ხვალ, თბილისის დროით 22:45 საათზე ”კამპ ნოუზე” გაიმართება ”უეფას” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარ-ფინალური შეხვედრა კატალონიის ”ბარსელონასა” და მადრიდის ”რეალს” შორის. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა გუნდებს შორის ”სანტიაგო ბერნაბეუზე” შედგა და კატალონიელთა გამარჯვებით, ანგარიშით 0:2 დასრულდა. ორივე გოლი არგენტინელმა ლეო მესიმ გაიტანა. აღნიშნულ მატჩში მოედნიდან იქნა გაძევებული ”რეალის” მცველი, კლეპერ პეპე და მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო.
კონფერეციაზე, რომელიც 17:30 საათზე გაიმართება, მადრიდელთა მხრიდან პრესას მოურინიოს ასისტენტი, კარანკა და თავდამსხმელი, კარიმ ბენზემა შეხვდებიან.
მოურინიოს გადაწყვეტილებით მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელები ”კამპ ნოუზე” არ ივარჯიშებენ. ისინი მატჩისთვის საბოლოო მზადებას ”ვალდებებას” ბაზაზე გამართავენ და სამი საათის შემდეგ ბარსელონაში გაემართებიან, სადაც მატჩის დაწყებამდე სასტუმრო ”ხუან კარლოს I”-ში განთავსდებიან.
”ბარსელონასა” და ”რეალის” შეხვედრას 22:45 საათზე პირდაპირ ეთერში საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი წარმოგიდგენთ.



