჯდნენ. თუმცა, ბოლოს იძულებულნი გახდნენ “ბარსელონას” ჰიმნი ემღერათ, ეს ვიდეო ბლაუგრანას საიდუმლო მასალების არქივში ინახება. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვეკაიფებოდით მთელი გზა.

უფრო მეტად რომ არ დამემწუხრებინა ბიჭები, მოვილაპარაკეთ რომ მადრიდში დავრჩებოდი, რადგან მომდევნო დღეს მაინც სანაკრებო შეკრებაზე უნდა გამოვცხადებულიყავი “ლას როსასში”, მაგრამ ღამის დედაქალაქში გათევის არანაირი სურვილი არ მქონდა და გუნდთან ერთად ბარსელონაში გამგზავრება გადავწყვიტე, ხოლო უკან დილის პირველი რეისით დავბრუნდებოდი. როდესაც “ბარახასის” აეროპორტში ხუარესმა და გერმანმა დამინახეს, არ იცოდნე სად წასულიყვნენ. საყვედურებით შემხვდნენ, აქ რას აკეთებ, ის არ გეყოფა დღეს რომ ჩაძირე ჩვენი საყვარელი გუნდი, ეხლა გინდა თან მასხრად აგვიგდოო.

ბარსელონაში ჩასულს აეროპორტში მეგობრები დამხვდნენ, რათა ზეიმი გაგვეგრძელებინა. ელსაც იქ იყო, რომელთანაც რომანი ახალი გაბმული მქონდა. ამის შესახებ არავინ იცოდა, თუმცა რაღაცას ხვდებოდნენ. სინამდვილეში იმ ღამეს ბარსელონაში დაბრუნების მთავარი მიზეზი სწორედ ელსა იყო. გამარჯვების აღნიშვნა ხუსტრისთან გავაგრძელეთ, სადაც ყველა ჩემს მეგობარს მოეყარა თავი, ორივე “მადრიდისტიც” იქ ბრძანდებოდა. იმ ღამეს დაძინება ვერ მოვახერხე, ხოლო დილის შვიდ საათზე უკვე “პრატის” აეროპორტში ვიყავი, რათა მადრიდში გავფრენილიყავი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში