”ბარსელონამ” ოთხჯერ უფრო მეტი დარტყმა განახორიციელა მეტოქის კარის მიმართულებით, ვიდრე ”რეალმა”. საბოლოოდ კატალონიელები ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდნენ.
– ”ბარსამ” მეტოქის კარის მიმართულებით 12-ჯერ დაარტყა, ”რეალმა” კი მხოლოდ სამჯერ. კარში წასული ბურთების შეფარდება კი 8-1-ს შეადგენს. მადრიდელებმა მხოლოდ ერთხელ დაარტყეს კარის მიმართულებით და გოლი გაიტანეს.
– მხოლოდ მესიმ ორჯერ უფრო მეტი დარტყმა განახორციელა მეტოქის კარის მიმართულებით (6), ვიდრე მთლიანად ”რეალმა”.
– ”ბარსამ” ზუსტად ორჯერ მეტი გადაცემა განახორციელა. კატალონიელებმა 734 პასი გააკეთეს, მადრიდელებმა კი 367. ზუსტ გადაცემებში ბალანსი კიდევ უფრო შთამბეჭდავია: 645-276.
– თამაშის წესების დარღვევაშიც ძალიან დიდი სხვაობა დაფიქსირდა. მადრიდელები 30-ჯერ დაჯარიმდნენ, კატალონიელები კი 10-ჯერ.
– ”ბარსას” მხრიდან ყველაზე მეტი ჩაჭრა პუიოლმა (11) და ალვეშმა (10) განახორციელეს. მადრიდელების მხრიდან თავი არბელოამ გამოიჩინა (12).
– 0-2 პირველ მატჩში და 1-1 საპასუხო შეხვედრაში 2001/02 სეზონების ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალის ანალოგიური მაჩვენებელია. განსხვავება ისაა, რომ ამ შემთხვევაში კლუბებმა როლები გაცვალეს.
– აბიდალი გუნდს ზუსტად ერთი თვისა და 21 დღის შემდეგ დაუბრუნდა. მან ბოლოს ”სანჩეს პისხუანზე” ითამაშა. შეხვედრა მაშინაც ფრედ, 1-1 დასრულდა.
– პედრომ 11 მატჩიანი უგოლო სერია დაასრულა. აქამდე ბოლო გოლი მან 26 თებერვალს, ”მალიორკას” კარში გაიტანა. შეხვედრა ”ბარსელონას” სასარგებლოდ, 3-0 დასრულდა.
– კეიტას ყველაზე დიდი უწყვეტი სერია აქვს ჩატარებული მატჩების მიხედვით. ”მალაგასთან” გამართული მატჩიდან მოყოლებული (16 იანვარი), მალელი ფეხბურთელი მუდმივად შემოდის მოედანზე. მან 25 შეხვედრა ჩაატარა. 10 მათგანი მან საწყის 11-ეულში დაიწყო, ხოლო 15 მატჩში შეცვლაზე შემოვიდა.
– ”ბარსელონას” არცერთი ფეხბურთელი არ გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგის ფინალს, რომელიც 28 მაისს გაიმართება.
